Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირს არ გადაუვადებია სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთვის


სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი გადამწყვეტ სტადიაზე გადავიდა და საქართველოშიც უფრო მეტი ყურადღებითა და ემოციებით განიხილავენ ბრიუსელსა თუ სტრასბურგში წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას. მაგალითად, 6 ივნისს გაუგებრობა გამოიწვია პოლონელი ევროპარლამენტარის, ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის კომენტარმა უვიზო მიმოსვლის საკითხის შემოდგომისთვის გადავადებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც გაირკვა, ეს მხოლოდ ვარაუდია, პროცესი ჯერჯერობით ისევ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ბევრი რამ 9-10 ივნისს გაირკვევა. სარიუშ-ვოლსკის 6 ივნისის კომენტარს 7 ივნისს უფრო დამაიმედებელი კომენტარები მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები საერთაშორისო სარბიელზე გააქტიურდნენ.

როდესაც სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის გადავადებაზე ლაპარაკობს, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ვიცე-სპიკერი, ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ამ საკითხს უვიზო რეჟიმის „სწრაფი შეჩერების მექანიზმის“ კონტექსტში განიხილავს და ფიქრობს, რომ ევროპარლამენტი ამ სადავო საკითხის განხილვას შემოდგომამდე ვერ მოახერხებს. შესაბამისად, სარიუშ-ვოლსკის თქმით, ევროპარლამენტში ოქტომბრამდე, ანუ საქართველოში არჩევნების ჩატარებამდე, ვერც სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა მოხერხდება. საქმე ის არის, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო, თავის დაზღვევის მიზნით, ამ ორი საკითხის ერთმანეთთან მიბმას მოითხოვს.

„ამის (სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის) განხილვა შეუძლებელი იქნება (ოქტომბრამდე) – შეჩერების მექანიზმის გამარტივებასთან დაკავშირებული შეუთანხმებლობის გამო. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ მოგვიანებით საქართველო მიიღებს... მაგრამ რაც უფრო მეტს გააკეთებს საქართველო დემოკრატიის დეფიციტის აღმოფხვრის მიმართულებით (ეს შეეხება პოლიტპატიმრებს, თავისუფალ მედიას – „რუსთავი 2“-ს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და საარჩევნო პროცესს), უფრო ადვილად და უფრო სწრაფად მოხდება ეს“.

არც ერთი საკითხი – საქართველოში მომდინარე არც ერთი თემა, არც „პირველი არხის“, არც „იმედის“, არც „რუსთავი 2“-ის, არც არჩევნების, არც რომელიმე პარტიის შექმნის, არც რომელიმე ბლოკის შექმნის და ასე შემდეგ – არ არის დაკავშირებული ვიზალიბერალიზაციის პროცესთან...
დავით უსუფაშვილი

ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიის – ევროპის სახალხო პარტიის (EPP) - ერთ-ერთმა აქტიურმა ლიდერმა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ, 6 ივნისს სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა და, შეიძლება ითქვას, მრავალმხრივი დაბნეულობა გამოიწვია. ხალხი დაიბნა, მიუხედავად იმისა, რომ პოლონელი ევროპარლამენტარის სიტყვებში ბევრმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მცდელობა ამოიცნო, მსგავსად მიმდინარე წლის მარტში განვითარებული მოვლენებისა, როცა შეკითხვები ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს ჯოზეფ დოლს უკავშირდებოდა.

ევროპარლამენტის წიაღში საქმე უიმედოდ რომ არ არის და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის ზაფხულში დაგვირგვინება კვლავაც რომ შესაძლებელია, ეს 7 ივნისს სტრასბურგში, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის შეხვედრის დროსაც გაირკვა. გაისმა დამაიმედებელი დაპირება და პრეზიდენტ შულცის გზავნილი საზოგადოებას ამცნო ასევე სტრასბურგში მყოფმა დავით ბაქრაძემ, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში:

„პრეზიდენტ შულცის განცხადებით, ევროპარლამენტში განსაკუთრებული ერთიანობაა საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ბოლო დღეების ვიზიტების განხილვების შედეგად, პარლამენტი და მისი შესაბამისი კომიტეტი გეგმავენ დააჩქარონ ეს პროცესი იმისთვის, რომ უკვე ზაფხულის პერიოდში პარლამენტში ეს პროცედურები შესაბამისად დასრულდეს“.

6 ივნისს გაკეთებულ სადავო კომენტარში ევროპარლამენტარმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ საქართველოს დემოკრატიასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემური საკითხი ჩამოთვალა (მათ შორის „რუსთავი 2“-ის საქმე თუ კორცხელის ინციდენტი), ამ საკითხების გარშემო შეკითხვები პრეზიდენტ მარგველაშვილსაც დაუსვეს 6 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და შეშფოთებაც გაუზიარეს. მაგრამ ანალიტიკოსები ვერ იხსენებენ ევროსტრუქტურების წიაღში გაკეთებულ ვერც ერთ ოფიციალურ კომენტარს იმის თაობაზე, რომ ჩამოთვლილი პრობლემები განიხილება სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის შემაფერხებელ ფაქტორებად. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა 7 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, ტვიტერზეც დაწერა, რომ „საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი სავიზო ლიბერალიზაციისთვის“ და მისი საკითხის განხილვა არ უნდა დაგვიანდეს. სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტის წინ:

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„არც ერთი საკითხი – საქართველოში მომდინარე არც ერთი თემა, არც „პირველი არხის“, არც „იმედის“, არც „რუსთავი 2“-ის, არც არჩევნების, არც რომელიმე პარტიის შექმნის, არც რომელიმე ბლოკის შექმნის და ასე შემდეგ – არ არის დაკავშირებული ვიზალიბერალიზაციის პროცესთან. ჩვენ ყველა პარტნიორი გვეუბნება იმას, რომ ის, რაც საქართველოს უნდა გაეკეთებინა, გაკეთდა და საქართველო არის ამისთვის მზად“.

საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ბერლინში 8-დან 10 ივნისამდე გამართავს შეხვედრებს, თვის ბოლოს კი გერმანიას ეწვევა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, ორშაბათს ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და მას კიდევ ერთხელ განუმარტა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობა საქართველოსთვის. საქმე ის არის, რომ ერთ-ერთს სწორედ გერმანიას ასახელებს უცხოეთის პრესა იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დაგვირგვინება მხოლოდ „სწრაფი შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების შემდეგ წარმოუდგენიათ.

როდესაც სავიზო ლიბერალიზაციის პერსპექტივებზე მსჯელობენ, ანალიტიკოსები ხშირად ახსენებენ 9-10 ივნისს, როდესაც საქართველოს საკითხი (ევროკავშირის საბჭოს ფორმატში) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა უნდა განიხილონ. როგორც ფონდ ღია საზოგადოება -საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე განმარტავს, ევროპელმა მინისტრებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ხოლო მანამდე და, კერძოდ, 8 ივნისს, თბილისის დროით შუადღის 12 საათზე, გაიმართება ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER II) მორიგი შეხვედრა, რომელზეც ასევე სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი უნდა განიხილონ. გავიხსენოთ, რომ წინა ორი შეხვედრის დროს ელჩებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ჩვენი რადიოს ბრიუსელელმა კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა ერთ-ერთ მიზეზად უვიზო მიმოსვლის „სწრაფი შეჩერების მექანიზმი“ დაგვისახელა.

ვანო ჩხიკვაძე
ვანო ჩხიკვაძე

„COREPER II-ი იმსჯელებს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე და თუ მიღწეული იქნა კონსენსუსი, მაშინ საკითხს მიენიჭება ე. წ. "A სტატუსი", რაც ნიშნავს იმას, რომ 10 ივნისს მინისტრების საბჭო დამატებით დებატებს აღარ გამართავს ამ საკითხზე და დოკუმენტს დაამტკიცებს იმ ფორმით, რა ფორმითაც მიიღებს COREPER II-დან. იმ შემთხვევაში, თუ COREPER II-ზე კონსენსუსი არ შედგება, ნებისმიერ ქვეყანას, ვინც მონაწილეობს საკითხის განხილვაში, შეუძლია მოითხოვოს დამატებითი დებატები საბჭოში. ასეთ დროს საკითხს ენიჭება ე. წ. "B სტატუსი" და შეიძლება დაუბრუნდეს უკან "ვიზის სამუშაო ჯგუფს" ან დისკუსიისთვის გავიდეს იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოზე, ანუ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ მინისტრებმა დებატების შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრთა საბჭოს დღის წესრიგში უკვე არის შეტანილი საკითხი, ეს ნიშნავს იმას, რომ თემა ე. წ. "ვიზის ჯგუფში" აღარ დაბრუნდება და გავა შეხვედრაზე ან "A", ან "B" სტატუსით“, – განმარტავს ვანო ჩხიკვაძე და იქვე შეგვახსენებს ასევე, რომ „შინაგან საქმეთა და იუსტიციის საბჭოს მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია 13-14 ოქტომბერს“.

ერთი სიტყვით, პროცესი მიდის და ჯერ არის დრო, რომ ყველაფერი მოესწროს და სავიზო ლიბერალიზაცია ზაფხულში დაგვირგვინდეს. მაგრამ დასკვნით ეტაპზე საკითხი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს და გასათვალისწინებელია, რომ, ამჟამად მოქმედი კალენდრის თანახმად, საზაფხულო არდადეგების გამო, ევროპარლამენტის სხდომა აღარ გაიმართება 8 ივლისიდან 12 სექტემბრამდე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG