Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდიდრები ვეღარ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით


32 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელთა შემოსავალიც წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება, ვეღარ ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, თუმცა გარკვეული მიმართულებებით სარგებელი გაეზრდებათ, მაგალითად, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის „მეორე ტალღის“ სტრატეგიით გათვალისწინებული დიფერენცირებული პაკეტები ცვლილებებს სხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვისაც ითვალისწინებს და მათ შორის არიან, მაგალითად, საშუალოშემოსავლიანი თუ ონკოლოგიურ დაავადებათა მქონე ადამიანები. ჯანდაცვის სამინისტროს ახლებურ მიდგომაზე 16 მარტს მინისტრმა დავით სერგეეენკომ ილაპარაკა. დიფერენცირებული მიდგომისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებენ ოპოზიციურ სპექტრში, თუმცა პროცესს საკმაოდ დაგვიანებულად და, ამავე დროს, არასაკმარისად მიიჩნევენ. დისკუსიაში ერთვებიან ექსპერტებიც.

დიფერენცირებული პაკეტების სისტემა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის „მეორე ტალღის“ ფარგლებში, აპრილიდან ამოქმედდება და მაღალშემოსავლიანი ადამიანები საერთოდ ვეღარ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. როგორც 16 მარტს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, მდიდრებს მოუწევთ შეიძინონ კერძო სადაზღვევო პაკეტები, თუმცა ეს არ შეეხებათ მათი ოჯახების წევრებს:

დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

„მიუხედავად იმისა, მდიდარი ოჯახი იქნება თუ ღარიბი ოჯახი იქნება, ოჯახის წევრებს შეუნარჩუნდებათ ყველა ის პრივილეგია, რომელიც მოყვანილია ამ კლასიფიკატორში. მაგალითად, მე მაქვს 40 ათას ლარზე მეტი (წლიური) შემოსავალი, ვალდებული ვხდები, რომ ჩემთვის ვიყიდო კერძო სადაზღვევო პაკეტი, მაგრამ თუ მე მყავს 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვი, მას შეუნარჩუნდება საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის უფლება; თუ მე მყავს პენსიონერი მშობელი, მას ასევე შეუნარჩუნდება საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის უფლება და იგივეა შშმ პირის, სტუდენტის, პედაგოგის შემთხვევაში და ასე შემდეგ“.

მიუხედავად იმისა, მდიდარი ოჯახიდან არის თუ ღარიბიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება სრულად შეუნარჩუნდებათ 5 წლამდე ბავშვებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, შშმ პირებს, პედაგოგებსა და სოციალურად დაუცველებს, სულ 1 700 000-მდე პირს. ამავე დროს, მათ ენიჭებათ პრივილეგია ერთდროულად ისარგებლონ ჯანდაცვის პროგრამითა და კერძო სადაზღვევო პაკეტით (როგორც შემავსებლით). ამ მიზნობრივი ჯგუფიდან პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების საფასურის დიდ ნაწილს სახელმწიფო დაუფარავს და მათ მხოლოდ სიმბოლური თანხის გადახდა მოუწევთ.

ან საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, ან კერძო დაზღვევა - ასეთი არჩევანის გაკეთება მოუწევთ საშუალოშემოსავლიან ადამიანებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს (მათი რიცხვი 300 ათასს შეადგენს). საყოველთაო ჯანდაცვის არჩევის შემთხვევაში, მათთვის გაფართოვდება თანადაფინანსების კომპონენტი.

ცვლილებები შეეხება ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობასაც: მდიდრები არ დაფინანსდებიან, საშუალო შემოსავლის მქონე პირებს დარჩებათ დაფინანსება ქიმიოთერაპიასა და ჰორმონოთერაპიის შემთხვევებში, ხოლო ყველა დანარჩენ კატეგორიას დამატებით ასევე ექნება წვდომა სხივურ თერაპიაზეც.

დიფერენცირებულ მიდგომას სამართლიანად მიიჩნევს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი, თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს არის ის, რისკენაც ოპოზიცია უკვე წლებია უბიძგებს ხელისუფლებას. ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ, თუნდაც დაგვიანებით, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მაინც კარგია და ეს ორი მთავარი აუცილებლობით არის განპირობებული:

„როდესაც პაციენტი მიდის საავადმყოფოში, მას უწევს ფულის დამატება თავისი ჯიბიდან, ხოლო იმის გამო, რომ გაჭირვებულ ადამიანს თავისი ჯიბიდან დასამატებელი ფული არა აქვს და შედარებით შეძლებულს აქვს, საყოველთაო ჯანდაცვის ფულსაც უფრო შეძლებულები მოიხმარდნენ, ვიდრე ღარიბები და ამიტომ ღარიბებისთვის, გაჭირვებული ადამიანებისთვის გაუარესდა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. ეს არის ერთი ფაქტორი და მეორე ფაქტორი არის ის, რომ არსებულ სისტემაში ფული, უბრალოდ, აღარ არის საკმარისი - ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 100 მილიონის დამატება შეუძლებელია“.

თუმცა ზურაბ ჭიაბერაშვილი არასაკმარისად მიიჩნევს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯს და თვლის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულის უფრო ეფექტიანად და უშეცდომოდ ხარჯვისთვის პროცესს სათავეში უნდა ედგეს არა სახელმწიფო, არამედ სადაზღვევო კომპანიები.

თუ ჩვენ გადავხედავთ, როგორ ხდება თანხების განაწილება, დავინახავთ, რომ მენეჯმენტზე მოდის ძირითადი ნაწილი გადარიცხული თანხებისა და რეალურად ძალიან მცირე მიდის ექიმამდე, რომელიც ქმნის ამ პროდუქტს, მაშინ როცა ექიმი უნდა იყოს ყველაზე მეტად მოტივირებული იმისთვის, რომ ხარისხიანად უმკურნალოს პაციენტს...
მარინა ბერაძე

დიფერენცირებული მიდგომა უფრო სამართლიან მიდგომად მიაჩნიათ ჯანდაცვის საკითხების ექსპერტებსაც, თუმცა, როგორც მარინა ბერაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მთავარია, როგორ შესრულდება და რამდენად ეფექტიანი იქნება ეს წამოწყება. ექსპერტის აზრით, კვლავაც დიდ ყურადღებას მოითხოვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადარიცხული ფულის ხარჯვა:

„თუ ჩვენ გადავხედავთ, როგორ ხდება თანხების განაწილება, დავინახავთ, რომ მენეჯმენტზე მოდის ძირითადი ნაწილი გადარიცხული თანხებისა და რეალურად ძალიან მცირე მიდის ექიმამდე, რომელიც ქმნის ამ პროდუქტს, მაშინ როცა ექიმი უნდა იყოს ყველაზე მეტად მოტივირებული იმისთვის, რომ ხარისხიანად უმკურნალოს პაციენტს“.

როგორც მარინა ბერაძე აღნიშნავს, სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის დიფერენცირებული მიდგომა სახარბიელო არ იქნება კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის, რადგან ამ დრომდე კერძო დაზღვევის მქონე მომხმარებლების ჯანდაცვაზე, პირველ რიგში, სახელმწიფოს თანხები იხარჯებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ (შემავსებელი კომპონენტის სახით) იხარჯებოდა კერძო სადაზღვევო კომპანიის ფული. თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, დიფერენცირებული მიდგომა, პირიქით, ფინანსურად მომგებიანი იქნება კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის, რადგანაც სწორედ კერძო პაკეტების შეძენა მოუწევთ იმ პირებს, რომლებიც ან ვეღარ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ანდა არჩევანს კერძო სადაზღვევო პაკეტზე შეაჩერებენ.

დაბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, შემოსავლებისა და სხვა კრიტერიუმების მიუხედავად, კვლავაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ჯანდაცვის სისტემის სხვა პროგრამები, მაგალითად: C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა, ინფექციურ დაავადებათა მკურნალობა თუ მშობიარობის დაფინანსება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG