Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფრო მკაცრად დაისჯებით, თუ არ ითანამშრომლებთ სამართალდამცველებთან


სასჯელი მკაცრდება ცრუ ჩვენებისთვის, ჩვენების არმიცემისთვის, დანაშაულის დაფარვისა თუ შეუტყობინებლობისთვის

პრობლემურია საზოგადოების თანამშრომლობა სამართალდამცველებთან

რამდენად ეფექტიანი იქნება სასჯელის გამკაცრება, უნდობლობის პრობლემასთან ერთად

ადამიანები ამჟამინდელზე უფრო მკაცრად დაისჯებიან დანაშაულის დაფარვისთვის, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა ან ცრუ ჩვენების მიცემისთვის. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და მალე პროექტს პარლამენტშიც განიხილავენ. სამართალდამცველებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა საქართველოში დიდი პრობლემაა და ამ პრობლემამ ბოლო ხანებში განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა თავი მოზარდების მკვლელობისა თუ დაჭრის ფაქტებთან მიმართებით. ეფექტიანი იქნება თუ არა კანონის გამკაცრება სამართალდამცველებთან თანამშრომლობისგან თავის შეკავების პრობლემის აღმოფხვრის კუთხით და არსებობს თუ არა უფრო ეფექტიანი გზა?

სასჯელი მკაცრდება ცრუ ჩვენებისთვის, ჩვენების არმიცემისთვის, დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაგალითად, ის, ვინც საგამოძიებო პროცესს ცრუ ჩვენების მიცემით შეუშლის ხელს და ეს ანგარებით ანდა სხვა პირადი მოტივით იქნება ნაკარნახევი, ამჟამინდელზე უფრო მკაცრად დაისჯება. ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სადამსჯელო სანქციის ზედა ზღვარი 2 წლით გაიზრდება და, შესაბამისად, 6 წლით განისაზღვრება. ამ სახის დანაშაული მძიმე კატეგორიის დანაშაულად ჩაითვლება და დამნაშავეს პირობითი მსჯავრი აღარ შეეფარდება.

ცვლილების აუცილებლობა განაპირობა საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობის კუთხით პრაქტიკაში არსებულმა პრობლემებმა და ზემოაღნიშნულ დანაშაულებზე ქმედების ხასიათთან სასჯელების შეუსაბამობამ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო

ასევე მძიმე დანაშაულის კვალიფიკაციას მიიღებს მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა. სადამსჯელო სანქციის ზედა ზღვარი ასევე 2 წლით გაიზრდება და პატიმრობის ვადა 6 წელს მიაღწევს, სს კოდექსის 371-ე მუხლით ამჟამად გათვალისწინებული მაქსიმალური 4-წლიანი სასჯელის ნაცვლად.

როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სასჯელი მკაცრდება სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სს კოდექსის 375-ე და 376-ე მუხლების მიხედვით განსაზღვრულ დანაშაულებზეც, რაც დანაშაულის დაფარვასა (ამჟამინდელი მაქსიმალური სასჯელი 1-დან 3-წლამდე პატიმრობა) და დანაშაულის შეუტყობინებლობას (ამჟამინდელი მაქსიმალური სასჯელი 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) შეეხება. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა მძიმე კატეგორიის დანაშაულად ჩაითვლება, რომლის ჩამდენი პირების მიმართ ვერ იქნება გამოყენებული პირობითი მსჯავრი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, „ცვლილების აუცილებლობა განაპირობა საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობის კუთხით პრაქტიკაში არსებულმა პრობლემებმა და ზემოაღნიშნულ დანაშაულებზე ქმედების ხასიათთან სასჯელების შეუსაბამობამ“.

პრობლემურია საზოგადოების თანამშრომლობა სამართალდამცველებთან

სამართალდამცველებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის პრობლემა, რაც ისედაც დიდ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით მწვავედ წარმოჩნდა მოზარდებთან დაკავშირებული მძიმე დანაშაულების ფონზე.

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

„მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველმა ორგანოებმა დაკითხეს დაახლოებით 150-მდე პირი. ესენი გახლდათ არასრულწლოვნების მშობლები, მათი ოჯახის წევრები და ასევე მათი კანონიერი წარმომადგენლები. როგორც ფაქტი, გვინდა დავაფიქსიროთ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ამ ტრაგედიასთან დაკავშირებული ადამიანების ძალზედ მცირე ნაწილმა. ეს არის ძალზედ სერიოზული პრობლემა და, როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის აღქმა ჯერ კიდევ არ არის სწორი“ - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის იმ ფაქტთან მიმართებით გააკეთა, რომელსაც არასრულწლოვანის სიცოცხლეშეეწირა. სხვათა შორის, დანაშაულის დაფარვის მოტივით იმ პერიოდში სამი პირი იქნა დაკავებული

სამართალდამცველებთან თანამშრომლობაზე მასობრივი უარი გამოიკვეთა ასევე 2017 წლის დეკემბერში გაუჩინარებული იმ ახალგაზრდის საქმესთან მიმართებით, რომელიც მოგვიანებით მოკლული იპოვეს. სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს ფაქტის შემსწრე ხუთი პირი, რომლებმაც არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან.

„დანაშაულის გახსნა მოხერხდა იმის მიუხედავად, რომ ფაქტის შემსწრე ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს“, - განაცხადა 2018 წლის 9 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.

რამდენად ეფექტიანი იქნება სასჯელის გამკაცრება, უნდობლობის პრობლემასთან ერთად?

ადამიანის უფლებათა დამცველები და იურისტები ხშირად ლაპარაკობენ მოქალაქეების მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე, რომ აუცილებელია სამართალდამცველ სტრუქტურებთან თანამშრომლობა და რომ ხშირად ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიც არის, თუმცა იქვე ისიც აღინიშნება, რომ ეს ვალდებულება მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეთ და რომ მათ სახელმწიფომ ვალდებულებების შესრულება უნდა გაუადვილოს.

ლია მუხაშავრია
ლია მუხაშავრია

„მრავალი წლის განმავლობაში მრავალგზის დადასტურდა, რომ მხოლოდ სასჯელის გამკაცრება დანაშაულთან ბრძოლის კუთხით სასურველ შედეგს არასოდეს იძლევა და მით უმეტეს მაშინ, როდესაც არსებობს ნდობის პრობლემა სამართალდამცველ უწყებებთან მიმართებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დიდი საერთაშორისო პრაქტიკის მქონე იურისტი ლია მუხაშავრია. მისი თქმით, სასჯელის გამკაცრება წარმოადგენს „ყველაზე მარტივ და ყველაზე არაეფექტიან გზას“, ხოლო სასურველი შედეგის მისაღწევად, უმჯობესია, სამართალდამცველმა უწყებებმა საზოგადოების თვალში საკუთარი რეპუტაციის ამაღლებაზე იზრუნონ.

„ეს ძალიან რთული და კომპლექსური ამოცანაა და, სამართალდამცველების მხრიდან ადამიანის უფლებების ზედმიწევნით დაცვის გარდა, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმასაც, რომ ყველა გახმაურებული საქმის გამოძიება, რაზეც საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, უნდა ხდებოდეს საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო კონტაქტისა და ინფორმაციის აქტიურად მიწოდების პირობებში. ცხადია, გათვალისწინებული უნდა იყოს გამოძიების ინტერესებიც, მაგრამ სამართალდამცველთა ქმედებები აუცილებლად დამაჯერებელი და სანდო უნდა იყოს მოქალაქეებისთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლია მუხაშავრიამ. მისი თქმით, ასეთ პირობებში არავის თავში აზრადაც კი არ მოუვა, რომ რაიმე დაუმალოს სამართალდამცველებსა და გამოძიებას. ასეთ შემთხვევაში მოწმეებიც თავისუფლად ალაპარაკდებიან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG