Accessibility links

საქართველო სავარაუდო ტერორისტული აქტების ახალი ტალღის ფონზე


საშობაო ბაზრობის ტერიტორია ბერლინში სავარაუდო ტერორისტული აქტის შემდეგ

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მოკლული რუსეთის ელჩი, ბერლინში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომობილის მოულოდნელი შევარდნა, 12 დაღუპული და 50-მდე დაშავებული, სროლა ციურიხში, ისლამურ ცენტრთან, და, შედეგად, იქაც რამდენიმე დაჭრილი - ალეპოს მოვლენების შემდეგ ეს მხოლოდ ბოლო ორი დღის ახალი ამბებია, რომლებსაც მსოფლიო მედია აშუქებს. ანკარასა და ბერლინში მომხდარ ფაქტებს მსოფლიო ლიდერები, სავარაუდოდ, ტერორისტულ აქტებად მიიჩნევენ.

ანკარა, ბერლინი, ციურიხი - ალეპოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მსოფლიოს ყურადღებამ დროებით ამ ქალაქებისკენ გადაინაცვლა. ბოლო ორი დღეა მსოფლიო ლიდერები ტერორისტული აქტების ახალ ტალღას გმობენ და საკუთარ ხალხს მოუწოდებენ არ შეშინდნენ და ერთად იბრძოლონ 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევის წინააღმდეგ.

ბერლინსა და ანკარაში მომხდარ ფაქტებს, რომლებსაც, პირველ შემთხვევაში, 12 მშვიდობიანი მოსახლის, ხოლო მეორე შემთხვევაში თურქეთში რუსეთის ელჩის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშილი
გიორგი კვირიკაშილი

„გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ თავდასხმის შედეგად თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის, მკვლელობის გამო. 21-ე საუკუნისთვის უპრეცედენტო ძალადობისა და დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით და არასოდეს შევეგუებით ამ უკიდურეს სისასტიკეს. ჩვენი მიზანია მშვიდობა რეგიონში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სტაბილურობასა და განვითარებას“, - ვკითხულობთ კვირიკაშვილის განცხადებაში.

ამ ამბიდან მალევე მომხდარ თავდასხმას ბერლინში კი კვირიკაშვილი შემდეგი სიტყვებით ეხმიანება: „შეძრწუნებული ვარ მომხდარით და დიდ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია. ჩვენ არ გვეშინია სისასტიკის. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას და ადამიანები შიშის გარეშე იცხოვრებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში“.

ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარ ამბებს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. განცხადება მედიას პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააცნო:

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

„პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბერლინისა და ანკარის ტერაქტების გამო, ასევე ციურიხში მომხდარი ფაქტის გამო. ტერორიზმის გზით ანგარიშსწორება უდანაშაულო ადამიანებზე, თავდასხმა დიპლომატზე არის სრულიად მიუღებელი, აღმაშფოთებელი და დასაგმობი ცივილიზებული სამყაროსთვის. ტერორიზმი ეს არის სენი, რომელსაც კაცობრიობა გაერთიანებული ძალისხმევით უნდა აღუდგეს წინ. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს“, - წერია პრეზიდნეტის განცხადებაში.

ტერორიზმი არ არის ის გზა, რომლითაც მსოფლიო დღეს არსებულ პრობლემებს მოაგვარებს, - ასე ფიქრობს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე:

„ტერორიზმი 21-ე საუკუნის დაავადებაა - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი ტერორისტული აქტები შეჩერდეს. ტერორისტული აქტი არ არის გზა, რომლითაც საერთოდ რამის მოგვარებაა შესაძლებელი“.

შეფასებები საქართველოს პარლამენტშიც გაკეთდა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის, განცხადებით, ტერორიზმი დღეს მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა.

„ძნელია ამ ტერორის ყურება, რომელიც აჩენს განცდას, რომ დაუცველია მთელი ცივილიზებული სამყარო, თუმცა იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ლიდერები ამ გამოწვევასთან გამკლავებას შეძლებენ“.

ასე ფიქრობს თამარ ჩუგოშვილის კოლეგა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ელენე ხოშტარიაც, რომლის აზრით, საქართველოც უნდა იყოს იმ საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, რომელიც ტერორიზმის საწინააღმდეგო მხარეს იდგება:

ჯერჯერობით ევროპა ცდილობს ეს არ შეიმჩნიოს და პრობლემასაც როგორც ლოკალურს ისე აღიქვას და ეს მაშინ, როცა ეს პრობლემა დიდი ხანია გლობალურ მასშტაბებს უახლოვდება...
ნოდარ ხარშილაძე

„ყველა უნდა გაერთიანდეს იმის წინააღმდეგ, რომ ძალადობა არ იყოს რაღაც პოლიტიკური მიზნების მიღწევის ხერხი. ჩვენ კი მყარად უნდა ვიდგეთ იმ პოზიციაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი ამ საერთო საფრთხის დასამარცხებლად“.

რა უნდა დაუპირისპიროს ევროპამ და მასთან ერთად დანარჩენმა სამყარომ ტერორიზმს? პოლიტოლოგი ნოდარ ხარშილაძე პრობლემას ხედავს იმ ფაქტში, რომ „ევროპას“ არ სურს გამოიღვიძოს იმ ტკბილი ძილისგან, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის პირობებში ჰქონდა, და არ სურს უსაფრთხოების რეჟიმში გადასვლა, რაც მეტ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს:

„ჯერჯერობით ევროპა ცდილობს ეს არ შეიმჩნიოს და პრობლემასაც როგორც ლოკალურს ისე აღიქვას და ეს მაშინ, როცა ეს პრობლემა დიდი ხანია გლობალურ მასშტაბებს უახლოვდება. ამიტომ ვერც გერმანიის, ვერც საფრანგეთის და ვერც სხვა ევროპული სახელმწიფოს (გარდა დიდი ბრიტანეთისა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა და, ტრადიციულად, ევროპის ნაწილიც არ ყოფილა), რეაქციები ვერ იქნებოდა სხვანაირი, რადგან ეს სახელმწიფოები, მათი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა ჯერ კიდევ უფრთხის რეალობასთან კონტაქტს და ცდილობენ ეს ყველაფერი გაასაღონ იზოლირებულ ტერორისტულ შეტევად. თუმცა ეს ასე არ არის - დიდი ხანია მიდის რადიკალური ომი და ისინი ამის მონაწილეები არიან“.

ამას ემატება ისიც, ფიქრობს ნოდარ ხარშილაძე, რომ დღეს ევროპა არ გაამწვავებს ვითარებას და, ამასთანავე, მას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები, რომლებიც რადიკალურ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. რაც შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკას და, ზოგადად, დამოკიდებულებას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისადმი, პოლიტოლოგი თვლის, რომ ეს პოლიტიკა უფრო იმისკენაა მიმართული, რომ ნაკლებად იაქტიუროს, ნაკლები პრობლემა შეექმნას და დარჩეს ნეიტრალური, რითიც აიხსნება კიდეც საპარლამენტო უმრავლესობის თავშეკავება ალეპოს მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ ერთობლივი განცხადების მიღების თაობაზე.​

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG