Accessibility links

28 მარტს ერთი წელი შესრულდა ევროკავშირთან ლიბერალური სავიზო რეჟიმის ამოქმედებიდან. ერთი წელია, საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ უფლებით 180 დღის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღით იმოგზაურონ ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა 258 663-ჯერ იმოგზაურეს შენგენის ზონაში.

  • 2017 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 35 %-ით გაიზარდა.
  • ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში ჩადენილი დანაშაული.
  • საქართველოს ევროკავშირის 17 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, 10 ქვეყანასთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ ბათუმში ხაზგასმით აღნიშნავენ ევროპის სასურველ ქვეყნებში მოგზაურობის გამარტივების დადებით მხარეებს. თუ მანამდე აჭარიდან ევროპაში გამგზავრების მსურველებს ვიზის მისაღებად ქვეყნის დედალქალაქში უხდებოდათ ჩასვლა, ახლა ეს საზრუნავი მოხსნილია და შენგენის ზონის 22 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობას უახლოესი ქალაქიდან, ქუთაისიდან, პირდაპირი ფრენების დამატებაც აიოლებს, თუმცა, ამის გარდა, ბათუმელი გიორგი მურვანიძე, რომელიც ბოლო ერთი წელი სწორედ ამ მიზეზით უფრო ხშირად მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში, ამბობს, რომ შენგენის ზონაში ქართული პასპორტით შესვლისას მას ერთგვარი სიამაყის გრძნობა უჩნდება:

„ნაწილი ხარ იმ დიდი ცივილიზაციის, რასაც ევროპა ჰქვია და გრძნობ ამას... თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ისტორიულად ყოველთვის მისი ნაწილი ვიყავით, დღეს ეს უკვე ხელშესახებია და ნაწილია ამ დიდი ცივილიზაციის. პირველ რიგში, თავმოყვარეობის საკითხია, რომ ქვეყანა ხარ, რომელიც უვიზოდ მოძრაობს ამ სივრცეში და, მეორე, ეს ყველაფერი გაძლევს სხვადასხვა გამოცდილებას, როგორ ცხოვრობენ თანამედროვე სამყაროში ადამიანები“.

გიორგი მურვანიძის მსგავსად, ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს 190 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლაზე კი 1001 მოქალაქეს უთხრეს უარი.

ამ ფონზე კი, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფრის მიღების სურვილს სულ უფრო ხშირად გამოხატავენ, თუმცა, როგორც აჭარის უმაღლესის საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია ამბობს, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა არ არის საგანგაშო, მსგავსი ფაქტები კი, მისივე თქმით, დღის წესრიგში არ აყენებს ევროკავშირის უვიზო რეჟიმის გადაწყვეტილების გადახედვის საკითხს:

„საბოლოო სტატისტიკა, რომელიც იყო გამოქვეყნებული, აჩვენებს, რომ ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 10%-ზე მეტი არ არის. მთავარი კი, რაც ნიშანდობლივია, ვიდრე უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა გაჩნდებოდა, მანამდე რა სტატისტიკა იყო - საინტერესოა, შეუწყო თუ არა ამ ფაქტმა ხელი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდას“.

ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა ზრდასსავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედებიდან მცირე დროში საგანგაშოდ არ მიიჩნევს ჟურნალისტი დათო ტრაპაიძე, რომელიც იმედოვნებს,რომ ეს ტენდენცია დროთა განმავლობაში იკლებს:

ბათუმი
ბათუმი

„იმიტომ, რომ მიხვდებიან, იქ ასეთი იოლი არ არის, როგორც წარმოუდგენიათ. უბრალოდ, შეიძლება რაღაც დროით ჩახვიდე და დაბრუნდე უკან, ფუნდამენტურად გადასახლდე და გადაცხოვრდე ევროპაში, ამის არც აუცილებლობა და არც საჭიროებაა ჯერჯერობით“.

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის გარდა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ერთ-ერთ გამოწვევად საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში ჩადენილი დანაშაულიც სახელდება, რაზეც აქტიურად წერს გერმანული მედია. თუმცა ჟურნალისტი სოფო ჟღენტი ამბობს:

ერთი მხრივ, ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, მათთვის რა რისკებს შეიცავს. არასწორი წარმოდგენები არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს წინასწარ. ანუ, მოლოდინები უნდა განვუსაზღვროთ ძალიან მკაფიო და ამაში უნდა დავეხმაროთ...
თამარ მამეიშვილი

„ეს არ დაწყებულა ახლა. მე ძალიან კარგად მახსოვს, სამი წლის წინ გერმანული მედია აქტიურად წერდა ქართველ კრიმინალებზე, რომლებიც იქ ქურდობდნენ და ცდილობდნენ ამ გზით ფული ეშოვათ. ეხლა კი უფრო მძაფრად იჩინა თავი ასეთმა ფაქტებმა, იმიტომ რომ ხდება დაკვირვება, ვიზალიბერალიაზაციამ რა შედეგები მოიტანა“.

ბათუმის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი თამარ მამეიშვილი ამბობს, რომაუცილებელია ქვეყნის მასშტაბით უფრო აქტიური საინფორმაციო კამპანის წარმოება, რომელშიც არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებები, არამედ საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან და გასაგებად ახსნიან, თუ რა რისკებს შეიცავს საქართველოს მოქალაქეების მსგავსი გადაწყვეტილებები:

„ერთი მხრივ, ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, მათთვის რა რისკებს შეიცავს. არასწორი წარმოდგენები არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს წინასწარ. ანუ, მოლოდინები უნდა განვუსაზღვროთ ძალიან მკაფიო და ამაში უნდა დავეხმაროთ. იდეაში კი, რასაც გვეუბნება ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი, რასაც გვავალდებულებს როგორც ქვეყანას, ესაა მეტი ჩართულობა მოქალქეების, რაც გამოიხატება მათი ინფორმირებულობით, მხარდაჭერით და, რა თქმა უნდა, ადგილზე მათთვის რეალიზებისთვის საჭირო საშუალებების შექმნით. მიზანი ამ ხელშეკრულების არის ის, რომ ჩვენ წავიდეთ ევროპისკენ და არა გავიქცეთ ევროპის ქვეყნებში და დავტოვოთ ჩვენი ქვეყანა. პირიქით, მივიღოთ იქაური გამოცდილება, რითაც გავამდიდრებთ და უკეთესს გავხდით, განვავითარებთ ჩვენს ქვეყანას“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG