Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის გამგეობას კონკურსის პირობების შეცვლის გამო საყვედურობენ


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და გამგეობის მიმართ ახალი პრეტენზიები აქვთ. მათი თქმით, კონკურსის პირობები ვაკანტურ თანამდებობებზე შერჩეული პირების სასარგებლოდ შეიცვალა. სამსახურიდან დათხოვნილების განმარტებით, თუ ადრე სამი ეტაპის გავლა მოუხდათ სხვადასხვა თანამდებობაზე დასანიშნად, - დოკუმენტების გადარჩევა, ტესტირება და ზეპირი გასაუბრება, - ეს პირობები შეცვლილია და მათ ადგილას თანამშრომლებს მხოლოდ გასაუბრების გზით იყვანენ.

გამგეობის ყოფილმა თანამშრომელმა, მაია ღურწკაიამ, ჟურნალისტებს ბრიფინგზე უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლოა:

„თუ ჩვენთვის აუცილებელი იყო კონკურსის სამივე ეტაპის გავლა, რატომ ამ ადამიანებს - გამორჩევით? ეს სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა აპირებს შავბნელით მოცული ამბებით დანიშნოს ადამიანები. ადგილი გვაქვს ნეპოტიზმთან, მიკერძოებასთან“.

გამგეობიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა, სოფელ ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა, მიხეილ ქვარაიამ, აღნიშნა, რომ ნოემბერში გასაუბრების ეტაპს არ დასწრებია პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია, თუმცა მათ მიერ სხდომის გამოთხოვილ ოქმებში მისი ხელმოწერა ფიქსირდება:

„მაინტერესებს, პიროვნებამ, რომელიც არ ესწრებოდა ჩვენს გასაუბრებას, როგორ შეგვაფასა?! შვიდი კომისიის წევრიდან ხუთი გვაფასებს, როგორც სუსტი და ორი, როგორც საშუალო. ფაქტიურად, სხდომის ოქმი გაყალბებულია“, - განაცხადა მიხეილ ქვარაიამ.

ბრალდებებს არ იზიარებს და არ ეთანხმება გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია. მისი განმარტებით, აქვთ რეგისტრაციის ფურცელი, სადაც კომისიის წევრები თავმჯდომარესთან ერთად ხელმოწერით ადასტურებენ გასაუბრების ეტაპზე ლავრენტი ალანიას ყოფნას.

„ჩვენ ამ განცხადებებს აღვიქვამთ სასამართლო პროცესზე ზეწოლად. საქმეს სასამართლო იხილავს. სასამართლო იმსჯელებს ყველა სადავო საკითხზე. ის გადაწყვეტს ყველა დეტალს, იყო თუ არა გაყალბება, იყო თუ არა პროცედურული დარღვევევბი“.

რაც შეეხება კონკურსის პირობების შეცვლას, მამუკა წოწერიას განცხადებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში 2016 წლის 1 ივნისამდე აუცილებელი იყო თანამდებობის დასაკავებლად ატესტაციის სამივე ეტაპის გავლა, მაგრამ შემდეგ

„ეს შეზღუდვა“ მოიხსნა. უწყება უკვე თვითონ განსაზღვრავს, როგორ ჩაატარებს კონკურსს. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად მიიჩნიეს მხოლოდ გასაუბრებით შემოფარგვლა.

„აქ არის მეორე ნიუანსიც. ერთი აპლიკანტის ტესტირების მომსახურების საფასური, დაახლოებით, 10-დან 13 ლარამდე ჯდება. ჩვენ ზედმეტ საბიუჯეტო ხარჯებს ავარიდეთ თავი და გავაკეთეთ ეკონომია“.

ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა. შედეგად სამსახურიდან 28 თანამშრომელი გათავისუფლდა. აქედან 11-მა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. გათავისუფლებულთა ნაწილის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ნაწილის კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG