Accessibility links

საპრეზიდენტო არჩევნები და ოპოზიციური პარტიების შანსები


პრეზიდენტის სასახლე

საპრეზიდენტო არჩევნებამდე რვა თვე დარჩა და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნელ-ნელა აქტუალობას იძენს საკითხი - მმართველი ძალის კანდიდატთან თანაბარი კონკურენციის რა შანსები აქვთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევა

  • ერთიანი კანდიდატით წარდგენის პერსპექტივაზე „ევროპული საქართველო“ ჩამოყალიბებული არ არის.
  • „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეჯერებულა იმ კანდიდატზე, რომელსაც წარუდგენდა პოტენციურ პარტნიორებს.
  • „ქართულ ოცნებაში“ ჯერ ნაადრევად მიიჩნევენ იმაზე საუბარს, ვინ იქნება პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.
  • საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს.

ამ დროისათვის დადასტურებულად მხოლოდ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, ითვლება პრეზიდენტობის კანდიდატად - მან, დაახლოებით, ორი თვის წინ, დეკემბრის ბოლოს, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იწყებს. პრეზიდენტობის გაცხადებული ამბიცია აქვს ასევე „დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს“, ნინო ბურჯანაძეს. „ქართული ოცნების“ მიერ მედიაში ასევე ქალი კანდიდატის შესაძლო ნომინირების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. კერძოდ, გავრცელებული ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მმართველ პარტიაში ორ შესაძლო კანდიდატს განიხილავენ და ეს კანდიდატები არიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად, უმრავლესობის დეპუტატების თანახმად, შიდა კონსულტაციები არ დაწყებულა და, შესაბამისად, „ქართულ ოცნებაში“ ჯერ ნაადრევად მიიჩნევენ იმაზე საუბარს, ვინ იქნება პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი პოლიტიკური პარტიები უკვე მსჯელობენ საპრეზიდენტო მარათონში ეფექტიანად ჩართვის ფორმებზე. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ გვითხრა, უკვე თვეზე მეტია, ოპოზიციურ პარტიებში აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატებში ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციასა და მათი რესურსების გაერთიანებაზე, რათა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციამ ერთიანი ფრონტით, ერთიანი კანდიდატით გამოსვლა შეძლოს:

„კანდიდატის შესარჩევად ყველაზე კარგი ტაქტიკური მექანიზმი არის პრაიმერისი, რაზეც, დიდი ხანია, მიმდინარეობს საუბრები და თვითონ ის ფაქტი, რომ პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაერთვება, ნამდვილად ცუდი არ არის: „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსი - როგორც პარტიული, ისე პოლიტიკური - ნამდვილად ამ საქმეს ხელს შეუწყობს. აქ გამოჩნდება უკვე, რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციას რა მიზნები აქვს - ქვს მიზანი იბრძოლოს საპრიზო ადგილისთვის თუ ხელისუფლების დამარცხებისთვის“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციურ ძალებთან გაერთიანებისა და საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატით გამოსვლისაკენ მოუწოდა 4 მარტს ამსტერდამიდან ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა:

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ საპრეზიდენტო კამპანიისთვის ყველა არგაყიდულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად, პრაიმერისის გზით შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატი, ჩავატაროთ ისეთი კამპანია, როგორიც არასდროს ჩაგვიტარებია - აბსოლუტურად ახალი მეთოდებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გამოცდილი ხალხის გამოცდილების გათვალისწინებით და ახალი ხალხის ჩართვით, მათ შორის - ახალგაზრდობის მასობრივად მოზიდვით. ჩვენ უნდა დავინახოთ და დავანახვოთ ყველას მომავლის პერსპექტივა და ეს აუცილებლად გამოგვივა“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ოპოზიციური სპექტრიდან პარტნიორებად მიიჩნევენ პროდასავლურ, დემოკრატიული ღირებულებების პარტიებს, თუმცა, როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, გვითხრა, საკონსულტაციო პროცესი ჯერ არ დაწყებულა, მათ შორის, პარტია არ შეჯერებულა იმ კანდიდატზეც, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტობის პოსტზე პრაიმერისისთვის წარუდგენდა პოტენციურ პარტნიორებს.

სახელისუფლებო კანდიდატის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით მოქმედების ცალსახად პოზიტიურ ეფექტზე მიუთითებს, თავის მხრივ, „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი, რომელიც აქვე შენიშნავს, რომ ეს თეორიულად კარგია, პრაქტიკულად კი - ძნელად განსახორციელებელი.

თვითონ სააკაშვილი მნიშვნელობით მეორე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, „ევროპულ საქართველოს“ ეძახის „გამყიდველებს“. მეორე მხრივ, სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის შეიძლება სააკაშვილი იყოს მიუღებელი. ასე რომ, ეს იდეა წმინდად თეორიულია, ჩემი აზრით...
გია ნოდია

„აქაც არის ორი გზა მინიმუმ: ერთი, რომ კანდიდატი პრაიმერის გზით გამოვლინდეს, მეორე კი, იყოს პირველი ტური და შემდეგ მეორე ტურში ყველა გაერთიანდეს საერთო კანდიდატის ირგვლივ“, - აღნიშნავს გიგი წერეთელი, რომელიც ოპოზიციის კონსოლიდაციისთვის კარგ საშუალებად მიიჩნევს, ასევე, თანამშრომლობას მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში, რომლებიც ხონსა და ვანში 28 აპრილს გაიმართება.

თუმცა კონკრეტულად საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი კანდიდატით წარდგენის პერსპექტივაზე „ევროპული საქართველო“ ჩამოყალიბებული არ არის, თავად იდეის ხორცშესხმა კი პრაქტიკულად არარეალისტურად მიაჩნია პოლიტიკურ ექსპერტს, გია ნოდიას, რომელიც უბრუნდება რა ამ პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩართვის იდეას, ამბობს:

„თვითონ სააკაშვილი მნიშვნელობით მეორე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, „ევროპულ საქართველოს“ ეძახის „გამყიდველებს“. მეორე მხრივ, სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის შეიძლება სააკაშვილი იყოს მიუღებელი. ასე რომ, ეს იდეა წმინდად თეორიულია, ჩემი აზრით“.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება, თავის მხრივ, არ მიუღია არც საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს. შესაბამისად, ღიად რჩება საკითხიც იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა იგი განსხვავებული სპექტრის ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატად ვიხილოთ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG