Accessibility links

სამსახურიდან გათავისუფლებულები ბრძოლას განაგრძობენ


დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებული ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე, რომლებმაც სასამართლოს სამივე ინსტანციის გავლის შემდეგ შეძლეს სამსახურებრივი პოზიციების აღდგენა, სამართლებრივ დავას ამჯერად პროკურატურაში აგრძელებენ.

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი კონკრეტულ თანამდებობებზე დაბრუნებასა და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის სრულად გადახდა დაევალა, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულებულა. შესაბამისად, ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის მთავარი პროკურატურისთვის მიმართვის ერთადერთი მიზანია საქმის გამოძიებით დადგინდეს, ხელოვნურად ხომ არ აბრკოლებენ დანაშაულის პრევენციის ცენტრი და იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.

ბრძოლა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის

  • ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს გაათავისუფლეს.
  • დამსაქმებელმა გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელა.
  • დანაშაულის პრევენციის ცენტრს დაევალა მათი კონკრეტულ თანამდებობებზე დაბრუნება და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის სრულად გადახდა.
  • სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ შესრულებულა.

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ანა სუბელიანმა და დავით ახობაძემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2017 წლის დეკემბერში მიმართეს. ბიუროში ადასტურებენ, რომ საქმის აღსრულების პროცესი დაწყებულია, თუმცა როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი პაატა შამუგია ამბობს, ინფორმაცია კონფიდენციალურია:

“მარტო ის შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არსებობს საქმის წარმოება და მიმდინარეობს წარმოება ჩვეულებრივად, როგორც ეს არის გაწერილი კანონის ფარგლებში. რა გავაკეთეთ ზუსტად და როდის რა იქნება, ანუ ის, რა ინფორმაციაც მხარემ უნდა მიიღოს, მე ამას თქვენ, სამწუხაროდ, ვერ გეტყვით“.

თუმცა ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის მიერ მთავარ პროკურატურაში წარდგენილ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დანაშაულის პრევენციის ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების მოთხოვნით 2017 წლის 25 დეკემბერს მიმართა, დანაშაულის პრევენციის ცენტრმა კი, თავის მხრივ, ყოფილი თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებაზე უარი კონკრეტული მიზეზების გამო განაცხადა. ამ მიზეზებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი, შორენა ლოლაძე, შემდეგნაირად განმარტავს:

“მათ მოიწერეს პასუხი, რომ ვერ მოხდებოდა აღდგენა იმიტომ, რომ ერთ შემთხვევაში ანა სუბელიანის პოზიცია არის უკვე გაუქმებული და ისე გაუქმდა პოზიცია, სასამართლოში ამის თაობაზე არანაირი მტკიცებულება დავის პროცესში ჩვენთვის არ წარმოუდგენიათ. მეორე შემთხვევაში კი გასული წლის იანვარში, ანუ როდესაც აპელაციაში უკვე მიმდინარეობდა საქმის წარმოება, თამაზ ახობაძის პოზიციაზე დანაშაულის პრევენციის ცენტრმა სხვა პირი დანიშნა. აქედან გამომდინარე, ეხლა მათ აქვთ ის არგუმენტი, რომ ვერ გაათავისუფლებენ იმ სხვა პირს და, შესაბამისად, თამაზისთვის განკუთვნილი პოზიცია აღარ არსებობს“.

მოწმეებმა სასამართლოზე დაადასტურეს ის, რომ წულუკიანმა უშუალოდ გენისპექციის უფროსს დაავალა ჩვენს ქცევაზე რეაგირება. ეს ქცევა გულისხმობდა სოციალურ ქსელებში გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას...
ანა სუბელიანი

შორენა ლოლაძე ამბობს, რომ ფუჭად დასრულდა მორიგების მცდელობაც და, შესაბამისად, მომჩივანი მხარისთვის ნათელია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ აპირებს ამ ადამიანების სამსახურში აღდგენას. ამავდროულად, დათვლილიც კი არ არის მათი იძულებითი განაცდურის თანხა. შორენა ლოლაძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე აღმასრულებელს უკვე აღარაფრის გაკეთება არ შეუძლია, გადაწყვეტილება კი ფორმალურად პრევენციის ცენტრის დირექტორმა უნდა მიიღოს. ცენტრში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, ანა სუბელიანი კი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებაში ნათლად იკვეთება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელი. ანა სუბელიანი ამბობს, რომ მისი და თამაზ ახობაძის სამსახურიდან გათავისუფლება პირადად მინისტრის გადაწყვეტილება იყო:

“მოწმეებმა სასამართლოზე დაადასტურეს ის, რომ წულუკიანმა უშუალოდ გენისპექციის უფროსს დაავალა ჩვენს ქცევაზე რეაგირება. ეს ქცევა გულისხმობდა სოციალურ ქსელებში გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას. ანუ ჩვენ გვქონდა ფეისბუკპოსტები იმასთან დაკავშირებით, რომ ვაპროტესტებდით მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიჩნიეთ უკანონოდ. გარდა ამისა, ის მოგვიხსენიებდა ისეთი ეპითეტებით, როგორებიცაა „წინა მთავრობის გადმონაშთები“, „ნაციონალების ძლოკვები“. ეს აშკარად მიუთითებს მისი გადაწყვეტილების პოლიტიკურ საფუძველზე“.

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანმა ანა სუბელიანსა და თამაზ ახობაძეს პოლიტიკურად ანგაჟირებულები უწოდა დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც, სადაც მათ მინისტრისათვის კითხვის დასმა სცადეს იმაზე, რატომ ჭიანურდებოდა მათი სამსახურში აღდგენის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. სხდომაზე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება, თუმცა, თუ მის სარეზოლუციო ნაწილში ხარვეზი აღმოჩნდა, სასამართლოს მიმართავენ.

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს გაათავისუფლეს. დამსაქმებელმა გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG