Accessibility links

60 წელი კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრის, „სპუტნიკის“, გაშვებიდან


„სპუტნიკი“

60 წლის წინ, 1957 წლის 4 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გაუშვა პირველი ხელოვნური თანამგზავრი „სპუტნიკი“, რითაც დაიწყო კოსმოსური კვლევა და ამ სფეროში საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის მწვავე კონკურენცია. „სპუტნიკი“ იყო 58 სმ დიამეტრის, სფეროს ფორმის აპარატი, ორი რადიოგადამცემითა და ოთხი ანტენით. ის 84 კგ-ზე ნაკლებს იწონიდა. „სპუტნიკის“ შექმნის ფონი იყო აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის შეიარაღების სფეროში მიმდინარე კონკურენცია, „გამალებული შეიარაღება“, როცა ორივე მხარე ცდილობდა შეექმნა მსოფლიოში პირველი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თერმობირთვული ქობინის გადატანას შეძლებდა. ორივე ქვეყანაში პროექტების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გერმანელმა მკვლევრებმა - ხალხმა, ვინც ომის დროს ჰიტლერისთვის მუშაობდა რაკეტების პროექტებზე და ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში ან შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირში მეცნიერთა ჯგუფმა, სერგეი კოროლიოვის ხელმძღვანელობით, შექმნა რაკეტა ერ-7 და 1957 წელს მისი გამოცდა დაიწყო. ამასთან, კოროლიოვმა საბჭოთა ხელმძღვანელობა გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატებიც მუშაობდა გრძელრადიუსიანი რაკეტის შექმნაზე და მან მიიღო რაკეტის გაშვების ნებართვა.

  • 1957 წ. 4 ოქტომბერს სსრკ-მა კოსმოსში გაუშვა „სპუტნიკი“
  • „სპუტნიკი“ 84 კგ-ზე ნაკლებს იწონიდა
  • „სპუტნიკი“ 92 დღე დარჩა ორბიტზე, 1440-ჯერ შემოუარა დედამიწას

იმისათვის, რომ შეერთებული შტატებისათვის დაესწრო, კოროლიოვმა გადაწყვიტა არ დალოდებოდა სრულად აღჭურვილი სამეცნიერო თანამგზავრის დამზადებას და ინჟინრებს დაავალა რაკეტისათვის შეექმნათ ორბიტაზე გასაშვები პრიმიტიული აპარატი - დროის მოსაგებად. ასე, სულ რამდენიმე თვეში დაამზადეს „უბრალო სპუტნიკი“.

1957 წლის 4 ოქტომბერს კაცობრიობის ისტორიაში პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას დასავლეთში იმდენად ფართო და მწვავე რეაქცია მოჰყვა, რომ მას „სპუტნიკის შოკს“, „სპუტნიკის კრიზისს“ უწოდებენ. ნათელი გახდა, თან ცივი ომის პირობებში, რომ კოსმოსში ფრენაზე ოცნების ასასრულებლად საბჭოთა კავშირი ტექნოლოგიურად არათუ არ ჩამოუვარდებოდა შეერთებულ შტატებს, უსწრებდა კიდეც მას. და კიდევ: საბჭოთა კავშირს შექმნილი ჰქონდა რაკეტა (ერ-7), რომელზეც შეძლებდა ბირთვული ქობინის დამაგრებას და მისწვდებოდა შეერთებული შტატების ტერიტორიას!

"სპუტნიკის" სტარტი
"სპუტნიკის" სტარტი

„სპუტნიკი“ 92 დღე დარჩა ორბიტაზე და 1440-ჯერ შემოუარა დედამიწას, ვიდრე შენელდებოდა და, ატმოსფეროში დაბრუნებული, დაიწვებოდა. მისი რამდენიმე ნამსხვრევი მუზეუმებში ინახება.

„სპუტნიკის შოკის“ უშუალო შედეგი გახდა შეერთებული შტატების გააქტიურება კოსმოსის კვლევაში უპირატესობის მოსაპოვებლად და სარაკეტო სისტემების დასახვეწად. „სპუტნიკის შოკის“ შედეგია კოსმოსის კვლევის მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციის, ნასა-ს, შექმნაც: აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო 1958 წლის 29 ივლისს დაარსდა.

ამ ეტაპზე კონკურენციაში ამერიკელები ლიდერობენ: 1969 წელს მათ გაგზავნეს პირველი ადამიანები მთვარეზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG