Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროკურორო საბჭო ნაწილობრივ დაკომპლექტდა


პროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა

საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრი არჩეულია. პროკურორთა სამდღიან კონფერენციაზე 15-კაციანი საბჭოს 8 წევრი აირჩიეს, ახლა დანარჩენი 7 წევრის არჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პარლამენტს და სამოქალაქო სექტორს მოუწევს. ამ შემადგენლობით დაკომპლექტებულ საპროკურორო საბჭოს ფუნქცია იქნება მთავარი პროკურორის არჩევა. საპროკურორო საბჭოს შექმნა კი განაპირობა „პროკურატურის შესახებ“ კანონში შესულმა ცვლილებებმა, რაც პროკურატურის რეფორმირებას ემსახურება.

პროკურორთა სამდღიანი კონფერენციის დასასრულს პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა კენჭისყრის შედეგები შეაჯამა და საპროკურორო საბჭოს 8 არჩეული პროკურორის ვინაობა დაასახელა:

„შეიძლება თამამად ითქვას, რომ საპროკურორო საბჭო დაკომპლექტებულია, 8 წევრი პროკურორი არჩეულია და ისინი არიან საქართველოს პროკურატურის პროკურორები: გიგა ძნელაძე, ნათია სონღულაშვილი, გოჩა ფარულავა, კონსტანტინე სირაძე, ანა კალანდაძე, გიორგი გაბოძე, ანზორ უსტიაძე და მამუკა ფიფია“.

მთავარი პროკურორი ძალიან კარგად უნდა იცნობდეს პროკურატურის სისტემას, ზუსტად უნდა იცოდეს პროკურორებისა და გამომძიებლების საჭიროებები, უნდა ჰქონდეს პროკურატურის განვითარების ძალიან მკაფიო ხედვა და არ უნდა იყოს უცხო სხეული მთავარი პროკურატურისათვის...
ნათია სონღულაშვილი

პროკურატურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად შექმნილი საპროკურორო საბჭოს უფლებაა: დაამტკიცოს საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, წარუდგინოს მთავრობას მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება, განახორციელოს მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება. საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საპროკურორო საბჭო არ ჩაერევა.

მთავარი პროკურორის კანდიდატურას ასახელებს და საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მინისტრი, საბჭო მას ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარუდგენს მთავრობას, შემდეგ კი − პარლამენტს. მისი უფლებამოსილების ვადა 6 წელია.

საპროკურორო საბჭოში არჩეულმა პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში იმ პრინციპებზე ისაუბრა, რომლებითაც ის მთავარი პროკურორის დამტკიცების დროს იხელმძღვანელებს:

„მთავარი პროკურორი ძალიან კარგად უნდა იცნობდეს პროკურატურის სისტემას, ზუსტად უნდა იცოდეს პროკურორებისა და გამომძიებლების საჭიროებები, უნდა ჰქონდეს პროკურატურის განვითარების ძალიან მკაფიო ხედვა და არ უნდა იყოს უცხო სხეული მთავარი პროკურატურისათვის“.

თუმცა თავად საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხში ეჭვი ეპარება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს ანა ნაცვლიშვილს. მისი ორგანიზაცია არ აპირებს პროცესში მონაწილეობას და საბჭოში თავისი კანდიდატურის დასახელებას:

„საბჭოს მთავარი ნაკლი მდგომარეობს, ერთი იმაში, რომ მოცემულ სისტემაში მისი 8 წევრი პროკურორი ძალიან ნაკლებად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებენ სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირების სასარგებლოდ და, მეორე, ამ საბჭოში, მართალია, არიან აკადემიური წრეების წარმომადგენლები, არასამთავრობოები და მოსამართლეებიც, თუმცა არც ერთ ამ აქტორს, ცალკე აღებულს და ერთადაც კი, არ აქვს რეალური ბერკეტი გადაწყვეტილებაზე იქონიოს რაიმე სახის გავლენა“.

შესაბამისად, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეს საბჭო არსებული სისტემისგან დიდად არ განსხვავდება.

გია გვილავა
გია გვილავა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტების მენეჯერი გია გვილავა მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული მოდელით, მთავარი პროკურორის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი პოლიტიზებისგან საკმარისად დაცული არ არის და მასში პოლიტიკური ხელისუფლების მონაწილეობა კვლავ მაღალია:

„როგორც საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტება, ისე მთავარი პროკურორის შერჩევა-დანიშვნა მთლიანად არის ერთი პოლიტიკური ძალის ხელში. კანონი ისეა შექმნილი, რომ ყველა ეტაპზე ერთადერთი პოლიტიკური ძალა წყვეტს, ვინ იქნება მთავარი პროკურორი. ამ ვითარებაში მთელი ეს პროცესი არის დისკრედიტირებული და არის პოლიტიზებული და აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ მთელი პროცესის განმავლობაში იქნება უდიდესი პოლიტიკური გავლენა. ერთი ინდიკატორიც კი არ არის, რომელიც მიგვანიშნებდა, რომ ხელისუფლებას სურს დემოკრატიული წესით ობიექტური პროკურორის არჩევა და არა ხელისუფლების მიმართ ლოიალური პირის არჩევა“.

საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა ოქტომბრის ბოლოს უნდა გაიმართოს. ამის შესახებ პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, "კანონმდებლობის თანახმად, საპროკურორო საბჭო პირველად უნდა შეიკრიბოს კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის თავზე, რაც ამ შემთხვევაში არის 29 ოქტომბერი".

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG