Accessibility links

ფაკისო მოჩოჩოკო: „ჩვენ მტკიცებულებებს მივყავართ დამნაშავემდე“


ფაკისო მოჩოჩოკო

თბილისში გრძელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საზოგადოების ინფორმირება სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესზე. ჰააგის სასამართლო იძიებს 2008 წლის ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს. რა ეტაპზეა ახლა პროცესი და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას გამოძიების მიმართ? ნინო გელაშვილი ესაუბრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის იურისდიქციის, კომპლემენტარულობისა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორს - ფაკისო მოჩოჩოკოს:

ნინო გელაშვილი: თავის დროზე გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებამ შექმნა დიდი მოლოდინი პროცესის მიმართ. მოგვიანებით ეს მოლოდინი შედარებით დაცხრა, რადგან მიმდინარეობს გამოძიების პროცესი და მის შესახებ ბევრი დეტალი არ ხმაურდება. იქნებ, განუმარტოთ საზოგადოებას, არა მხოლოდ დაზარალებულებს, რა უნდა იყოს სწორი მოლოდინი გამოძიების მიმართ?

ფაკისო მოჩოჩოკო: მართლაც, ყოველთვის, როცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ერთვება ამა თუ იმ ქვეყნის სიტუაციაში, დიდი მოლოდინია ხოლმე. დაზარალებულებმა და მთლიანად საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს გამოძიება საკმაოდ რთულია. ის მოიცავს მტკიცებულებების მოპოვებას ძალიან სერიოზული დანაშაულების შესასწავლად. ეს გულისხმობს მრავალჯერად კომუნიკაციას მოწმეებთან იმისათვის, რომ მოვიპოვოთ საკმარისი მტკიცებულებები და დავაკმაყოფილოთ კრიტერიუმები, რომლებსაც მოსამართლეები აწესებენ. ეს ინფორმაცია მოპოვებული უნდა იყოს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად. საზოგადოებამ საქართველოში და, კერძოდ, დაზარალებულებმა უნდა იცოდნენ, რომ გამოძიება გრძელდება. პროკურორის ოფისი ძალას არ ზოგავს იმისათვის, რომ ეს გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს. გამოძიების პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ბევრად დიდხანს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ეს არის ამგვარი გამოძიების ბუნება. ასე რომ, ყველას მოვუწოდებდით მოთმინებისკენ და იცოდეთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ამ საქმეზე.

ნინო გელაშვილი: მაგრამ არ შეგვიძლია ვთქვათ, როდის დასრულდება გამოძიება.

ფაკისო მოჩოჩოკო: სამწუხაროდ, არ შეგვიძლია ამის თქმა. ის გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენი ხანიც დასჭირდება მტკიცებულებების შეგროვებას იმგვარად, რომ დააკმაყოფილოს რომის სტატუტის სამართლებრივი მოთხოვნები.

ნინო გელაშვილი: როდის დგება მომენტი, როცა პროკურორის ოფისი გადაწყვეტს, რომ გამოძიება დასრულდა? არსებობს ზუსტი კრიტერიუმები ამის განსაზღვრისთვის?

ფაკისო მოჩოჩოკო: მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ მოპოვებული მტკიცებულებები იყოს საკმარისი სტატუტით განსაზღვრული სამართლებრივი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. ეს იქნება მომენტი, როცა, პროკურორის ოფისის შეფასებით, ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები და ინფორმაცია საკმარისი იქნება მოსამართლეებისთვის, რომ ამა თუ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ. ვიდრე ეს კრიტერიუმი არ დაკმაყოფილდება, ჩვენ არ გადავალთ შემდეგ ეტაპზე. ახლა ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა, როდის მოხდება ეს.

ნინო გელაშვილი: გამოძიების ამ ეტაპზე რა არის დამოკიდებული საქართველოში ან სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე დაზარალებულებისა და მათი ადვოკატების მოქმედებაზე?

ფაკისო მოჩოჩოკო: ამ ეტაპზე დაზარალებულები უნდა მუშაობდნენ სასამართლოს რეგისტრატორის დაზარალებულთა ოფისთან. ამ ოფისის თანამშრომლები უკავშირდებიან დაზარალებულებს იმისათვის, რომ შეავსონ სათანადო ფორმები და ამის საფუძველზე გადაწყვიტონ, მიიღებს თუ არა ესა თუ ის დაზარალებული მონაწილეობას გამოძიებაში. მოგვიანებით, თუკი გამოვლინდება ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირი, დაზარალებულებს შეუძლიათ ჰქონდეთ კომპენსაციის მიღების მოლოდინი. თუმცა ჯერჯერობით ძალიან შორს ვართ ამ მომენტისგან. ჩვენ ჯერ უნდა დავამტკიცოთ ამა თუ იმ პირის დანაშაული, მოვძებნოთ ეს პირი, გავასამართლოთ, ვაღიაროთ დამნაშავედ. ამჟამად დაზარალებულებს უნდა ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია სასამართლოს რეგისტრატორთან არსებულ დაზარალებულებისა და რეპარაციების განყოფილებასთან. ისინი მიიღებენ მათ განცხადებებს და განსაზღვრავენ განმცხადებლების პროცესში მონაწილეობის მართებულობას.

ნინო გელაშვილი: განსაზღვრულია თუ არა დაზარალებულთა რაოდენობა - იმ დაზარალებულებისა, რომლებიც შეიძლება ჩაერთონ გამოძიების პროცესში, თუ მათი რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს? და შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ ტერიტორიები, საიდანაც დაზარალებულთა განაცხადები შემოდის თქვენთან? შეგიძლიათ დაასახელოთ განცხადებების რაოდენობა?

ფაკისო მოჩოჩოკო: არა, რაოდენობა არ არის დადგენილი და ბოლო ეტაპამდე ვერ იქნება დადგენილი, რადგან ეს მოსამართლეების გადასაწყვეტია. ასე რომ, დაზარალებულთა რაოდენობა ცნობილი არ არის. ტერიტორიების განსაზღვრას რაც შეეხება, ეს მოხდება საკმარის მტკიცებულებებზე დაყრდნობით. შესაძლებელია, ზოგიერთ ადგილას ჩადენილია დანაშაული და ჩვენ მოვიპოვებთ საკმარის მტკიცებულებებს იმისათვის, რომ დამნაშავეს პასუხი ვაგებინოთ. თუმცა ასევე შესაძლებელია დანაშაული ჩადენილი იყოს სხვა ტერიტორიებზეც და ჩვენ ვერ მოვიპოვოთ საკმარისი მტკიცებულებები დამნაშავეების გასასამართლებლად. ეს არ ნიშნავს, რომ დანაშაული არ მომხდარა. უბრალოდ, ჩვენ არ გვექნება საკმარისი მტკიცებულებები. ეს ყველაფერი მოგვიანებით, გამოძიების პროცესში გადაწყდება.

ნინო გელაშვილი: ვიცით, რომ საქართველო არის რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა, რუსეთი - არა. პროცესში მესამე მხარედ სახელდება სამხრეთ ოსეთი. დაზარალებულები ელოდებიან სამართალს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ინფორმაცია, ყველა ტერიტორია არ იქნება სასამართლოსთვის, პროკურორის ოფისისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი. როგორ მოხერხდება ყველა დაზარალებულისთვის თანაბრად სამართლიანად დასრულდეს ეს პროცესი?

ფაკისო მოჩოჩოკო: იდეალურ ვითარებაში ჩვენ უნდა გვქონდეს წვდომა ყველა დაზარალებულთან, ვის მიმართაც დანაშაულია ჩადენილი. სამწუხაროდ, ასე არ არის. მაგრამ ჩვენ გამოვიყენებთ ინოვაციურ გზებს დაზარალებულებთან დასაკავშირებლად ყველგან, სადაც ისინი არიან. ტექნოლოგიების ეპოქაში გამოვიყენებთ ყველა გზას დაზარალებულებთან დასაკავშირებლად, იქნებიან ისინი სამხრეთ ოსეთში, რუსეთში თუ სხვაგან. თუკი თავს დაზარალებულად თვლით, არის პროცედურები, რომლითაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დაზარალებულებისა და რეპარაციების ოფისს, ჩვენ კი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მივწვდეთ რაც შეიძლება მეტ დაზარალებულს.

ნინო გელაშვილი: მესმის, რომ ვერ ვიტყვით, როდის, მაგრამ რა იქნება შემდეგი ეტაპი ამ პროცესში?

ფაკისო მოჩოჩოკო: მას შემდეგ, რაც პროკურორის ოფისი შეაგროვებს საკმარის მტკიცებულებებს და დარწმუნდება, რომ აკმაყოფილებს სტატუტით დადგენილ კრიტერიუმებს, ის ამ მტკიცებულებებს წარუდგენს მოსამართლეებსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მოსამართლეები დამოუკიდებლად გააანალიზებენ ამ მტკიცებულებებს. თუკი ჩათვლიან საკმარისად, ისინი გამოსცემენ დაკავების ორდერს იმ პირსა ან პირებზე, რომლებმაც, არსებული მტკიცებულებების თანახმად, ჩაიდინეს დანაშული.

ნინო გელაშვილი: ეს იქნება პროკურორის ოფისის ერთჯერადი მოქმედება, თუ შეეძლება რამდენჯერმე წარადგინოს მტკიცებულებები სხვადასხვა პირის მიმართ?

ფაკისო მოჩოჩოკო: ეს დამოკიდებული იქნება მტკიცებულებების რაოდენობასა და ხარისხზე. ეს შეიძლება მოხდეს ერთჯერადად და შეიძლება იყოს დაპატიმრების ორდერების წყება. გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენ შეიძლება მოგვიხდეს მტკიცებულებების გადახედვა, ხელახლა მოძიება, მაგრამ როგორც კი ჩავთვლით, რომ საკმარისი ინფორმაცია გვაქვს პირის ან პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად, ჩვენ მას გადავცემთ მოსამართლეებს და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ნინო გელაშვილი: ვინ შეიძლება წარდგეს სასამართლოს წინაშე? აქვს თუ არა მნიშვნელობა პირის თანამდებობას? ეს იქნება სამოქალაქო ან სამხედრო მაღალჩინოსანი, თუ შეიძლება იყოს რიგითი ჯარისკაციც?

ფაკისო მოჩოჩოკო: ეს დამოკიდებულია მტკიცებულებაზე. ის, თუ ვის დაეკისრება ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დამოკიდებულია მტკიცებულებებზე. ჩვენ თავდაპირველად არ განვსაზღვრავთ პირს და მერე არ ვაგროვებთ ინფორმაციას. ჩვენ მტკიცებულებებს მივყავართ დამნაშავემდე. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გულდასმით შეგროვება და გაანალიზება - საით მივყავართ მას. მტკიცებულებებმა შეიძლება მიგვიყვანოს მაღალჩინოსანთან, საშუალო რგოლის პირთან ან უფრო დაბალი რანგის პირთან. ეს ყველაფერი ნამდვილად განისაზღვრება მტკიცებულებების საფუძველზე. ახლა შეუძლებელია პროგნოზირება, ვინ შეიძლება აგოს პასუხი, რადგან ახლა ვიმყოფებით მტკიცებულებების შეგროვების ადრეულ ეტაპზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG