Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშუალო სკოლა - მრავალწლიანი დილემა. ნაწილი II


თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია.
თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია.
საქართველოს საშუალო სკოლებში სწავლების ხარისხზე ჩივილს არაერთი მშობლისგან გაიგონებთ. ზოგს მასწავლებლის ძველმოდური ხედვა არ მოსწონს, ზოგი ბავშვებთან დამოკიდებულებით არის უკმაყოფილო, ზოგს მისი გაკვეთილის ახსნის მანერა მიაჩნია არასრულყოფილად, ზოგი კი ირწმუნება, რომ მასწავლებლებს, უბრალოდ, კვალიფიკაცია აკლიათ. მშობლები ხშირად უცვლიან სკოლებს შვილებს, ადარებენ ერთმანეთს კერძო და საჯარო სკოლებს. ამა თუ იმ სკოლის დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვას არაერთ სოციალურ ქსელში წააწყდებით, მაგრამ არსებითად არაფერი იცვლება.

ნაწილი II

ცვლილებები: სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დახურვა

სკოლის ”ჩაკეტვის” პარალელურად, 2011 წელს დაიხურა სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, რომელსაც 2009 წლამდე სიკო ჯანაშია ხელმძღვანელობდა. სასწავლო გეგმის შემუშავების ფუნქციები სამინისტროს დეპარტამენტში გადავიდა, ჯერ სახელმძღვანელოების გრიფირებისა და მოსწავლეთა შედეგების შეფასებების ჩატარების ხარისხის განვითარების ცენტრში, შემდეგ გამოცდების ეროვნულ ცენტრში. მანამდე სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი ცალკე, დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა. განათლების სფეროს მკვლევართა ერთი ნაწილი ამ ცენტრის გაუქმებას შეცდომად მიიჩნევს. მათ შორისაა თავად სიკო ჯანაშიაც. ნაწილი კი, მაგალითად, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელძღვანელი მაია მიმინოშვილი ფიქრობს, რომ ამით არაფერი დაშავებულა.

სიკო ჯანაშია ამბობს, რომ ამ ცენტრის მთავარი დამსახურება იყო ის, რომ განათლების სისტემაში ახალი ორიენტირები და მექანიზმები შემოიტანა და დანერგა. ეს ეხებოდა როგორც კურიკულუმს, ისე სწავლების მეთოდებს, სახელმძღვანელოებს, მოსწავლეების შედეგების შეფასების კვლევებს, ისე თავად სახელმწიფო ორგანიზაციის მართვის საკითხებს:

”სამწუხაროდ, ამ ცენტრმა ვერ მოახერხა, რომ მდგრადი და დამოუკიდებელი გამხდარიყო სახელმწიფოსგან. ამას ბევრი რამე, მათ შორის, სახელმწიფო და სისტემაში არსებული გაუგებრობაც უწყობდა ხელს. მაგალითად, ამ ცენტრის მუშაობას მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს გამოცდების ცენტრი. ასევე ამ ცენტრის მუშაობაში ერეოდა პრეზიდენტი”.

სიკო ჯანაშია
სიკო ჯანაშია
სიკო ჯანაშია ასევე იხსენებს, რომ 2007 წლის ბოლოს, პოლიტიკური ვითარების გართულებასა და ხელისუფლების მხარდაჭერის შემცირებასთან ერთად, სკოლების ავტონომიის შემცირებაც დაიწყო. ეს ჯერ ფინანსური ავტონომიის შემცირებაზე აისახა, შემდეგ მკვეთრად გაიზარდა იმ სკოლების რიცხვი, რომლებსაც ვაუჩერული დაფინანსება არ ჰყოფნიდათ და სადაც გადაწყვეტილებებს სახელმწიფო იღებდა. შემდეგ, გვეუბნება სიკო ჯანაშია, სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურებში სახელმწიფოს წარმომადგენლები ოფიციალურად დანიშნეს:

”ეს მეორე ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ეტაპზე სახელმწიფომ, მიუხედავად შეზღუდვებისა, ძირითადი კურსი და თამაშის წესები მაინც შეინარჩუნა. ამ დროს გრძელდებოდა სახელმძღვანელოების სისტემის ლიბერალიზაცია, დაიწყო დირექტორების არჩევნების მეორე ეტაპის დაგეგმვა და ა.შ. მესამე ეტაპი 2010 წლიდან იწყება, როდესაც თვითმმართველობები მაქსიმალურად შეიზღუდა. ეს შეეხო საკადრო, კურიკულუმის, სასწავლო რესურსების, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ფინანსურ საკითხებს. ამ ეტაპზე სამინისტრომ უკვე დაიწყო სკოლის დონეზე მართვის საკითხებში ჩარევა. ეს ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ სამწუხარო შედეგებს ნიშნავს. მთავარი, რაც ამ წლებში დაიკარგა, არის ის შანსი, რომ სკოლებს სახელმწიფოს მეტი ნდობა ჰქონოდათ. რთულია იმის წარმოდგენა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესის განახლებას სკოლებში ბევრი დაიჯერებს და მართლაც შეეცდება მის განხორციელებას. უკვე საკმაოდ ხშირია, როდესაც მასწავლებლები და დირექტორები იმაზე ფიქრობენ, რომ ნებისმიერი შემოთავაზება სახელმწიფოს მხრიდან დროებითია და არ ღირს ამ ცვლილებების განხორციელებაზე ენერგიის დახარჯვა”.


ზიგზაგებით სიარული და ”ჩაკეტილი” სკოლა

ბოლო რამდენიმე წელია, განათლების სამინისტროს ნებართვის გარეშე სკოლის პედაგოგებსა და დირექტორებთან მედიას გასაუბრების საშუალება არ მისცემია. პირად საუბრებში თითოეული მათგანი ადასტურებდა, რომ სკოლა ”ჩაკეტილი” და პოლიტიზებული იყო.

N10 სკოლის დირექტორს, ბელა ხუბუტიას, ჩვენ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთ თვეში ვესაუბრეთ - შუამავლების გარეშე. გვინდოდა გაგვეგო, რას ფიქრობს თავად სკოლა თავის პრობლემებზე.

ბელა ხუბუტია გვეუბნება, რომ სკოლაში არსებობს ხარისხის მართვის სამსახური, რომელიც გაკვეთილების მთელ ციკლს ესწრება და ასე აფასებს ამა თუ იმ პედაგოგს. მეათე სკოლაში პედაგოგების ცოდნის შეფასებისას მოსწავლეების გამოკითხვის შედეგებსაც ითვალისწინებენ: დაბალ კლასებში კითხვებზე პასუხს სცემენ მშობლები, მაღალ კლასებში - თავად მოსწავლეები. მართალია, გამოკითხვა ანონიმურია, მაგრამ ხშირად მაღალ კლასებში მოსწავლეები არ ერიდებიან პედაგოგების კრიტიკას ხმამაღლაც. დროდადრო მასწავლებელთა რეიტინგები ქვეყნდება. ბელა ხუბუტია ამბობს, იმისთვის, რომ პედაგოგს სკოლის დირექტორმა აუხსნას, რატომ ერგო მას უფრო მეტი საათი, ვიდრე სხვას, ამას მყარი არგუმენტები სჭირდებაო:

”მე მქონია შემთხვევა, როდესაც მთელი კლასი შემოსულა განცხადებით კონკრეტული პედაგოგის მათი კლასიდან გაყვანის თაობაზე. ცხადია, ამას სჭირდება გადამოწმება მონიტორინგის ჯგუფის მიერ, თუმცა თავად ფაქტი, რომ მასწავლებლის ცოდნას და კვალიფიკაციას მთელი კლასი აპროტესტებს, გასათვალისწინებელია. ამას გარდა, რატომ უნდა მივცე მე პედაგოგს 18 საათი და არა სამი, მე ეს მას უნდა დავუსაბუთო. თუ მას წლის განმავლობაში რამდენიმე რეკომენდაცია აქვს მიცემული, მაგრამ წინსვლა მაინც არ შეინიშნება, მაშინ ეს მის საათებზე იმოქმედებს. ისიც ფაქტია, რომ თუ სკოლაში არ არის კონკურენტული გარემო და იცით, რომ წელსაც 18 საათი გაქვთ და მომავალ წელსაც ასე იქნება - ეს გარანტირებულობა გიბიძგებთ იმისკენ, რომ არანაირ ტრენინგზე დასასწრებად არ წახვალთ. მაგრამ ასეთ პედაგოგს მუდმივად ექნება კლასთან პრობლემა, რადგან იქ სამი-ხუთი ბავშვი ყოველთვის ზის ისეთი, ვინც კითხვებს სვამს, ვინც ინტერნეტში პასუხებს ეძებს და თუ პედაგოგი მუდმივად ვერ პასუხობს მათ მოთხოვნას, ასეთი პედაგოგის ავტორიტეტი მათ წინაშე ნულის ტოლია”.

თუმცა ბელა ხუბუტია იმასაც გვეუბნება, რომ საშუალო სკოლებში არსებული რთული ვითარება მხოლოდ პედაგოგებს არ უნდა დაბრალდეთ. იყო გარეშე ფაქტორებიც - კერძოდ კი, განათლების რეფორმის ფარგლებში ხედვის მუდმივი ცვალებადობა:

”რამდენი მინისტრიც მოვიდა, იმდენს თავისი ხედვა ჰქონდა. პირველი ეტაპი ალექსანდრე კარტოზიას პერიოდია - როცა პირველი სილაბუსების და კურიკულუმების შექმნა დაიწყო. მაშინ ვერაფერი მოესწრო და გადავიდა ალექსანდრე ლომაიას ხელში, რომლის დროსაც სასწრაფო წესით განხორციელდა დეცენტრალიზაცია. შემდეგ მოვიდა გია ნოდია. არაფერი ხდებოდა, მხოლოდ გორვის პრინციპით მივდიოდით, დაღმართში გორვის. ნიკა გვარამია, ჩემი აზრით, პრობლემებს სწორად ხედავდა, მაგრამ ძალიან ცოტა ხანს იყო მინისტრი. მერე მოვიდა დიმიტრი შაშკინი, რომელიც სრული ცენტრალიზაციისკენ წავიდა და მან დახურა სკოლები. ის არასამთავრობო სექტორს არ აძლევდა არანაირი კვლევის ჩატარების საშუალებას. არადა, როდესაც მხოლოდ სახელმწიფო აფასებს იმას, რასაც თავადვე აკეთებს, ეს, როგორც წესი, არ ასახავს რეალობას. თუმცა შაშკინზე ისიც უნდა ვთქვა, რომ სკოლაში არსებული გარკვეული პრობლემები სწორად დაინახა (მის მიერ შემოღებული CAT-ის გამოცდა, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება იყო), მაგრამ რა გზით გადაჭრა მან ეს პრობლემები, ეს უკვე მართლა მიუღებელი გზები იყო”.

თავისთავად მინისტრების შეცვლაში ბელა ხუბუტია ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს - პრობლემა ჩნდება მაშინ, თუ ხედვა იცვლება, ამბობს ის.

”ეს უნდა იყოს ერთი ხედვა, გარდამავალი ეტაპებით, რომლებიც ერთმანეთში კოხტა მრუდით უნდა გადადიოდეს და არა უხეში ტეხილით და ზიგზაგებით, რაც პედაგოგებისათვის, სკოლისთვის ძალიან რთული პროცესია”.


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი - მზადება გამოცდისთვის და არა პროფესიული განვითარებისათვის

პედაგოგების პროფესიულ გადამზადებაზე საქართველოში პასუხისმგებელი იყო და არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ცენტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი გია მამულაშვილი დარწმუნებულია, რომ ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ეს ცენტრი ახორციელებს, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას სხვადასხვა კუთხით ემსახურებოდა. მაგალითად, პედაგოგებს უტარდებოდათ ხუთდღიანი ტრენინგები, მაგრამ არა პროფესიული განვითარებისთვის, არამედ სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებლად.

”ეს იყო სწავლა გამოცდისთვის, რაც ეხება სწორედ ამ ტიპის ტრენინგებს, როცა ჩვენ მასწავლებლებს ვამზადებდით ერთი კონკრეტული დღისთვის - სასერტიფიკაციო გამოცდისთვის. ხანდახან რატომღაც ჰგონიათ ხოლმე, რომ მასწავლებელი, რომელიც ჩააბარებს გამოცდას და სერტიფიკატს აიღებს, ის განსაკუთრებული და გამორჩეულია, ჩემი აზრით, ეს ასე არ არის. სასერტიფიკაციო გამოცდა მასწავლებლობის უფლებაა, 2015 წლიდან კი ყველას უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი. ეს არის ის, რაც სკოლაში მომუშავე პედაგოგმა ისედაც უნდა იცოდეს”.

საინტერესოა, როგორ იქცა მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრი პედაგოგთა გამოცდისათვის მომზადების ცენტრად. როგორც გია მამულაშვილი გვიხსნის, ეს ცვლილებაც 2011 წელს უკავშირდება. მაშინ განათლების მინისტრი იყო დიმიტრი შაშკინი. 2011 წლამდე მასწავლებელთა მომზადებას ამ გამოცდისათვის პროვაიდერი, კერძო ორგანიზაციები ახორციელებდნენ, 2011-ში სისტემის ცენტრალიზება მოხდა და ეს საქმე მთლიანად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა და ამ გზით მან გარკვეულწილად დაკარგა თავისი მთავარი ფუნქცია.

გია მამულაშვილის ინფორმაციით, პროვაიდერი ორგანიზაციების მიერ გამოცდებისათვის დაახლოებით 20 000 მასწავლებელი გადამზადდა, 2011 წლიდან (როდესაც ეს ვალდებულება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გადაეცა) დღემდე კი 50 000-მდე მასწავლებელი მომზადდა. გამოცდის გარდა, ისინი მომზადდნენ ახალ საგნებსა თუ კომპიუტერულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.

გია მამულაშვილი ფიქრობს, რომ ეს ფუნქცია გადანაწილებული უნდა იყოს ცენტრსა და კერძო პროვაიდერებს შორის და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს არჩევნის უფლება. რაც შეეხება ძველი ფუნქციის დაბრუნებას, ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკვე წელს ცენტრი მასწავლებლებს გადამზადების გრძელვადიან კურსებს შესთავაზებს. ეს კურსები მოიცავს ტრენინგს საგანშიც, პროფესიულ უნარებშიც, ზოგადად მეთოდიკაში:

”ძირითადად აქცენტს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე გავაკეთებთ, იქ მოვამზადებთ პროფესიული განვითარების ჯგუფს, რომელიც შიგნით, სკოლაში იმუშავებს რამდენიმე თვის განმავლობაში”.

თუ ეს ყველაფერი ახლა იწყება, გამოდის, აქამდე განათლების სისტემა, მიუხედავად ცალკეული ცენტრების თუ პროგრამების არსებობისა, ვერ ზრუნავდა მასწავლებელთა პროფესიულ მომზადებაზე. გია მამულაშვილის პასუხია: ზრუნავდა, მაგრამ არასათანადოდ. სხვადასხვა მიზეზების ერთობლიობამ კი გამოიწვია ის, რაც გამოიწვია: თანამედროვე საშუალო სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობა საქართველოში რეალურად ვერ იქცა თანამედროვე მასწავლებლად:

”ჩვენი მიზანი სწორედ ესაა, რომ მასწავლებელი იყოს ძალიან თანამედროვე, უფრო თანამედროვე, ვიდრე მისი მოსწავლეა, მიუხედავად ასაკისა. ეს შესაძლებელია და ამ კუთხით ჩვენ მივაქცევთ ამას ყურადღებას, რადგან ეს საბჭოური მიდგომა, რაც დღემდეა შემორჩენილი, უნდა შეიცვალოს. ხანდახან ეს საგნის ცოდნაზე მნიშვნელოვანია”.

ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG