Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საწვრთნელი ცენტრი და საქართველო ახალ კოალიციაში


რა წვლილს შეიტანს საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციაში და მოსალოდნელია თუ არა ამ ოპერაციის ფარგლებში სირიელი მეამბოხეების საქართველოში გაწვრთნა? ამ საკითხს დღეს საქართველოს მთავრობის ორი უწყება - თავდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო - გამოეხმაურა. საგანგებო განმარტება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში, რომელიც, თავის მხრივ, პასუხია გამოცემა „Foreign Policy”-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ანონიმური წყაროს თანახმად, საქართველომ, „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანის მიზნით, ამერიკის შეერთებულ შტატებს შესთავაზა თავის ტერიტორიაზე განათავსოს ბაზა, რომელზეც სირიელი მეამბოხეები გაიწვრთნებიან. ანტიტერორისტული საწვრთნელი ცენტრის გახსნის შეთავაზება, სტატიის მიხედვით, „Foreign Policy”-ის საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემაც დაუდასტურა, თუმცა დასძინა, რომ საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია. მოგვიანებით არჩილ გეგეშიძემ ჟურნალისტი ინფორმაციის დამახინჯებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი პასუხი რაიმეზე დასტურს არ ნიშნავდა:

“მე ვუთხარი, რომ ეს საკითხი ჩემთვის უცნობია. თუკი დადგა ამდაგვარი საკითხი, ისევე როგორც ყველა სხვა საკითხი, ამ საკითხსაც საქართველოს მთავრობა მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდება. ეს პასუხი არანაირად არ ნიშნავს რაიმეზე დასტურს. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტმა, რომელიც ახალგაზრდა კაცი ჩანს, - როგორც ეტყობა, უცხოურ მედიაშიც კვალიფიკაციის პრობლემა ხანდახან არსებობს, - აი, ეს უზუსტობა დაუშვა“.

„Foreign Policy” კი, გავრცელებული ცნობების თანახმად, თავის მხრივ, პასუხს აგებს სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და არაფრის შესწორებას არ აპირებს. “Foreign Policy”-ის გარდა, ქართული მხარის მიერ ვაშინგტონისთვის სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის შეთავაზებას სააგენტო „Reuters“-იც იუწყება. ითვალისწინებს რა წარსულის გამოცდილებას, ამ შეთავაზებას, თავისთავად, არ გამორიცხავს სამხედრო ექსპერტი, ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. იგი ფიქრობს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედი ალიანსის დიპლომატიური და პოლიტიკური მხარდაჭერა სავსებით საკმარისი ნაბიჯი იქნებოდა საქართველოს მხრიდან:

“ჩემი პირადი აზრია, რომ ამ სიტუაციაში ჩვენ ზედმეტი ინიციატივის გამოჩენა არაფერში არ გვსურს, არ გვჭირდება. საკმარისი იქნებოდა პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა იმ ალიანსისთვის, რომელიც დღეს იქმნება მსოფლიოში ამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. თვით ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი, ახლა ერთმანეთის მოკავშირეები გამოდიან. და თვით ბაშარ ასადის ხელისუფლებაც კი ერთგვარი მოკავშირე ხდება ამერიკელების. ასე რომ, საკმაოდაა ძალები, რომლებიც მიხედავენ ამ „ისლამურ სახელმწიფოს“, და ჩვენ აქ ზედმეტი ინიციატივის გამოჩენა არაფერში არ გვაწყობს“.

უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს კი, რომელთა თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა, ოფიციალური განცხადებები მოჰყვა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში, მაგალითად, დაზუსტებულია, რომ საქართველოში არ იგეგმება არც საწვრთნელი ცენტრის გახსნა და არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა კოალიციის ფარგლებში, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში საქართველოს მონაწილეობა კი ძირითადად ჰუმანიტარული მისიებით შემოიფარგლება.

„საბოლოო გადაწყვეტილება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე იქნება მიღებული“, - იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და ნატოსთან ყველაზე თავსებადი ქვეყანა, განიხილავს, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას ISIS ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში. განცხადებაში, რომელშიც არაფერია ნათქვამი სირიელი მეამბოხეების საქართველოში გაწვრთნასთან დაკავშირებით, დაზუსტებულია, რომ მოკავშირეებთან ერთად განხილული არც ერთი ვარიანტი არ შეიცავს ქართული საჯარისო დანაყოფების მივლინებას საომარი მოქმედებების ზონაში. „მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ რაიმე სახის სამხედრო მონაწილეობას და სამხედრო ბაზის შექმნას კატეგორიულად გამოვრიცხავ“ - ეს დაზუსტება, თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს ეკუთვნის. იგი ამბობს, რომ ამ ცოტა ხნის წინ გაეროს უშიშროების საბჭოზეც განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში საქართველოს მონაწილეობა მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათის იქნება.

ბალანსი დასაცავია, ფიქრობს პოლიტიკური ექსპერტი ლევან ცუცქირიძე, რომლის აზრითაც, ასაწონ-დასაწონია, რისკების საფასურად რას მიიღებს ქვეყანა უსაფრთხოების მიმართულებით.

„რისკები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ ნაბიჯშია. რისკები იყო, როდესაც ავღანეთში ვიყავით, როდესაც ერაყში ვიყავით და რისკები იქნება ახლაც, თუ რაიმე ფორმით მივიღებთ ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას“, ამბობს ლევან ცუცქირიძე.

სააგენტო „ინტერპრენიუსმა“ კი სირიელი მეამბოხეების საქართველოში გაწვრთნის საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის გასაგებად თბილისში ამერიკის საელჩოს მიმართა. საელჩოს თანახმად, შეერთებული შტატების პოზიცია კარგად ჩანს თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის იმ განცხადებებში, რომელიც მან თბილისში ყოფნისას გააკეთა.

“მდივანმა ჰეიგელმა საქართველოს საერთაშორისო ტერორიზმში აქამდე წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა“, - ვკითხულობთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს „ინტერპრესნიუსისადმი“ გაცემულ პასუხში.

XS
SM
MD
LG