Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის 760 რეკომენდაციიდან საპარლამენტო უმრავლესობა 223-ს გაითვალისწინებს


კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო კენჭისყრა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტისა, რომელიც სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშს უკავშირდება. სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშს, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ასახავს, 18 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თითქმის 6 საათის განმავლობაში განიხილებოდა. 850-გვერდიან ანგარიშში, რომელიც სხდომაზე თავად სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა წარადგინა, ლაპარაკია მწვავე პრობლემებზე, რომლებიც სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან გამოვლენილ დარღვევებს, შრომითი უფლებების დაუცველობას, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების უკანონო გავრცელებას, მედიის დამოუკიდებლობის ხელყოფასა თუ ქალებისა და ბავშვების უფლებების დარღვევებს უკავშირდება. უჩა ნანუაშვილის მიერ ანგარიშის წარდგენას უკმაყოფილო შეკითხვები და კომენტარები მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ომბუდსმენს მიკერძოებაში ადანაშაულებდნენ და მისგან მოითხოვდნენ დადებითი მოვლენების წინა პლანზე წამოწევას.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2016 წელს ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ კვლავაც „მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრობლემა“. გასულ წელთან შედარებით, „გაზრდილია დროებითი მოთავსების იზოლატორში „დაზიანებით შესახლებულ პირთა“ რაოდენობა და, შესაბამისად, გაზრდილია პოლიციის მიმართ პრეტენზიების რაოდენობაც.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, 2015 წელთან შედარებით, ასევე გაზრდილია დაკავებისას ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების შემთხვევათა რაოდენობა. წლიდან წლამდე სურათი უცვლელია:

ციფრები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ, რომ არის ნამდვილად საგანგაშო. როდესაც 250-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა სამუშაოს შესრულების დროს ხუთი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო. დასახიჩრებულია 600-ზე მეტი ადამიანი. გასულ წელს 58 ადამიანი დაიღუპა და 85 ადამიანი დასახიჩრდა. ეს, ვფიქრობ, არის სწორედაც რომ პრობლემა და სახელმწიფო არის ვალდებული, დაიცვას ამ ადამიანების სიცოცხლე...
უჩა ნანუაშვილი

„2015 წელს დაფიქსირებული უარყოფითი ტენდენციები, სამწუხაროდ, კვლავაც შენარჩუნებულია 2016 წელსაც. ამაზე მეტყველებს სწორედ ის ძალის გადამეტების ფაქტები, დაკავების დროს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და პროცედურული უფლებებით არაჯეროვნად სარგებლობა, ისევე როგორც სხეულის დაზიანებების არასრულყოფილი დოკუმენტირება, რომელიც კვლავაც პრობლემად და გამოწვევად რჩება პოლიციის სისტემისთვის“.

მართალია, საანგარიშო პერიოდს არ ეხება, მაგრამ 18 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე. ომბუდსმენი „დაგვიანებულად აფასებს სამართალდამცავთა რეაგირებას“ და ზედმეტად მიიჩნევს რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას, მაშინ როცა - წყლის ჭავლიც საკმარისი იქნებოდა. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელშიც მას კატეგორიულად არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობა. უკვე დიდი ხანია უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ ჯობდა პოლიციას ნაჩქარევი რეაქციები არ გამოევლინა და მძიმე შედეგები აეშორებინა თავიდან.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, სხვა არაერთ საკითხთან ერთად, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის უკმაყოფილო რეაქციებს იწვევს, შრომის უფლებების დაცვას უკავშირდება. მაგალითად, დეპუტატმა ისკო დასენმა უჩა ნანუაშვილს მოსთხოვა პასუხი მეშახტეთა დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე:

„არ შემიძლია არ გავამახვილო ყურადღება და ავუარო გვერდი თქვენს განცხადებას ტყიბულში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. თქვენ მაშინ (სახელმწიფო) დაადანაშაულეთ განზრახ მკვლელობაში. როგორც ომბუდსმენს, თქვენ ამის უფლება არ გქონდათ და არც ამის საფუძველი გქონდათ“.

უმრავლესობის დეპუტატის საპასუხოდ უჩა ნანუაშვილმა განმარტა, რომ მას, როგორც ომბუდსმენს, სოციალურ ქსელებში ემოციური განცხადებები არ ეკრძალება, მით უმეტეს, როცა შრომის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მდგომარეობა უკიდურესად მწვავეა:

„ციფრები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ, რომ არის ნამდვილად საგანგაშო. როდესაც 250-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა სამუშაოს შესრულების დროს ხუთი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო. დასახიჩრებულია 600-ზე მეტი ადამიანი. გასულ წელს 58 ადამიანი დაიღუპა და 85 ადამიანი დასახიჩრდა. ეს, ვფიქრობ, არის სწორედაც რომ პრობლემა და სახელმწიფო არის ვალდებული, დაიცვას ამ ადამიანების სიცოცხლე. სიცოცხლის უფლება არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი... რომ შექმნილიყო ერთი წლის წინ ქმედითი (შრომის) ინსპექცია, ის 58 ადამიანი დღეს, შესაძლებელია, რომ ცოცხალი ყოფილიყო“.

ომბუდსმენს საპარლამენტო უმრავლესობა მართლმადიდებელი ეკლესიისა და ტრადიციული რელიგიებისთვის ფულის გადახდის თემაზეც დაუპირისპირდა. დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა უჩა ნანუაშვილს შეგნებული სიცრუის გავრცელებაში დასდო ბრალი იმის გამო, რომ ომბუდსმენი ტრადიციული რელიგიების დაფინანსებას აღიქვამს პირდაპირ დაფინანსებად და არა კომპენსაციად, ვიდრე არ არის დაზუსტებული საბჭოთა წლებში მიყენებული ზარალის მასშტაბი. კითხვა-პასუხის შემდეგ, ენძელა მაჭავარიანმა კონკრეტული დასკვნა გამოიტანა:

„ამ დაფინანსებას, რომელსაც იღებენ ტრადიციული კომფესიები და მართლმადიდებლური ეკლესია, ჰქვია ნამდვილად კომპენსაცია. ეს კანონშია ჩაწერილი და მიღებულია, როგორც კომპენსაცია. დანარჩენი, რაც თქვენ ახსენით, არის ბელეტრისტიკა. თუკი წეღან ეჭვი მეპარებოდა, ეს შეგნებულად იყო თუ არა გაკეთებული, ახლა დავრწმუნდი, რომ კი, ნამდვილად ასე არის“.

სახალხო დამცველთან პოლემიკა „რუსთავი 2“-ის საკითხსაც შეეხებოდა. უმრავლესობის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, რაში დაინახა უჩა ნანუაშვილმა დამოუკიდებელი მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საფრთხე, რომელიც მის ანგარიშშიც მოხვდა. ომბუდსმენმა რამდენჯერმე განმარტა, რომ საქმის გარშემო ბევრი შეკითხვა გაჩნდა და ჩარევის ერთი მაგალითიც მოიყვანა:

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

„ჩარევის შემთხვევა იყო თუნდაც ის გადაწყვეტილება მოსამართლის მხრიდან, როდესაც დროებითი ადმინისტრაცია შეიქმნა „რუსთავი 2“-ში და, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება, რაზეც არაერთხელ იყო ჩვენი განცხადებაც, სწორედაც რომ იყო ჩარევის ნიშნები, მათ შორის - სარედაქციო დამოუკიდებლობაში“.

სახალხო დამცველის თქმით, გასულ წელს წითელ ხაზად გასდევდა პირადი ცხოვრების ხელყოფის ან ხელყოფის მუქარის ფაქტები, რადგანაც საჯარო პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები რამდენიმე თვის განმავლობაში პერმანენტულად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებსა თუ ინტერნეტსაიტებზე. ამასთან, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ლაპარაკობდნენ მათ მიმართ მუქარაზე, რომ - გამოქვეყნდებოდა მსგავსი კადრები მათ შესახებაც. ომბუდსმენი სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მთავარ პროკურატურას დამნაშავეები არ გამოუვლენია და, შესაბამისად, არავინ დასჯილა.

სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში ამ და სხვა არაერთი პრობლემური საკითხის ასახვამ მეტ-ნაკლები კმაყოფილება გამოიწვია საპარლამენტო ოპოზიციაში, თუმცა მათი მხრიდან იყო გარკვეული შეკითხვებიც და მინიშნებები უფრო მეტი პრობლემის არსებობაზე. ოპოზიციის კრიტიკული შეფასებები და მწვავე რეაქციები გაძლიერდა თანამომხსენებლის, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის გამოსვლასთან მიმართებით. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატები უმრავლესობას შეცდომად უთვლიან იმ ტაქტიკას, რომ აწმყო ყოველთვის წინა ხელისუფლების პერიოდთან მიმართებით ფასდება. სოფიო კილაძემ დეპუტატებს გააცნო საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით. გაირკვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენს ბევრ საკითხში არ ეთანხმება და მის ანგარიშში ასახული 760 რეკომენდაციიდან პარლამენტი მხოლოდ 223 რეკომენდაციის გათვალისწინებას აპირებს.

18 მაისის სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლები ომბუდსმენს აშკარად საყვედურობდნენ თავის ანგარიშში ქვეყნის წინსვლის არასათანადო ასახვის გამო. პასუხად, უჩა ნანუაშვილმა არაერთხელ განმარტა, რომ მის ვრცელ ანგარიშში წინსვლასა და დადებით ტენდენციებზეც არის ლაპარაკი, მაგრამ მისი, როგორც სახალხო დამცველის, ვალდებულებაა საგანგებო ყურადღება სწორედ გამოსასწორებელი ნაკლოვანებებისკენ მიმართოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG