Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ მონაწილეობდა ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებში?


ბათუმი
ბათუმი

აჭარის უმაღლესი საბჭოს კომისიამ, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს, რეგიონის მთავარი დოკუმენტის საჯარო განხილვა დაასრულა. აჭარის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობას, სამოქალაქო სექტორსა და დაინტერესებულ პირებს გააცნეს. სულ 13 ასეთი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც არ ესწრებოდა ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი. უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი გამოუცხადა ცვლილებების საჯარო განხილვებს, მისი ერთ-ერთი წევრის, გიორგი აბულაძის თქმით, იმის გამო, რომ ამ შეხვედრებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა, უმთავრესად კი იმ მიზეზით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ ფურცელზე აისახა და სულაც არ არის ნაგულისხმევი გარანტირებული უფლებამოსილებების გაზრდა ავტონომიური რესპუბლიკისათვის:

„როდესაც ავტონომია რეალურად არსებობს და მას აქვს ამდენი ინსტიტუცია: საკანონმდებლო ორგანო, მთავრობა, სამინისტროები, საქვეუწყებო დაწესებულებები და ა.შ., თუ ამათ რეალური უფლებამოსილება არ ექნება, რომ მოსახლეობის პრობლემა გადაწყვიტოს, არ ექნება უფლება, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს ადგილზევე, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის სწრაფ განვითარებას, მაშინ ავტონომია მოსახლეობას რაში სჭირდება? რატომ ვხარჯავთ თანხებს?“

რატომ უნდა იყოს საჭირო ხულოში, შუახევსა ან ქედაში მცხოვრები ადამიანისთვის, რომელმაც მოიფიქრა თევზის მეურნეობის გაკეთება, დედაქალაქში ჩასვლა იქ ნებართვის მისაღებად? ეს ხომ არ არის ისეთი უფლებამოსილება, რომელიც რაღაცა დიდი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს აჭარის მთავრობას ან ავტონომიას, რომელმაც შეიძლება რაღაცა საფრთხეები შეუქმნას ქვეყნის სახელმწიფოებრიობას?..
გიორგი აბულაძე

გიორგი აბულაძეს უფლებამოსილების ცენტრალური ხელისუფლებისგან ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის ნაწილობრივ გადმოცემის აუცილებლობის ყველაზე მკაფიო მაგალითად აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო მოჰყავს, რომლის უფლებამოსილების გაზრდას უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე მიზეზით ითხოვს:

„რატომ უნდა იყოს საჭირო ხულოში, შუახევსა ან ქედაში მცხოვრები ადამიანისთვის, რომელმაც მოიფიქრა თევზის მეურნეობის გაკეთება, დედაქალაქში ჩასვლა იქ ნებართვის მისაღებად? ეს ხომ არ არის ისეთი უფლებამოსილება, რომელიც რაღაცა დიდი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს აჭარის მთავრობას ან ავტონომიას, რომელმაც შეიძლება რაღაცა საფრთხეები შეუქმნას ქვეყნის სახელმწიფოებრიობას? გარემოს დაცვის სამმართველო ახორციელებს ორ პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 30 ათასი ლარია, და რელურად ამ ორგანიზაციის შენახვისთვის მილიონ ლარზე მეტს ვხარჯავთ. გაიჩეხა მთელი აჭარა ბიძინა ივანიშვილის ხეების გამო და გარემოს დაცვა წერილზე გვპასუხობს, ეს ჩვენი უფლებამოსილება არ არისო. აჭარის მთავრობა გვწერს, რომ ჩვენი უფლებამოსილებაც არ არისო“.

აჭარის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები არ არის იდეალური, თუმცა მას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მიიჩნევენ მმართველი პარტიის წევრები, მათ შორის კი უმაღლესი საბჭოს როლის გაზრდას ასახელებენ, რაც, მათივე თქმით, აჭარის მთავრობის კონტროლს გააძლიერებს. მაგალითად, კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ანგარიშით უნდა წარდგეს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე; ადგილობრივ დეპუტატებს ექნებათ საშუალება, აგრეთვე, კითხვა დასვან და პასუხი მიიღონ როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან; მათ ექნებათ აგრეთვე დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის შესაძლებლობა კონსტიტუციური ჩანაწერით. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები მიიჩნევენ, რომ უფლებამოსილება, საკანონმდებლო ორგანოს გარდა, აჭარის მთავრობასაც ეზრდება, რომელსაც შეუძლია ადგილობრივ დონეზე გადაწყვიტოს დამატებითი სამინისტროების შექმნის საკითხი. რაც შეეხება ოპოზიციის შენიშვნას უფლებამოსილების გაზრდის შესახებ, უმაღლესის საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია ამბობს, რომ, წინა ხელისუფლების მსგავსად, მათ გაითვალისწინეს ქვეყნის ოკუპირებული რეგიონები და ამიტომ ტერიტორიული მოწყობისა და უფლებამოსილების საკითხთან კითხვის ნიშანი დატოვეს:

„ამ ფონზე კონკრეტული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გართულებულია, ამიტომ ჩვენ წავედით ასეთი გზით: კომპეტენციების ნაწილში ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ დელეგირების მიმართულებით. ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ძალიან პრინციპულად დავაყენებთ საკითხს, რომ რამდენიმე სფეროში გარკვეული კომპეტენციის არსებობა არის აუცილებელი, იმისათვის რომ აქ, ადგილზე, გარკვეული პრობლემები იქნას გადაჭრილი“.

ქვეყანაში არ არსებობს ნება იმისა, რომ ტერიტორიულ ერთეულებს გარკვეული უფლებამოსილებები მიეცეს - ეს შენიშვნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი საჯარო განხილვისას გამოთქვა და აქვე უარყოფითად შეაფასა ეს ცვლილებები იმის გამო, რომ, მსგავსად ქვეყნის საკონსტიტუციო ცვლილებებებისა, რეგიონის შემთხვევაშიც იგი სწრაფად განხორციელდა:

ბათუმი
ბათუმი

„ავტონომიურ რესპუბლიკას ექნება თუ არა ეს უფლებამოსილებები, ეს უკვე გადაწყდა, როდესაც საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად მიიღეს კონსტიტუციური კანონი, მაგრამ ამ კონსტიტუციური კანონის განხილვის პროცესში არავინ ყოფილა ჩართული და ნაჩქარევად მიიღეს. ანუ, საქართველოს პარლამენტმა ისე მიიღო კანონი, რომ, ფაქტიურად, ამ პროცესში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან სერიოზულად ჩართული არავინ ყოფილა და თუ ჩვენ მსოფლიოს პრაქტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ არ შეიძლება ასე სწრაფად განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები - თუნდაც სამ ან ექვს, გნებავთ ერთ წელიწადში შეუძლებელია. ამიტომ, რაზეც არ უნდა ვიკამათოთ ჩვენ, ეს მაინც არის ნაჩქარევი პროცესი და ისე სწრაფად მიდის, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებები ნაჩქარევად განხორციელდა ზუსტად ისე, როგორც აწყობდა ხელისუფლებას. და ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ჩვენ რეალურ ცვლილებებზე ვისაუბროთ. ხოლო რაც შეეხება ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციებს, მე მაქვს განცდა, რომ უკეთესად უნდა ყოფილიყო გათვლა“.

აჭარის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები 20 თებერვლიდან ჯერ კომისიებში განიხილავენ, ხოლო შემდეგ პლენარულ სხდომებზე. ცვლილებების პაკეტი კი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად მიმდინარე წლის 20 აპრილამდე უნდა წარედგინოს.

XS
SM
MD
LG