Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთმა და მისმა ყოფილმა ოლქმა გადამწყვეტი შეთანხმება გააფორმეს


შეთანხმების გაფორმება
შეთანხმების გაფორმება

სერბეთისგან 2008 წელს ცალმხრივად გამოყოფილმა კოსოვოს ოლქმა, ამჟამად მსოფლიოს ქვეყნების ნაწილის მიერ დამოუკიდებლად აღიარებულმა ერთეულმა, და საკუთრივ სერბეთმა 25 აგვისტოს გააფორმეს მნიშვნელოვანი შეთანხმება, რითაც წარსულის დიდი უთანხმოებები გადალახეს. 25 აგვისტოს შეთანხმების ხელმოწერას მიიჩნევენ სერბეთისა და კოსოვოს მიერ ურთიერთობის ნორმალიზებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯად. ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ისა მუსტაფამ მიაღწიეს შეთანხმებას ოთხ მნიშვნელოვან სფეროში, მათ შორის - ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და მართლმსაჯულების სფეროებში. დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებმა ცალ-ცალკე გამართეს შეხვედრები ჟურნალისტებთან. კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა კონკრეტულ სფეროებზე ილაპარაკა:

„დღეს საკმაოდ მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ, განსაკუთრებით, სერბიული მუნიციპალიტეტების ასოცირებისა თუ მათი საერთო თემის შექმნის შესახებ. გაფორმებული შეთანხმება გულისხმობს ენერგეტიკის სფეროში ადრე მიღწეული დოკუმენტის განხორციელებას და, ასევე, საერთაშორისო სატელეფონო კოდების შემოღებას კოსოვოსთვის და, ბოლოს, მდინარე იბარზე, რომელიც მიტროვიცას ყოფს, ხიდის გახსნას“.

„დღევანდელი შედეგი წარმოაჩენს საეტაპო მიღწევებს ნორმალიზაციის პროცესში. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ხალხს და, ამავდროულად, ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის წინსვლას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, თქვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ.

რაც შეეხება სერბეთის პრემიერ-მინისტრს, ის შეეცადა თავისი ხალხისთვის სასიამოვნო ფორმით მიეწოდებინა ცნობა ადრე სერბეთის ოლქ კოსოვოსთან მიღწეული შეთანხმების სასიკეთო მხარეებზე:

„არაჩვეულებრივი ცნობა მაქვს სერბი ხალხისთვის, პირველ რიგში, კოსოვოში: ნუ შეშფოთდებით კოსოვოს ხელისუფლებთან მიღწეული შეთანხმების გამო. დოკუმენტი კოსოვოში სერბებისთვის არა მხოლოდ სრული უსაფრთხოების, არამედმათთვის სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფის გარანტიას იძლევა.ჩვენ შევთანხმდით სერბიული მუნიციპალიტეტების ასოციაციის გარშემო, რაც მათ ფართო უფლებებს ანიჭებს. თემს ეყოლება თავისი თავმჯდომარე, ვიცე-პრეზიდენტი, ექნება ასამბლეა,საბჭო, გერბი და დროშა. თემს ექნება უფლებამოსილებები ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, საქალაქო და სასოფლო მშენებლობის სფეროში, ასევე, ეკონომიკური განვითარების მხრივ. დაბოლოს, კოსოვოში სერბიული მუნიციპალიტეტების თემი სერბიის მიერ დაფინანსდება“.

25 აგვისტოს შეთანხმებით, კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბები ისარგებლებენ მეტი უფლებით და შეეძლებათ თავიანთი საქმეების - ადგილობრივი ეკონომიკისა და განათლების საკითხების - გადაწყვეტა;საშუალება ექნებათ აგრეთვე მიიღონ დაფინანსება ბელგრადიდან. კოსოვოს ექნება თავისი სატელეფონო კოდი, ქვეყნის კოდი, რაც სერბეთის მხრიდან კოსოვოს სუვერენიტეტის აღიარებას უდრის. კოსოვოს ოლქმა დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სერბია-კოსოვოს შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა,მიესალმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. კოსოვოსა და სერბეთის ურთიერთობა დაძაბული რჩებოდა, რადგან ოლქი ცალმხრივად გამოეყო სერბეთს 2008 წელს და ის სახელმწიფოთა ნაწილმა დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა, თუმცა გაეროს ადმინისტრაციის მიერ იმართება. 1998-99 წლებში კოსოვოს ოლქში იყო საომარი, ძალადობრივი დაპირისპირება, რომელიც დასრულდა მას შემდეგ, რაც ნატოს ავიაციამ სერბეთი დაბომბა და სერბეთის არმია ოლქიდან გავიდა.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG