Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხეში ჩივიან სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო


ახალციხე
ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალმა ხელისუფლებამ თანამშრომლების შერჩევა დაიწყო. თვითმმართველობაში დასაქმებულთა ნაწილი სამსახურიდან გაუშვეს, ნაწილი კი პოზიციებზე დატოვეს.

პირველ პირთა გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ყოფილი საჯარო მოხელეების უკმაყოფილება. ადგილობრივი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თვითმმართველობაში თანამშრომლებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ნიშნავენ და ათავისუფლებენ.
საკრებულოსა და მერიის ყოფილი თანამშრომლების ნაწილი სასამართლოში ჩივილს აპირებს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში 18-წლიანი მუშაობის შემდეგ ეკა ტატალაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფროს სპეციალისტს ოფიციალურ მიზეზად ორი მუნიციპალიტეტის შერწყმა დაუსახელეს, თუმცა საკრებულოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი პირველი პირების გადაწყვეტილებას თავის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. ეკა ტატალაშვილი პოზიციაზე აღსადგენად სამართლებრივ ბრძოლას აპირებს.

ეკა ტატალაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც თვლის, რომ თვითმმართველობიდან უსამართლოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. სამსახურში აღსადგენად სასამართლოს მიმართავს თეა ბაღდოშვილიც. ახალციხის მერიის საკრებულოს უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე სამწლიანი მუშაობის შემდეგ მას გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია და ორი მუნიციპალიტეტის ლიკვიდაცია დაუსახელეს. თეა ბაღდოშვილს პირველ პირთა განცხადების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება.

ახალციხის ახლად შექმნილი მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში თანამშრომლების დანიშვნის პროცესს „ევროპული საქართველოს“ წევრები გამოეხმაურნენ. საკრებულოს წევრმა და ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გელა დემეტრაძემ საკადრო პოლიტიკისადმი ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომა გააპროტესტა.

განცდა, რომ ახალი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით შეირჩეოდნენ, მუნიციპალიტეტების ლიკვიდაციამდე რამდენიმე თვით ადრე გაჩნდა. ზაზა მელიქიძე ჯერ კიდევ მერობის კანდიდატი იყო, როცა საჯარო მოხელეებს არწმუნებდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში თანამშრომლების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნებოდა.

ქალაქის მერი ზაზა მელიქიძე უარყოფს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ყოფილ თანამშრომელთა ბრალდებას, მისი მოადგილე გურამ მელიქიძე კი აცხადებს, რომ კადრები კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით შეირჩა.

ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტში 107 შტატია, რომელთაგან 91-ზე დანიშვნის ბრძანება უკვე დაწერილია. ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები, რომლებიც სახელმწიფო უწყებებში არიან დასაქმებულნი, შავ სიაში შეჰყავთო, ამბობენ „ევროპულ საქართველოში“. გელა დემეტრაძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება პოლიტიკური წმენდის დაწყებას აიპებში აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG