Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო - სიახლე რუსთავის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში


 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა

"მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში" - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც 2016 წლის მარტიდან ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია მოსახლეობის ჩართვა რუსთავის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

  • ამუშავდა არასამთავრობო სექტორის, ბიზნესისა და მოსახლეობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო
  • საბჭოს ფუნქციაა ბიუჯეტის პროექტის ფორმირების დროს ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების მომზადება მოსახლეობის საჭიროებების შესახებ, ასევე ბიუჯეტის მონიტორინგი
  • საბჭოს არსებული შემადგენლობის უფლებამოსილება ორი წლით განისაზღვრა

ამთავითვე უნდა ითქვას, რომ პროექტის დირექტორი რუსთავის მერია, რადგანაც აღმასრულებელი ხელისუფლების გულწრფელი სურვილის გარეშე მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში წარმოუდგენელია.

პროექტის დირექტორის მრჩეველი რევაზ ბარბაქაძე ამბობს, რომ ახლა იმ ეტაპზე არიან, როცა პროექტის პრაქტიკული განხორციელება დაიწყო - კერძოდ, ამუშავდა არასამთავრობო სექტორის, ბიზნესისა და მოსახლეობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. მის ფუნქციაში შედის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ფორმირების დროს ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების მომზადება მოსახლეობის საჭიროებების შესახებ და თავად ბიუჯეტის მონიტორინგი. რეზო ბარბაქაძის თქმით, საბჭოს არსებული შემადგენლობის უფლებამოსილება ორი წლით განისაზღვრა.

მიმდინარე კვირის პირველ დღეს, 6 ნოემბერს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ რუსთაველთა პრობლემებზე იმსჯელა, გაეცნო პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევასაც, რომელიც რევაზ ბარბაქაძემ წარმოადგინა. მაგალითად, გამოკითხულ რუსთაველთა 83 პროცენტმა მთავარ პრობლემად უმუშევრობა დაასახელა.

ბარბაქაძემ დააზუსტა, რომ ეს კვლევა გასულ წელს ჩატარდა, გამოკითხეს 1 500 სრულწლოვანი ადგილობრივი მცხოვრები. უმუშევრობის პრობლემა რჩება დღესაც, ისევე როგორც ბევრი სხვა, რაზეც საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და მისი გადაწყვეტის პროცესში უშუალო მონაწილეობის სურვილიც კი გამოთქვეს. მაგალითად, ბელა კეთილაძემ კოლეგებს რამდენიმე მოხუცისთვის უსამართლოდ მოხსნილი სოციალურად დაუცველის სტატუსის აღდგენაში დახმარება სთხოვა, თუმცა პავლე თვალიაშვილმა, საბჭოში მიწვეულმა ექსპერტმა, ბელა კეთილაძეს შეახსენა, რომ მრჩეველთა საბჭო საკონსულტაციო სტრუქტურაა და არა აღმასრულებელი ორგანო.

რუსთავი
რუსთავი

თვალიაშვილმა სხდომის შემდეგ, რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს, თქვა, რომ საბჭო ახლა შეუდგა მუშაობას და ხარვეზები, ბუნებრივია, იქნება. მისივე თქმით, დაგეგმილია მთელი რიგი ტრენინგები, რაც საბჭოს წევრთა კვალიფიკაციას გაზრდის. რევაზ ბარბაქაძე კი ამბობს, რომ ქართულ რეალობაში მონაწილოებითი ბიუჯეტირება მოქალაქეთა ჩართულობის სრულიად ახალი მექანიზმია, რომლის აღქმა და დანერგვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სამოქალაქო სექტორისგან.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG