Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ქუთაისიდან დაიწყო


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო განხილვა ქუთაისში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, დღის პირველ საათზე დაიწყო და სამი საათი გაგრძელდა, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე უძღვებოდა. ქუთაისში გამართულ საყოველთაო განხილვაში მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ საქართველოში მომუშავე პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

გადმოწერა

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებს „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ლიდერთა საბჭოში შემავალი ოპოზიციური პარტიები გაემიჯნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონპროექტი ხუთ ცვლილებას მოიცავს და ცვლილებები შეეხება საარჩევნო ბლოკების, ერთჯერადად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას, საკონსტიტუციო სასამართლოსა და რწმენის თავისუფლების საკითხს. ირაკლი კობახიძისავე განცხადებით, ცვლილებების მიზანია მმართველობის სისტემის დახვეწა და ძლიერი პარლამენტის, ქმედითი მთავრობის, დამოუკიდებელი სასამართლოსა და პარტიული კუთხით ნეიტრალური პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩამოყალიბება:

კარგია ის, რომ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ხდება ამ ცვლილებების განხილვა და მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მიღებულია კონსტიტუცია, საკანონმდებლო ცხოვრება ცოცხალი პროცესია...
სულხან კუპრაშვილი

„ნებისმიერი კონსტიტუციის მთავარი ამოცანაა ავტოკრატიის და ავტორიტარიზმიის გამორიცხვა. ამ მიზანზე უნდა იყოს აგებული ნებისმიერი კონსტიტუცია. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან და შემდეგი ათწლეულიდან, თუ სადამდე მიგვიყვანა არასწორმა, გაუმართავმა კონსტიტუციებმა. ეს იყო ნახევრად ავტორიტარული თუ ავტორიტარული რეჟიმები. დღეს ჩვენ მუხლობრივი განხილვის საფუძველზე კიდევ ერთხელ მოგვეცა იმის ჩვენების საშუალება, რომ თითოეული მუხლი არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებებზე ორიენტირებული“.

​საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღებია შეხვედრის მონაწილისთვის, წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორის, სულხან კუპრაშვილისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები საჭიროების მიხედვით ხორციელდება:

„კარგია ის, რომ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ხდება ამ ცვლილებების განხილვა და მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მიღებულია კონსტიტუცია, საკანონმდებლო ცხოვრება ცოცხალი პროცესია და საზოგადოებასთან განხილვის შედეგად იქნება, ალბათ, დადგენილი ეს ცვლილებები“.

ყოველი საკითხი, რომელიც განიხილება, მტკივნეულია ერთგვარად, საზოგადოების ნაწილი ამას აღიქვამს ადეკვატურად, ნაწილი – არა. შესაბამისად, ბრალდებები ისმოდა და კონსტრუქციული დახვეწა, მე მგონი, არ მომხდარა...
ცისკარა ფაჩულია

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, წერეთლის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ცისკარა ფაჩულია საკონსტიტუციო განხილვაში პროფესორ-მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვა წევრების მონაწილეობას დადებითად აფასებს, თუმცა დასძენს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების ხშირად შეტანა ქვეყნისთვის სასარგებლო არ არის:

„რადგან თუ ჩვენ ჩამოვყალიბდებით გარკვეულ პრიორიტეტებზე, რომლებიც აუცილებელია და უნდა განხორციელდეს ცვლილებების სახით და განხორციელდა კიდეც, მაგრამ ყოველი საკითხი, რომელიც განიხილება, მტკივნეულია ერთგვარად, საზოგადოების ნაწილი ამას აღიქვამს ადეკვატურად, ნაწილი – არა. შესაბამისად, ბრალდებები ისმოდა და კონსტრუქციული დახვეწა, მე მგონი, არ მომხდარა“.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილე სტუდენტი კონსტანტინე ჯგერენაია მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა მოქალაქეთა ჩართულობით მისაღებია:

„როდესაც სტუდენტები არიან მსგავს საკითხებში ჩართულნი, ეს შეიძლება აღიქმებოდეს როგორც მომავალი პერსპექტივის სწორად დაგეგმვა“.

საკონსტიტუციო კანონის პროექტის განხილვა ქუთაისში პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და კითხვები ძირითადად მოქმედი კონსტიტუციის რედაქციას შეეხებოდა. ქუთაისის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მომავალ კვირაში თბილისში იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG