Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ზუგდიდის მუზეუმს სასამართლოში მოუგო


ზუგდიდი
ზუგდიდი

ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან მიმდინარე წლის თებერვალში გათავისუფლებული თანამშრომლის, ელზა ზოდელავას, სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. მოსამართლე სიმონ ჩხაიძემ ბათილად ცნო მისი გათავისუფლების ბრძანება და მუზეუმს თითქმის ერთი წლის წინ დათხოვნილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაავალა:

„მოთხოვნა იყო ბათილად ცნობილიყო მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ასევე ვითხოვდით მის თანამდებობაზე აღგენას და განაცდურის ანაზღაურებას. პირველმა ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, რაც ჩვენ მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი მოსაზრება და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ელზა ზოდელავას უფლებების დამცველმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტმა, ლელა მოწონელიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ სულ ორი რუსულენოვანი ექსკურსიამძღოლია და აქედან მე ვარ ქართულ-სლავური ენების სპეციალისტი და ექსკურსიები მიმყავს არა მარტო რუსულ და ქართულ ენაზე, ასევე პოლონურ ენაზე, გამათვისუფლა. ეს უფრო პირად ინტერესებს ეხება, რაც ძალიან სამწუხაროა...
ელზა ზოდელავა

გაასაჩივრებს თუ არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მუზეუმის ადმინისტრაცია, ჯერ ცნობილი არ არის. დირექტორი ლილი ბერაია აცხადებს, რომ სანამ არ ჩაბარდება სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა, კომენტარს არ გააკეთებს.

ელზა ზოდელავა სამსახურიდან 2017 წლის 1 თებერვალს დაითხოვეს მუზეუმის დირექტორის ბრძანების საფუძველზე. გათავისუფლებულის მტკიცებით, სამსახურიდან გაშვების მიზეზი იყობერაიასთან დაპირისპირებაა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მან კულტურის სამინისტროს დირექტორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ აცნობა.

„ქალბატონმა ლილი ბერაიამ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გავეთავისუფლებინე სამსახურიდან. მიუხედავად იმისა, რომ სულ 2 რუსულენოვანი ექსკურსიამძღოლია და აქედან მე ვარ ქართულ-სლავური ენების სპეციალისტი და ექსკურსიები მიმყავს არა მარტო რუსულ და ქართულ ენაზე, ასევე პოლონურ ენაზე, გამათვისუფლა. ეს უფრო პირად ინტერესებს ეხება, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა ელზა ზოდელავამ.

მე მყავს აქ თანამშრომლები ქართულ-ინგლისურის, ქართულ-რუსულის, ქართულ გერმანულის სპეციალისტები. ჩვენ საქართველოში ვართ და ის ქართულად ვერ ატარებს. ამიტომ ახლა ხომ ვერ გავუშვებდი იმას, ვინც ქართულ-რუსულად ატარებს?!...
ლილი ბერაია

თავის მხრივ, მუზეუმის დირექტორს ჟურნალისტებთან საუბარში არაერთხელ განუმარტავს, რომ სამსახურიდან ელზა ზოდელავასთან ერთად კიდევ ორი თანამშრომელი დაითხოვა მხოლოდ და მხოლოდ რეორგანიზაციის მიზეზით.

„მე მყავს აქ თანამშრომლები ქართულ-ინგლისურის, ქართულ-რუსულის, ქართულ გერმანულის სპეციალისტები. ჩვენ საქართველოში ვართ და ის ქართულად ვერ ატარებს. ამიტომ ახლა ხომ ვერ გავუშვებდი იმას, ვინც ქართულ-რუსულად ატარებს?!“ - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აფშილავამ 8 ივნისს არ დააკმაყოფილა მუზეუმიდან გათავისუფლებული ელზა ზოდელავას სარჩელი. მან საქმეში არსებული მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG