Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში სტუდენტებს სწავლის დროს სამხედრო სამსახური სურთ


ჯარისკაცები სამხედრო ბაზაზე ერევანში
ჯარისკაცები სამხედრო ბაზაზე ერევანში

სომხეთში მოქალაქეთა ჯგუფი გამოდის წინადადებით, მიეცეთ სტუდენტებს შესაძლებლობა სწავლის პერიოდში რამდენიმე თვე არმიაში იმსახურონ. ჯგუფის წარმომადგენლები ითხოვენ, ცვლილებები შევიდეს სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში, რომელიც ახლახან მიიღო პარლამენტმა და პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.

სწავლა და სამხედრო სამსახური სომხეთში

  • სომხეთში ყველა ვაჟ სტუდენტს ევალება ხელშეკრულება გააფორმოს თავდაცვის სამინისტროსთან.
  • ახალგაზრდა კაცებს, თუ ხელშეკრულება არა აქვთ არმიასთან, როცა 18 წელი შეუსრულდებათ, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ ორი წლით.
  • საპროტესტო ჯგუფი „სამეცნიერო განვითარებისთვის“ ითხოვს, შენარჩუნდეს განათლების პროცესის თანამიმდევრულობა და, ამავე დროს, სტუდენტებმა არმიაში სამსახური შეძლონ.

პარლამენტის წევრებს და თავდაცვის, ასევე განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს ჯგუფის წინადადება გააცნეს მრგვალ მაგიდასთან შეხვედრისას. ეს თავისებური მოლაპარაკება გაიმართა მას მერე, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თანხმობა განაცხადეს შეხვედრაზე, კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო დემონსტრაციების შეწყვეტის სანაცვლოდ.

დავით პეტროსიანმა, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია საპროტესტო ჯგუფისა „სამეცნიერო განვითარებისთვის“, შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ მისი გეგმა „უნივერსიტეტებში არმიის დაბრუნების გზაა“. პეტროსიანის წინადადება შეეხება სტუდენტებს, რომლებიც ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მოპოვებას ესწრაფვიან. ჯგუფის ლიდერმა განმარტა, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემოდათ ყოველი სასწავლო წლის განმავლობაში, დაახლოებით, ოთხთვიანი სამხედრო სწავლება გაევლოთ. ეს ოთხი თვე გაიყოფოდა ორ-ორთვიან პერიოდად. პეტროსიანმა განაცხადა, ეს შესაძლებლობას მოგვცემდა არა უნივერსიტეტი მიგვეტანა არმიაში, არამედ არმია შემოგვეტანა უნივერსიტეტშიო. პეტროსიანი ფიქრობს, რომ მისი გეგმით ორი მიზანი იქნებოდა მიღწეული: პირველი ის, რომ განათლების პროცესის თანამიმდევრულობა შენარჩუნდებოდა და, ამავე დროს, სტუდენტები იმსახურებდნენ არმიაში.

პროტესტი გამოიწვია კანონმა, რომელიც 15 ნოემბერს მიიღო სახალხო კრებამ და რომელსაც პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა უნდა მოაწეროს ხელი. ამ კანონის თანახმად, იმისათვის რომ სამხედრო სამსახურში გაწვევის ვადა გადაუდონ, ყველა ვაჟ სტუდენტს ევალება ხელშეკრულება გააფორმოს თავდაცვის სამინისტროსთან და თანხმობა განაცხადოს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სამი წელი იმსახურებს არმიაში. სხვა შემთხვევაში, ახალგაზრდა კაცებს, როცა 18 წელი შეუსრულდებათ, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ ორი წლით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს შეზღუდვები საჭიროდ მიიჩნია იმისათვის, რომ სამხედრო სამსახურისთვის თავი არავის აერიდებინა და, ამასთანავე, ყველა წვევამდელს თანასწორი პირობები შეჰქმნოდა.

სტუდენტები, ასევე კანონის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სხვა პირები თვლიან, რომ კანონი სტუდენტებს სამეცნიერო კარიერის გაკეთების სურვილს წაართმევს და, ამავე დროს, ხელს შეუშლის ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას.

ჯარისკაცები სამხედრო აღლუმზე ერევანში
ჯარისკაცები სამხედრო აღლუმზე ერევანში

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და კანონმდებლებმა პეტროსიანის გეგმა მიიჩნიეს შესაძლებლობად, შერბილდეს ახალი სისტემის გამო სტუდენტთა მიერ წარმოჩენილი პრობლემა.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, არტაკ ზაკარიანმა, გაიხსენა, რომ მსგავსი სისტემა აქვთ შვეიცარიაში, თუმცა იქვე ისიც შენიშნა, რომ ამ ქვეყანაში ომის საშიშროება არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ედუარდ შარმაზანოვმა, რომელმაც მმართველი რესპუბლიკური პარტია წარმოადგინა შეხვედრაზე, კმაყოფილება გამოთქვა მოლაპარაკების გამო და დასძინა, რომ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს სტუდენტთა მოთხოვნა. ახლა ბურთი მთავრობის მოედანზეაო, - თქვა შარმაზანოვმა, - დავიწყოთ ერთად მუშაობა თქვენი რეკომენდაციების დოკუმენტირებით ისე, რომ ამ კანონის გარშემო ისინი მთავრობის გადაწყვეტილებაში აისახოსო.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG