Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია “რუსეთი მტერია! არა ოკუპაციას!”


საპროტესტო აქცია ქუთაისში
საპროტესტო აქცია ქუთაისში

“რუსეთი მტერია! არა ოკუპაციას!” – ამ ლოზუნგით ქუთაისში, თეთრ ხიდზე, აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და სხვა მოქალაქეებმა, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს ქუთაისის მერიის მახლობლად 25 თებერვალს, ოკუპაციის დღეს, გაკრული წარწერების „რუსეთი მტერია!“ ჩამოხსნის გამო. 27 თებერვლის აქციის მონაწილეებმა თეთრი ხიდიდან მერიის შენობასთან გადაინაცვლეს და იმავე შინაარსის სტიკერები განათავსეს.

გადმოწერა

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

აქციის ერთ -ერთი ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებლის, თორნიკე ბარათაშვილის ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილ ქვაფენილზე და მერიის შენობის მიმდებარედ 25 თებერვალს გაკრული სტიკერები მერიის დაცვის თანამშრომლებმა მალევე ჩამოხსნეს, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად ჯავახიამ კი ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის კანონის დამრღვევებს დააჯარიმებდნენ. ამას სოციალურ ქსელში პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც მერიამ პოზიცია შეცვალა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ. თორნიკე ბარათაშვილისავე განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვა კიდევ ერთხელ მიუთითებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე და არ შეიძლება ქალაქის იერსახის დამახინჯებად აღიქმებოდეს წარწერები „რუსეთი მტერია“ და „არა ოკუპაციას“.​

საპროტესტო აქციის სტიკერები ქუთაისის მერიასთან
საპროტესტო აქციის სტიკერები ქუთაისის მერიასთან

არასამთავრობო ორგანიზაციის „რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის“ წარმომადგენლის, აკაკი საღინაძის, შეფასებით, ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული სტიკერების ჩამოხსნა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან შერჩევითი დამოკიდებულების გამოხატულებაა, რადგან ადმინისტრაციული და კულტურული მემკვიდრეობის შენობებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები მრავლადაა, ზოგიერთ ადგილას შემორჩენილია საარჩევნო პლაკატები და მერია ამ ადგილების გასუფთავებას ამ დრომდე არ ცდილობს. ამასთან, ამ კანონდარღვევებისთვის არავინ დასჯილა.

საქართველოს ოკუპაციისა და რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელები შეუერთდნენ. საკრებულოს წევრ გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერია ცენტრალური ხელისუფლების კურსის გამტარებელია.

აქციის მონაწილე ელისო გოლეთიანის განცხადებით, აუცილებელია სამოქალაქო აქტიურობა, რადგან ბოლო დროს ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკა ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ ლოიალურია.

აქციის მონაწილეთა ბრალდებების საპასუხოდ ქუთაისის მერიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG