Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები კანონში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ


„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები ექსპერტებსა და ბიზნესწრეებში არაერთგვაროვანი შეფასების საგნად იქცა. გუშინ შესყიდვების სააგენტომ ამ შეფასებებს ოფიციალური წერილითაც უპასუხა.

გადმოწერა

კანონპროექტი გულისხმობს ორ ძირითად ცვლილებას: გაუქმდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურა და დარჩება მხოლოდ ელექტრონული ტენდერი, რომლის ვადები გაიზრდება და დამოკიდებული იქნება შესყიდვის ღირებულებაზე (ფასზე); შეიცვლება დავების საბჭოში გასაჩივრების პროცედურა - დავების განხილვის პროცესში დამკვიდრდება „დაინტერესებული მხარის“ ცნება. ასევე, დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 და არა უმეტეს 500 ლარისა. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით: ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, შესყიდვების შესახებ კანონში შევა თანასწორი მოპყრობისა და პროპორციულობის პრინციპი; შემსყიდველს მოეთხოვება შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და შესრულების სპეციფიკაციების დაკონკრეტება და სატენდერო პირობების შეცვლის შემთხვევაში ხელახლა დაიწყება სატენდერო განცხადების გაცნობის ვადის ათვლა.

ამ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ექსპერტების ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია გასაჩივრების წესის ცვლილებას ეხებოდა, რადგან ის სათანადო დასაბუთების გარეშე აუარესებს საქართველოს შესყიდვების სისტემაში მოქმედ მაღალ სტანდარტს: გასაჩივრების უფლებას მხოლოდ „დაინტერესებულ პირს“ აძლევს და, ამასთან, დავაში მონაწილეობისთვის ფასს აწესებს.

ექსპერტების შეფასებით, სამწუხაროდ, კანონპროექტს არ მოჰყავს მონაცემები იმის საჩვენებლად, თუ როგორ და რამდენად ფერხდება შესყიდვების პროცედურები გასაჩივრების არსებული პროცედურის გამო. ასევე არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის დავების რაოდენობის ზრდა გაუმართლებელი, უარყოფითი მოვლენა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ დავის განმხილველ ორგანოს არ აქვს უფლება არ მიიღოს საჩივარი, თუმცა მას შეუძლია განხილვამდე შეამოწმოს იგი და მიანიჭოს დასაშვების ან დაუშვებლის სტატუსი. მაგალითისთვის: 2015 წელს დაუშვებლად იქნა მიჩნეული 188 საჩივარი (საჩივრების 18 %) და ამ საჩივრების გამო შესყიდვის პროცედურა არ გაჩერებულა.

ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე დავების განხილვის საბჭოში არადაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი იქნა 283 საჩივარი (საჩივრების რაოდენობის 21 %), მხოლოდ ამ სტატისტიკის საფუძველზე კი საკმაოდ ძნელია იმის მტკიცება, რომ საჩივრები დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან არადაინტერესებულმა პირმაც შეიძლება აღმოაჩინოს სრულიად ლეგიტიმური ხარვეზი შემსყიდველის გადაწყვეტილებაში.

შესაბამისად, ექსპერტები ხედავენ საფრთხეს, რომ ასეთი შეზღუდვებით შესყიდვების პროცესი, შესაძლოა, უფრო გაუმჭვირვალე და უსამართლო გახდეს.

ამ კომენტარებს შესყიდვების სააგენტომ საერთაშორისო პრაქტიკის მოშველიებით უპასუხა - კერძოდ, განაცხადა, რომ „დაინტერესებული პირის“ ცნებას ვხვდებით, მაგალითად, ავსტრიაში, დანიაში, ესტონეთში, ბულგარეთში, ხორვატიაში, კვიპროსში, უნგრეთში, მალტაში, პოლონეთსა და სხვაგან. დაიმოწმა ასევე სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, არადაინტერესებულ პირთა საჩივრების მხოლოდ 0,2 % კმაყოფილდება, რაც მათ არაკვალიფიციურობაზე მეტყველებს და ა.შ. ამ პოზიციის გასამყარებლად სააგენტოს სხვა არგუმენტებიც მოჰყავს, თუმცა, ცხადია, შესყიდვების პროცესის ცვლილებებთან დაკავშირებით ამით კითხვები საბოლოოდ ვერ აღმოიფხვრება.

ცხადია, მოკლე დროში ყველა არგუმენტის განხილვა საკმაოდ ძნელია. თემა, რომელიც სახელმწიფო სახსრების ხარჯვას ეხება, შესაძლოა, საკმაოდ სპეციფიკურია საზოგადოებისთვის, თუმცა მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორედ საზოგადოების ფინანსების ხარჯვა. ამიტომ ამ თემაზე კითხვები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში კიდევ არაერთხელ დაისმება და მასზე კონკრეტული პასუხების პოვნის გარეშე პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება, შესაძლოა, მართლაც საფრთხის შემცველი იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG