Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაში დადანაშაულებული კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაშია დადანაშაულებული. ოპოზიცია გუბერნატორს „ნავთობმაგნატს“ უწოდებს, ადმინისტრაცია კი ბრალდებას უარყოფს. მუნიციპალიტეტის პირველ პირებს საწვავის ეკონომიური ხარჯვისკენ მოუწოდებენ გლეხებიც. რა ოდენობის საწვავს მოიხმარენ რეგიონის თვითმმართველობებში წლიდან წლამდე და რა საჭიროებისთვისაა ის გათვალისწინებული?

წლევანდელი ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვას რომ გადახედოთ, ვერ გაარკვევთ, კახეთის გუბერნატორია თუ ნავთობმაგნატი, იმიტომ რომ 82 ათასი ლარის საწვავია გაწერილი. ამდენი რა უნდა გახარჯოს გუბერნატორის ადმინისტრაციამ?!
ნიკა ვარდოშვილი

ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილი კახეთის გუბერნატორს საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ვარდოშვილის თქმით, მიმდინარე წელს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის, ადმინისტრაცია სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომობილების საწვავისთვის 82 000 ლარს დახარჯავს. ვარდოშვილს აინტერესებს, რა საქმისთვის უნდა დახარჯოს ამ თანხით შეძენილი, დაახლოებით, 40 ათასი ლიტრი საწვავი გუბერნატორის ადმინისტრაციამ, მაშინ როცა ბევრი გლეხი მიწას სწორედ საწვავის უქონლობის გამო ვერ ამუშავებს:

„წლევანდელი ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვას რომ გადახედოთ, ვერ გაარკვევთ, კახეთის გუბერნატორია თუ ნავთობმაგნატი, იმიტომ რომ 82 ათასი ლარის საწვავია გაწერილი. ამდენი რა უნდა გახარჯოს გუბერნატორის ადმინისტრაციამ?! 8 ათასი ლარი დაიხარჯა ჯერ მარტო გასულ წელს გუბერნიის ავტომანქანების რეცხვაზე და, საერთოდ, გუბერნია, მთლიანად ინსტიტუტზე რომ ვილაპარაკოთ, არის სისტემური ხორცმეტი. არაფერში არ არის საჭირო გარდა იმისა, რომ ატერორებს თვითმმართველობებს. თვითმმართველობის განვითარება და წინსვლა თუ გვინდა, აი, ეს სამსახური არის მოსაშორებელი“.

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ნინო უტიაშვილი ოპოზიციის მიერ დასახელებულ თანხაზე, რომელიც საწვავისთვის არის განკუთვნილი, ამბობს, რომ ფული საორიენტაციოა და, დიდი ალბათობით, ის მთლიანად არ დაიხარჯება:

ჩემი მანქანა სულ მზად არის იმისთვის, რომ ვიარო ნებისმიერ პრობლემაზე - ან შეხვედრები იქნება თუ კულტურული ღონისძიებები. სკოლები და ბაღები ატარებენ ღონისძიებებს, სოფლებში ათასი რაღაც კეთდება და ყველგან მისვლაა საჭირო...
გიორგი გოგილაშვილი

„აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ეს თანხა არ არის შეძენილი. ეს არის საორიენტაციო სახელშეკრულებო თანხა, რომელიც წლის განმავლობაში, ფაქტიურად, ყოველთვიური ხარჯის მიხედვით იქნება გაანგარიშებული. რეალურად წლის ბოლოს შესაძლებელია და, როგორც წესი, გაცილებით ნაკლებია ხოლმე ეს თანხა“.

რა ოდენობის საწვავს მოიხმარენ კახეთის მუნიციპალიტეტებში წლიდან წლამდე და რა საჭიროებისთვის არის ის გათვალისწინებული? ჩვენ ამ თემით დავინტერესდით და, როგორც ირკვევა, საწვავისთვის გამოყოფილი თანხები სხვაგანაც სოლიდურია. მაგალითად, ლაგოდეხის ადგილობრივ ბიუჯეტში მერიის, საკრებულოსა და სამხედრო გაწვევის სამსახურისთვის წელს 70 ათას ლარამდეა გამოყოფილი, სიღნაღის მერიისა და საკრებულოსთვის კი - 10 ათას ლარზე მეტი. სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი ამბობს, რომ საწვავს მერიის ბალანსზე არსებული ავტომანქანებისთვის ეკონომიურად იყენებენ:

„ჩემი მანქანა სულ მზად არის იმისთვის, რომ ვიარო ნებისმიერ პრობლემაზე - ან შეხვედრები იქნება თუ კულტურული ღონისძიებები. სკოლები და ბაღები ატარებენ ღონისძიებებს, სოფლებში ათასი რაღაც კეთდება და ყველგან მისვლაა საჭირო. ყველას ყურადღების მიქცევა უნდა. რაც შეეხებათ საკრებულოს დეპუტატებს, მათ საწვავი ძირითადად მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის სჭირდებათ“.

კახეთი
კახეთი

ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს მეტი ეკონომიისკენ მოუწოდებენ გლეხები. მათი თქმით, რეგიონში აქტიური საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს და ბევრი მათგანი მიწას იმიტომ ვერ ამუშავებს, რომ საწვავის ფული არ აქვს:

„სალიარკა ძვირია. ვინც ხნავს, მისი გადასახადიც ძვირია. ძალიან გვიჭირს და ცოტა საწვავით რომ დაგვეხმაროს მთავრობა, კარგი იქნება“.

საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაზე ეჭვები კახეთში სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც არაერთხელ გამოუთქვამთ. ისინი აუდიტის სამსახურს მოუწოდებენ, რეგიონებში ბიუჯეტის ფულით ნაყიდი საწვავის მოხმარება გააკონტროლონ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG