Accessibility links

მეგრელ ფერმერებს ევროპის ბაზრის სტანდარტებზე ინფორმაცია მიაწოდეს


შეხვედრა ფერმერებთან

რას გულისხმობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა (DCFTA) და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ქართული პროდუქტი, რომ ის ევროპის ბაზარზე მოხვდეს, მეგრელ მეწარმეებსა და ფერმერებს ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას, რომელიც ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა, ორგანიზაცია გაუწია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ევროპულმა პროექტმა „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“.

მრგვალი მაგიდის ფორმატის საინფორმაციო შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. მათი განმარტებით, საქართველოში უნდა დაინერგოს ევროპის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტები, რაც პროდუქტის ხარისხსა და ამ ხარისხის სტაბილურობას ითვალისწინებს.

„სხვადასხვა პროდუქტებზე არსებობს სხვადასხვა მოთხოვნა. შესაბამისად, დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ მათ მივაწვდით ინფორმაციას - როგორც ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამნისტრო და ყველა ის უწყება, რომელიც ჩართულია ამ საკითხში სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

საკუთარ მომსახურებას სთავაზობს კერძო სექტორს სავაჭრო-სამრწველო პალატა. მისი წარმომადგენლის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის, აზრით, აუცილებელია აქტიურობა და პროცესში რაც შეიძლება მეტი ფერმერისა და მეწარმის ჩართულობა.

„ეს არის იმ სერიის გაგრძელება, რასაც ჩვენ ხელისუფლებასა და კერძო სქეტორს შორის დიალოგს ვუწოდებთ. ეს არის ხელშეწყობილი ევროკავშირის სპეციალური პროგრამით და, როგორც წესი, ახორციელებს ეკონომიკის სამინისტრო. მიზანი ამ შეხვედრებისა გახლავთ ის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და სხვა საკითხებზე რეგიონებში მივაწოდოთ ინფორმაცია“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

ფერმერებთან შეხვედრა
ფერმერებთან შეხვედრა

შეხვედრაზე ყველაზე მეტი კითხვა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს დაუსვეს. გამოითქვა პრეტენზიები თხილის მავნებელთან ბრძოლასთან დაკავშირებით. ფერმერები მიიჩნევენ, რომ მოსავლის ნაწილი უკვე განადგურებულია და შეწამვლა ახლა დაიწყო:

„მე ვფიქრობ, რომ წელს პრობლემა უფრო გაზრდილი მასშტაბებით გვექნება, ვიდრე შარშან იყო. ზიანის მაჩვენებელი კატასტროფულია. მე ერთი რამე მაინტერესებს, რაზეც პასუხი ვერ მივიღე: როგორ კვდება მავნებელი, ანადგურებს თუ არა პესტიციდი უშუალოდ კვერცხს, იმიტომ რომ ჩემი შეწამლული ბაღიდან სულ გაშავებული ფოთლები გამოვიტანე. მდგომარეობა კვლავ იგივეა“, - ამბობს მარიკა კანუაშვილი, აბაშის სოფელ მარანში მცხოვრები ფერმერი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის სიტყვებით, გამომდინარე იქიდან, რომ აზიური ფაროსანა საქართველოში მანამდე არ დაფიქსირებულა, არ არსებობდა მასთან ბრძოლის პრაქტიკა და არც სამეცნიერო ნაშრომი, რის მიხედვითაც იმუშავებდნენ. შესაბამისად, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით სახელმწიფომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოიწვია სპეციალისტები. როგორც ნოდარ კერესელიძემ განმარტა, სწორედ მათი დახმარებით შემუშავდა და ხორციელდება თხილის მავნებელთან ბრძოლის პროგრამა.

„ეს არის პირველი წელი, როცა ამ მავნებელთან ბრძოლა ხორციელდება პროგრამულად და დაგეგმილად. ჩვენ ველოდებით, რომ წელს იქნება ერთგვარი დაკვირვების წელი იმისა, რომ ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს ღონისძიება. იმის თქმა, რომ ეს პროგრამა იქნება ასპროცენტიანი, ამის თქმა ძნელია, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ ამაზე დაკვირვებას. ალბათ, მომდევნო მეორე და მესამე წელი ბევრად ეფექტური იქნება. მისი მთლიანი აღმოფხვრა, როგორც ჩვენი დასავლელი ექსპერტები გვეუბნებიან, ფაქტიურად, შეუძლებელია“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, სამომავლო სამოქმედო გეგმაში მეწარმეებისა და ფერმერების წინადადებები შეძლებისდაგვარად იქნება გათვალისწინებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG