Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნებაყოფლობითი ჩუქება თუ სახელმწიფო რეკეტი?


”ნებაყოფლობითი ჩუქება თუ სახელმწიფო რეკეტი?” - ამ სათაურით გამოაქვეყნა 22 აპრილს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ნუსხა, რომელიც მან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავების შედეგად შეადგინა. როგორც ირკვევა, 2004-2007 წლებში სხვადასხვა კომპანიებისა თუ კერძო პირების მიერ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 138 მილიონ ლარამდე შეადგინა. პროკურატურაში განმარტავენ, რომ სპეციალური ჯგუფი ინტენსიურად სწავლობს წინა ხელისუფლების დროს საკუთრების ხელყოფის ფაქტებს, თუმცა, ისევე როგორც პროკურატურაში, არასამთავრობო ორგანიზაციაშიც აცხადებენ, რომ წართმეული ქონების დაბრუნების საკითხი, არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი.

ბესარიონ გაბუნია მოძრაობა ”დააბრუნეს” ერთ-ერთი დამფუძნებელია. მოძრაობა 300-მდე ბიზნესმენს აერთიანებს. მათი გაერთიანების მიზანს კი იმ ქონების დაბრუნება წარმოადგენდა, რომელიც, ბიზნესმენების განცხადებით, წინა ხელისუფლების რეპრესიების შედეგად დაკარგეს. ბესარიონ გაბუნია ინტერნეტკომპანია ”კავკასუს ონლაინის” ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. როგორც ის გვიყვება, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კომპანია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ხელში გადასულიყო. როგორც ბესარიონ გაბუნია აცხადებს, ახალმა ხელისუფლებამ რაც შეიძლება დროულად უნდა დაიწყოს ბიზნესმენთა საქმეების გამოძიება, რადგან რაც დრო გადის, სულ უფრო რთულდება წინა ხელისუფლების დანაშაულის კვალის მიგნება:

”წართმეული ქონების გადაყიდვა ხდება კეთილსინდისიერ მყიდველებზე და უკვე ძალიან რთულდება დამტკიცება სასამართლოებში და რაც მეტი დრო გავა, კიდევ უფრო დამძიმდება ეს საკითხები და, საბოლოოდ, შეიძლება ისეთი მდგომარეობა შეიქმნას, რომ ამ ყველაფრის კომპენსაცია სახელმწიფოს დაეკისროს. სახელმწიფოს და ბიუჯეტს კი არ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ დააკმაყოფილოს რეპრესირებული ბიზნესის წარმომადგენლები და პროცესი შევა ჩიხში”, - ამბობს ბესარიონ გაბუნია.

”ნებაყოფლობითი ჩუქება თუ სახელმწიფო „რეკეტი“?” - სწორედ ამ სათაურით გამოაქვეყნა 22 აპრილს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ნუსხა, რომელიც მათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის შემდეგ შეადგინეს.

კონკრეტულ საქმეს აქვს კონკრეტული ანატომია და ამიტომ არ მიმაჩნია სწორად ამ საკითხზე რაიმე პოლიტიკური კომენტარის გაკეთება...
ნუგზარ წიკლაური
როგორც ირკვევა, 2004-2007 წლებში სხვადასხვა კომპანიებისა თუ კერძო პირების მიერ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 138 მილიონ ლარამდე შეადგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფოს ამ პერიოდში საჩუქრად გადასცემდნენ როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას და სამეწარმეო წილებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამოვლენილი შემთხვევები ბადებს ეჭვს, რომ ქონების სახელმწიფოსთვის მასობრივი გადაცემა არ ასახავდა ქონების მესაკუთრის ნებას.

ასე, მაგალითად, 2006 წელს შვიდმა ფიზიკურმა პირმა თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ფართი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, 2007 წელს კი შპს „ჯორჯიან ეარვეისმა“ 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, ჯამში, 75 ავტომობილი აჩუქა სახელმწიფოს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ნუსხის მიხედვით, ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა სულ ასეთი 284 ჩუქება განახორციელეს.

”კონკრეტულ საქმეს აქვს კონკრეტული ანატომია და ამიტომ არ მიმაჩნია სწორად ამ საკითხზე რაიმე პოლიტიკური კომენტარის გაკეთება”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური. მისი თქმით, ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქების თითოეული მოტივაცია ცალ-ცალკე უნდა იქნეს განხილული და გამოძიებული.

საკუთრების ხელყოფის ფაქტების გამოძიებით მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი რომ არის დაინტერესებულია, ამის თობაზე მან განცხადება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააკეთა. მისი თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2013 წლის პირველი იანვრის ჩათვლით მთავარ პროკურატურაში ასეთი ტიპის 17 ათასზე მეტი განცხადებაა შესული, საიდანაც რამდენიმე ასეული განცხადება სწორედ ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ან იძულებითი გაჩუქების საკითხს ეხება. როგორც პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი კახა წერეთელი გვეუბნება, საკუთრების ხელყოფის საქმეებს პროკურატურაში შექმნილი 12 კაციანი ჯგუფი სწავლობს, ხოლო რაც შეეხება ე.წ. წართმეული თუ ნაჩუქარი ქონების დაბრუნების საკითხს, კახა წერეთელი გვპასუხობს:

მთავარია ის, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ სამართლებრივი ფორმების გამოძებნა, რადგან, ერთი მხრივ, ნამდვილად არსებობენ მყიდველები, რომლებსაც არ დაურღვევიათ კანონი და ისე შეიძინეს ქონება, მაგრამ, მეორე მხრივ, არიან მოქალაქეები, რომელთა საკუთრების უფლება არის დარღვეული...
ეკა გიგაური
”პროკურატურის ამოცანა ვერ იქნება ქონების დაბრუნება. ჩვენ ორ ნაწილად უნდა გავყოთ ეს საკითხი. ერთი - სამართლიანობის დადგენა, იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს ფაქტი ქონების უკანონოდ წართმევის ან ჩუქების. ხოლო, რაც შეეხება წართმეულის დაბრუნებას, აქ არის უამრავი სირთულე: მაგალითად, პირს წაართვეს მიწის ნაკვეთი და ამ ტერიტორიაზე დღეს არის აშენებული სამხედრო ბაზა და ა.შ. ეს აუცილებლად უნდა იყოს მომავალში მსჯელობის საკითხი. უნდა დაიწყოს ფიქრი, თუ როგორ აუნაზღაურდეს ამ ხალხს ეს ქონება”.

ქონების დაბრუნების საკითხის მოგვარება რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც ამბობს, რადგან, მისი თქმით, თუკი ე.წ. წართმეული ქონება უკვე მესამე პირს სრულიად კანონიერად აქვს შეძენილი, მისთვის ამ ქონების ჩამორთმევა გაუმართლებელი ნაბიჯია. თუმცა, როგორც ის ამბობს, შესაძლოა მოიძებნოს ქონების დაბრუნების სხვა სამართლებრივი ფორმებიც:

”იგივე შესაბამისი ანაზღაურება, ან ისეთივე ღირებულების მქონე ნაკვეთის შეთავაზება, თუკი მიწის საკუთრებაზე ვსაუბრობთ. ანუ ძალიან ბევრი სამართლებრივი ფორმა არსებობს, რომელიც ჩვენ შეიძლება გამოვნახოთ. მთავარია ის, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ სამართლებრივი ფორმების გამოძებნა, რადგან, ერთი მხრივ, ნამდვილად არსებობენ მყიდველები, რომლებსაც არ დაურღვევიათ კანონი და ისე შეიძინეს ქონება, მაგრამ, მეორე მხრივ, არიან მოქალაქეები, რომელთა საკუთრების უფლება არის დარღვეული”.

მთავარი პროკურორის განცხადებით, რამდენადაც საკუთრების ხელყოფის თაობაზე საჩივრების რაოდენობა საკმაოდ დიდია, არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების პროცესი დროში გაიწელოს.
XS
SM
MD
LG