Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპენსიო რეფორმის პერსპექტივები საქართველოში


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს მთავრობის მისამართით რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა. ერთ-ერთი რეკომენდაციაა, კერძო სექტორში ახალი ინვესტიციების მოზიდვის მეშვეობით, საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმირება, რაც შესაძლებელს გახდის დანაზოგების დაგროვებას, ეს კი, თავის მხრივ, დააჩქარებს, ზოგადად, რეფორმების განხორციელებას, სამუშაო ადგილების შექმნას და სამომავლოდ ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას. ეს რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან არაერთგზის მიუღია. გასულ წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნა საპენსიო რეფორმების სამსახური, რომელიც საქართველოს რეალობას მორგებული საპენსიო მოდელის შემუშავებაზეა პასუხისმგებელი. საკითხზე მუშაობენ მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, შექმნილია უწყებათაშორისი კომისია და ჩართულები არიან ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები და ეროვნული ბანკი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული რეკომენდაციის შემდეგ ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა. რა გეგმები აქვს მთავრობას ამ მიმართულებით?

დაგროვებით პენსიაზე გადასვლა 2017 წლიდანაა განზრახული. თავად რეფორმის საბოლოო ვერსია, საპენსიო მოდელის დეტალური მიმოხილვით, წლის ბოლოსთვის იქნება მზად. საპენსიო რეფორმის ჯგუფი დამატებით განიხილავს ინფლაციური რისკების დაბალანსების ალტერნატიულ მექანიზმებსაც. თავად საპენსიო ფონდი რისკებთან არის დაკავშირებული. აუცილებელია არა მხოლოდ აქტივების, არამედ დანაზოგების დაცვაც ინფლაციური პროცესებისაგან. მიმდინარე წელს სავალუტო კრიზისმა ნათელი გახადა, თუ როგორ შეიძლება გაუფასურდეს საპენსიო ფონდში დაცული დანაზოგები.

საპენსიო ფონდის გააქტიურებასთან ერთად, აუცილებელია კაპიტალური ბაზრის ახალი ინსტრუმენტების ამოქმედებაც, რაც ხელს შეუწყობს ფონდში დაგროვილი სახსრების საპენსიო ფონდისთვის შემოსავლის წყაროდ გადაქცევას და ინვესტიციების განხორციელებას. საპენსიო სამსახური ამჟამად მუშაობს ამგვარი ინსტრუმენტების სხვადასხვა ვარიანტზე, როგორიცაა საბანკო დეპოზიტები, სახელმწიფო და კორპორაციული ობლიგაციები.

ამჯერად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საპენსიო რეფორმის რა მოდელის შემოთავაზებას აპირებს მთავრობა, თუმცა საპენსიო ფონდის მმართველი, სავარაუდოდ, უცხოური კერძო კომპანია იქნება, რომელსაც მსგავსი ფონდის მართვის გამოცდილება აქვს. განსჯის საგანია, თვეში რა ოდენობის თანხა უნდაგადაირიცხოს ფონდში ხელფასიდან. საუბარია ხელფასის არანაკლებ 6 პროცენტზე, რაშიც სახელმწიფო და დამსაქმებელი თანაბრად შეიტანენ წვლილს.

საპენსიო მოდელის შერჩევის შემდეგ მთავრობამ აქტიური საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოოს როგორც დამსაქმებლებთან, ასევე დასაქმებულებთან, რათა საპენსიო ფონდისა და სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობა გაიზარდოს, რაც ამგვარი რეფორმის განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

XS
SM
MD
LG