Accessibility links

საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტის ვეტო კონსტიტუციის ცვლილებებზე


საპარლამენტო უმრავლესობამ კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 117 ხმით დაძლია და, შესაბამისად, არ გაიზიარა მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც 6 პუნქტად იყო გაწერილი. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, თავის მხრივ, ასახავდა როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის კრიტიკულ მოსაზრებებს, თუმცა მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებული „თანხმობის ვეტო“ საპარლამენტო უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ოპოზიციამ საბოლოოდ ერთპარტიულ დოკუმენტად აღიარა. ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ნაწილმა კი მხარი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დაუჭირა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარუდგინა. სწორედ მან უწოდა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე დადებულ ვეტოს არა გაყოფის, არამედ თანხმობის ვეტო. ეს ვეტო, მისი განმარტებით, უპრეცედენტოა იმითაც, რომ საქართველოს ისტორიაში კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებული პრეზიდენტის პირველი მოტივირებული შენიშვნებია. მოტივირებულმა შენიშვნებმა კი 6 ისეთი პუნქტი მოიცვა, როგორებიცაა ეგრეთ წოდებული ბონუსების სისტემის გაუქმება და გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად გაყოფა; 2020 წლისთვის პარტიებისთვის საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად შექმნის უფლების მინიჭება, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნება მანამ, სანამ ორპალატიანი პარლამენტი შეიქმნება; ვეტოს ფარგლებში კორექტირებულია ასევე რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მომწესრიგებელი კონსტიტუციური ნორმა; შემდეგი შენიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებას შეეხება, ჩამონათვალის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი არის საპარლამენტო არჩევნების შერეული საარჩევნო სისტემის გაუქმება არა 2024, არამედ 2020 წლიდან.

“თუ დღეს საქართველოს პარლამენტი გამოიყენებს ამ ისტორიულ შანსს, მაშინ გვექნება დოკუმენტი, რომელიც იქნება უარესზე უკეთესი. რაღაც საკითხებში ის იქნება უკეთესი, მაგრამ რაღაც საკითხებში, რომლებიც არანაკლებად მნიშვნელოვანია, ის არ იქნება უკეთესი, ის არ იქნება შესაბამისი ჩვენი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ფასეულობების. მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველას გვინდა ვიცხოვროთ ერთობაში, რომელიც იარსებებს თანხმობის ქვეშ, ჩვენ ამ პრინციპულ საკითხებს გვერდზე ვდებთ და გთავაზობთ მხოლოდ და მხოლოდ იმ 6 საკითხს, რომელიც აუცილებლად მიგვაჩნია იმისათვის, რომ გადარჩეს ამ დოკუმენტის ხასიათი და ერთპარტიული დოკუმენტიდან ის მრავალპარტიულ დოკუმენტად იქცეს“.

მოტივირებული შენიშვნების გაზიარება, ანა დოლიძის შეფასებით, მეორე მხრივ, არის შესაძლებლობა „ქართული ოცნებისთვის“, რომ განახორციელოს საკუთარი ოცნება და საქართველო დემოკრატიული განვითარების პრინციპულად ახალ ეტაპზე გადაიყვანოს.

თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ეგრეთ წოდებული შეთანხმებისა და კონსენსუსის სულისკვეთებით შექმნილი შენიშვნები საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე კი მიიჩნევს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მონაპოვარია პლურალისტური დემოკრატიული გარემო, სადაც არა მარტო ოპოზიციას, საქართველოს პრეზიდენტსაც კი განსხვავებული აზრი აქვს:

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

“საბოლოო ჯამში, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, იმ პროცესის შედეგად, რომელსაც მან ეფექტურად უხელმძღვანელა, ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია, სადაც რეალურად განმტკიცებულია ინფორმაციის თავისუფლება, განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიები, განმტკიცებულია მეწარმეობა და მეწარმეთა უფლებები, თვითმმართველობას აქვს მეტი გარანტიები ფუნქციონირებისთვის. მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი კონსტიტუციაში და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები“.

თქვენი ამომრჩეველი ტაშს გიკრავდათ, რომ უნდა გადასულიყავით პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ თქვენ ის მოატყუეთ. და, პირველ რიგში, რატომ მოატყუეთ, რატომ აღარ გაინტერესებთ...
სერგო რატიანი

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ მიიღო კონსტიტუცია, რომელშიც ადამიანისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ღირებულება კიდევ უფრო მეტადაა დაცული. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი დააზუსტა, რომ კონსტიტუციაში არ არის მუხლი, რომელიც, ოპოზიციის მტკიცების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ პოზიციების გაძლიერებას ემსახურებოდეს:

„30-ზე მეტი ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში გასული წლების განმავლობაში. ყველა მათგანი, თითოეული მათგანი ემსახურებოდა მაშინდელი მმართველი პარტიის სუბიექტური პოზიციების გამყარებას. ჩვენ ამ ცვლილებებით ვნერგავთ სრულიად ახალ საკონსტიტუციო ტრადიციას და სრულიად ახალ საკონსტიტუციო კულტურას, რაც გულისხმობს იმას, რომ ცვლილებები შედის არა მმართველი პარტიის სუბიექტური პოზიციების გასამყარებლად, არამედ, პირიქით, პირველად ხდება საქართველოში ის, რომ შედის ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლითაც მმართველი ძალა იუარესებს თავის სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს“.

ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ აი, ასეთი ძალადობრივი გზით საქართველოს კონსტიტუციის მიღებას და ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას...
რომან გოცირიძე

„ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები კი ერთი სიტყვით “იმედგაცრუებად“ შეაფასა „ევროპულმა საქართველომ“. დეპუტატი სერგო რატიანი, კერძოდ, მმართველ პარტიას კონსტიტუციის ერთპარტიულად მიღებასთან ერთად სწორედ ძალაუფლების კონცენტრაციის მცდელობაში ადანაშაულებს და საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას კრიზისების შემქმნელ კონსტიტუციად მიიჩნევს:

“თქვენი ამომრჩეველი ტაშს გიკრავდათ, რომ უნდა გადასულიყავით პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ თქვენ ის მოატყუეთ. და, პირველ რიგში, რატომ მოატყუეთ, რატომ აღარ გაინტერესებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება იმედგაცრუებულია, რატომ არ გაინტერესებთ ის, რომ ქართული საზოგადოება არის იმედგაცრუებული და რატომ არ გაინტერესებთ, რომ თქვენი ამომრჩეველიც იმედგაცრუებულია? იმიტომ რომ თქვენ გაცვალეთ თქვენი იმიჯი, თქვენი პოპულარობა გაცვალეთ ძალაუფლებაში“.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით უკმაყოფილება, საპარლამენტო გამოსვლების გარდა, გამოხატეს სხდომათა დარბაზში გამოფენილი ბანერით: “ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია“. პროტესტის გამოხატვის თავისი ფორმა აირჩია „ნაციონალურმა მოძრაობამაც“.

“მიიღეთ ეს კონსტიტუცია, თქვენ ამას დაამტკიცებთ, ხელს აწევთ. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ აი, ასეთი ძალადობრივი გზით საქართველოს კონსტიტუციის მიღებას და ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. დაგტოვებთ იმ ერთთან ერთად, რომლის ხუთის ჯამი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ერთი“, თქვა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტი 26 სექტემბერს დაამტკიცა და პრაქტიკულად მარტომ დაუჭირა მხარი რედაქციას, რომელშიც მრავლად დარჩა პრეზიდენტისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიუღებელი საკითხები. კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე ვეტოს მოლოდინში კი შეიქმნა უპრეცედენტო ვითარება, როდესაც მმართველმა ძალამ თავად შესთავაზა პრეზიდენტს ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებში მხოლოდ ორი საკითხი - ბონუსების სისტემის გაუქმება და ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების შენარჩუნება -შეეტანა, ანუ ცვლილებები მოეთხოვა იმ მიმართულებით, რა მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას თავადაც აპირებდა. საბოლოოდ, პრეზიდენტის ვეტომ მოიცვა როგორც უმრავლესობის, ისე 20 პოლიტიკური პარტიის შენიშვნები, რომლებშიც მისთვის და უმრავლესობის გარეთ მყოფი საზოგადოებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა იყო. პარლამენტის სხდომათა დარბაზში კი, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ამ პრინციპის მომხრე მხოლოდ 8 დეპუტატი აღმოჩნდა. პარლამენტმა 117 ხმით უცვლელად დატოვა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია. პირვანდელი სახით დაამტკიცა მეორე კანონპროექტიც - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG