Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღიქვამენ ქართველები საკუთარ თავს და ქვეყანას


სამეცნიერო კონფერენცია მიუნხენში
სამეცნიერო კონფერენცია მიუნხენში

მიუნხენში დასრულდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც ისტორიკოსები, ლიტერატურათმცოდნეები, ანთროპოლოგები შეიკრიბნენ საქართველოზე სასაუბროდ. როგორც უკვე ვიუწყებოდით, კონფერენცია „რეპრეზენტაცია და იდენტობები მე-19 და მე-20 საუკუნეების საქართველოში“ დაეთმო არა იმდენად ფაქტებს, რამდენადაც მათ აღქმას, მოგონებებს, კულტებს.

გადმოწერა

ის პერიოდი, რომელიც მიუნხენის კონფერენციაზე შეარჩიეს საქართველოში „რეპრეზენტაციასა და იდენტობებზე“ სასაუბროდ, ტრაგიკული დრო იყო საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის, ორჯერ დაკარგვის ხანა. რატომ გადაწყდა მე-19 და მე-20 საუკუნეებზე მსჯელობა, როგორ შეირჩა თემა? ამ შეკითხვით, ბუნებრივია, მივმართე კონფერენციის ინიციატორს, პროფესორ ჰუბერტუს იანს - გერმანელ ისტორიკოსს, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტში ასწავლის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიას.

ჰუბერტუს იანი
ჰუბერტუს იანი

"პრაქტიკული მიზეზია ის გარემოება, რომ ბევრი მეცნიერი მუშაობს ამ პერიოდზე და, რასაკვირველია, შეგვიძლია შუა საუკუნეებზე ვისაუბროთ, მაგრამ თემები სულ სხვაგვარი იქნებოდა. და კონფერენციის ერთ-ერთი იდეა იყო ისიც, რომ არ გაგვემეორებინა ფაქტები, რომლებიც ისედაც არის ცნობილი ანექსიის შესახებ, შემდეგ 1921 წლის ანექსიის შესახებ, არამედ კონცენტრირება მოგვეხდინა მექანიზმებზე, რომლებითაც ძალაუფლება ხორციელდებოდა, როგორ ხდებოდა მისი პრეზენტაცია და როგორ ახდენდა გავლენას ადამიანების იდენტობაზე. მაგალითად, მეოცე საუკუნეში ქართველს შეეძლო საკუთარი თავის მოხსენიება ქართველად ან საბჭოთა მოქალაქედ, ან, დავუშვათ, თბილისელად. ანუ არსებობდა სხვადასხვა შესაძლებლობა და ჩვენ ვცდლობთ სხვადასხვა კუთხით მათ განხილვას", - ასე განმარტა პროფესორმა ჰუბერტუს იანმა არჩევანი, მოეწვია კონფერენცია თემაზე „რეპრეზენტაცია და იდენტობები მე-19 და მე-20 საუკუნეების საქართველოში“.

ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა მოხალისეობრივი საქმიანობის კეთების მნიშვნელობაც კარგი მოქალაქისათვის - ისევე როგორც კრიტიკული დამოკიდებულება მთავრობის მიმართ, როგორც მნიშვნელოვანი მახასიათებელი კარგი მოქალაქის, და, ასევე, არჩევნებში ხმის მიცემის ვალდებულება, როგორც კარგი მოქალაქისათვის უცილებელი რამ ...
ნათია მესტვირიშვილი

თუ კონფერენციის პირველი დღე „მეხსიერების/მოგონებების კულტურას” დაეთმო - იმას, თუ რა ადგილი აქვს, მაგალითად, სტალინს ან აფხაზეთის ომს საქართველოში კოლექტიურ მეხსიერებაში, 17 თებერვალს ყურადღების ცენტრში მოექცა „ეროვნული და იმპერიული იდენტობები“. მაგალითად, ისტორიკოსმა ნიკოლოზ ალექსიძემ, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში მუშაობს და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანია, ისაუბრა მე-19 საუკუნის საქართველოში ნაციონალისტურ რიტორიკაში შუა საუკუნეების კონცეფციების გამოყენებაზე: კერძოდ, წმინდანებისა და წმინდანების კულტის გამოყენებაზე:

„მე-19 საუკუნეში ნაცია, ერი, ანუ მამული, როგორც ეძახიან მას საქართველოში მაგ დროს, ხდება ძალიან თეოლოგიური კონცეფცია, ანუ ხდება მასზე თეოლოგიზაცია, საკრალიზაცია ხდება ნაციის. ეს არის საკრალური მოვლენა, რომელზეც შენ ისეთივე ტერმინებით და კონცეფციებით შეგიძლია ისაუბრო, როგორც ღვთაებაზე. ამიტომ იმდროინდელ ინტელექტუალებს უწევთ უკვე რელიგიური ენის გამოყენება იმისათვის, რომ ნაციაზე ისაუბრონ“.

რადიო თავისუფლება: პატარა მაგალითი?

ნიკოლოზ ალექსიძე
ნიკოლოზ ალექსიძე

ნიკოლოზ ალექსიძე: „პატარა მაგალითი არის, მაგალითად, იგივე ილია ჭავჭავაძე. მაგალითია ფილადელფოს კიკნაძე - იყო მე-19 საუკუნის დასაწყისში ასეთი სასულიერო პირი და, ამავე დროს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც საუბრობს ერის, ანუ ნაციის, ორ განზომილებაზე: მისი ფიზიკური სხეული და მისი მეტაფიზიკური სხეული. და წმინდანების კულტი, ანუ, რაზეც მე აქ ვლაპარაკობ, არის საუბარი იმაზე, რომ მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნეში წმინდანები და კანონიზაციაც, ამავე დროს, არის გამოყენებული, როგორც, ასე ვთქვათ, ნაციონალური რიტორიკის ნაწილი“.

რადიო თავისუფლება: რომელ წმინდანებზეა საუბარი?

ნიკოლოზ ალექსიძე: „ორი რაღაც ხდება. ერთი მხრივ, გვაქვს შუა საუკუნეების ტრადიციული წმინდანები, რომელთა გადააზრებაც ხდება უკვე, როგორც ნაციის ფორმირებაში განსაკუთრებული როლის მქონე... მაგალითად, წმინდა ნინო. მას სამმაგი დატვირთვა ჰქონდა. ერთი მხრივ, არის ჩვეულებრივი წმინდანი. მეორე ის არის, რომ რუსეთის იმპერიაში ხდება ქართული ქრისტიანობის სიმბოლო. მაგრამ მესამე ასპექტი ამისა არის, რომ უკვე ილია ჭავჭავაძის დროს იწყება მცდელობა, რომ ნინო გახდეს არა მხოლოდ წმინდანი, არა მარტო განმანათლებელი, არამედ გახდეს, ასე ვთქვათ, ქართველი ერის დამაარსებელი. ანუ ქრისტიანობა, რომელიც მას შემოაქვს, და ერი, რომელიც მას ხვდება, ერთმანეთის ლეგიტიმაციას ახდენს, ხომ? ქრისტიანობა იმდენადაა ღირებული, რამდენადაც ნაციონალურია და ნაციონალურობა იმდენადაა ღირებული, რმდენადაც ქრისტიანობა“, - გვითხრა ნიკოლოზ ალექსიძემ საქართველოში მე-19 საუკუნის ნაციონალისტურ რიტორიკაში წმინდანების კულტის გამოყენებაზე.​

ნათია მესტვირიშვილი
ნათია მესტვირიშვილი

მიუნხენის კონფერენციაზე თბილისიდან ჩამოსულმა ნათია მესტვირიშვილმა კი წარმოადგინა თანამედროვე ქართველების ნაციონალური იდენტობის კვლევის შედეგები. კვლევა ჩაატარა კავკასიის კვლევითმა რესურსცენტრმა (CRRC). კვლევა „კავკასიის ბარომეტრი“ ყოველწლიურად ტარდებოდა 2004 წლიდან მოყოლებული საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ნათია მესტვირიშვილის თქმით, კვლევისას სურდათ გაერკვიათ, როგორი ნაციონალური იდენტობა აქვს ქართველ ხალხს და რას თვლის ის მნიშვნელოვნად კარგი მოქალაქისათვის და როგორ უკავშირდება ეს ქართულ თუ ევროპულ იდენტობას. და აი, რა გაირკვა: „კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქართული იდენტობა არის ბევრად უფრო გავრცელებული საქართველოში, - რაც, რასაკვირველია, არ არის გასაკვირი, - ვიდრე ევროპული იდენტობა ან შერეული იდენტობა. (კვლევის შედეგები) ასევე აჩვენებს, რომ ქართველები მოქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ მისდიონ ტრადიციებს და დაეხმარონ გაჭირვებულ ადამიანებს. ეს ორი რაღაცა არის, რაც მათ ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. თუმცა ბოლო წლებში საკმაოდ გაიზარდა მოხალისეობრივი საქმიანობის კეთების მნიშვნელობაც კარგი მოქალაქისათვის - ისევე როგორც კრიტიკული დამოკიდებულება მთავრობის მიმართ, როგორც მნიშვნელოვანი მახასიათებელი კარგი მოქალაქის, და, ასევე, არჩევნებში ხმის მიცემის ვალდებულება, როგორც კარგი მოქალაქისათვის უცილებელი რამ“, - ასე შეაჯამა ნათია მესტვირიშვილმა თანამედროვე ქართველების ნაციონალური იდენტობის კვლევის შედეგები.

სამეცნიერო კონფერენცია „რეპრეზენტაცია და იდენტობები მე-19 და მე-20 საუკუნეების საქართველოში“ გაიმართა გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელთან დაკავშირებით. 2017 წელს აღინიშნება საქართველოში გერმანელი მოსახლეების ჩასვლის მე-200 წლისთავი და, ასევე, საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25-ე წლისთავი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG