Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლოტსვილი და „ომი“ კულტურის გარშემო


მსვლელობის მონაწილეები გენერალ რობერტ ლის მონუმენტთან ქალაქ შარლოტსვილში
მსვლელობის მონაწილეები გენერალ რობერტ ლის მონუმენტთან ქალაქ შარლოტსვილში

ბოლო დღეებში კვლავ გააქტიურდა დისკუსია შეერთებულ შტატებში რასიზმის გარშემო. 12 აგვისტოდან, ანუ მას შემდეგ, რაც ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში ამერიკელი რასისტების მსვლელობა მათ მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა და ერთი ადამიანი დაიღუპა, დღე არ გავა მომხდარზე გამოხმაურებისა და საპროტესტო აქციებზე ცნობების გარეშე. გამორჩეული ყურადღება მაინც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიპყრო: პირველ განცხადებაში, რომელიც ინციდენტს მოჰყვა, მას არ დაუგმია კონკრეტულად რასისტების მხრიდან ძალადობა, რის გამოც შეერთებულ შტატებში მკაცრად გააკრიტიკეს. მერე, 14 აგვისტოს, ტრამპმა ცალსახად დაგმო რასიზმი - მას „ბოროტება“ უწოდა, მაგრამ მომდევნო დღეს კვლავ „ორივე მხარე“ დაადანაშაულა შარლოტსვილის ძალადობაში. რამდენად მძაფრია ტრამპის ამ შეფასებაზე კრიტიკული რეაქცია, ჩანს თუნდაც იმით, რომ პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო პროტესტის ნიშნად დატოვა რამდენიმე წევრმა. მთელი ეს დაპირისპირება მოჰყვა შარლოტსვილის მსვლელობას, რომელიც, ერთი შეხედვით, უწყინარი მიზეზით გაიმართა: მსვლელობით აპროტესტებდნენ ქალაქში აღმართული ძეგლის დემონტაჟის გეგმას. რა ძეგლზეა საუბარი და რატომ ეძვირფასებათ ის ამერიკელ ულტრანაციონალისტებსა და რასისტებს?

შარლოტსვილი და „ომი“ კულტურის გარშემო
please wait

No media source currently available

0:00 0:06:30 0:00
გადმოწერა

ბოლო წლებში შეერთებული შტატების მრავალ ქალაქში ხდება სამოქალაქო ომთან დაკავშირებული ძეგლების დემონტაჟი. ასეთი ძეგლია, მაგალითად, ამხედრებულ გენერალ რობერტ ლის მონუმენტი, რომელიც ქალაქ შარლოტსვილში დგას და, ადგილობრივი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, იქ აღარ უნდა დარჩეს. რატომ? 1861-65 წლების სამოქალაქო ომის დროს გენერალი რობერტ ლი მიეკუთვნებოდა სამხრეთის შტატების, მონობის შენარჩუნების მომხრეთა კონფედერაციის არმიის ხელმძღვანელებს. როგორც ცნობილია, კონფედერაცია დამარცხდა ჩრდილოეთის შტატებთან სისხლისმღვრელ დაპირისპირებაში და 1865 წელს შეერთებულ შტატებში მონობა გაუქმდა.

ეს ომი, კულტურული ომი, რომლის მოწმეც ახლა ვართ ჩვენს საზოგადოებაში და რომელიც არ დაწყებულა გასული კვირის ბოლოს შარლოტსვილში, არამედ წლებია მიმდინარეობს, ეხება იმას, თუ როგორ გვახსოვს სამოქალაქო ომი და ამ ომის მემკვიდრეობა...
ჯეი ტოლსონი

მაგრამ ძეგლები - როგორიც არის გენერალ რობერტ ლის მონუმენტი შარლოტსვილში (12 აგვისტოს ულტრანაციონალისტები და რასისტები სწორედ ამ მონუმენტის დასაცავად შეიკრიბნენ) - ჯერ კიდევ რჩება მრავალ შტატში. ზოგს ისინი სამხრეთელთა მეამბოხე სულისკვეთების საამაყო სიმბოლოებად მიაჩნია, სხვებს კი მონობისა და დისკრიმინაციის სამარცხვინო ლაქებად. როგორც ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეი ტოლსონი, აღნიშნავს, აზრთა ეს სხვაობა ცხადყოფს, რამდენად აქტუალური რჩება სამოქალაქო ომისდროინდელი იდეალები და კონფლიქტები ამერიკის, ყოველ შემთხვევაში, ზოგ შტატში.

„ახლა რასაც ვხედავთ, არის მოთხოვნა - განსაკუთრებით აფროამერიკელი მოქალაქეების, და ასევე სხვა ჯგუფების მხრიდან - მკაფიოდ გადაისინჯოს ის, თუ როგორ გვახსოვს სამოქალაქო ომი. მეხსიერება და ისტორია ერთი და იგივე არ არის, როგორც ვიცით! როგორც ამერიკელ ისტორიკოსთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი წერს „ნიუ-იორკ ტაიმსში“, როცა მონუმენტებს ცვლი, ცვლი არა ისტორიას, არამედ იმას, თუ როგორ იხსენებ ისტორიასო. ეს ომი, კულტურული ომი, რომლის მოწმეც ახლა ვართ ჩვენს საზოგადოებაში და რომელიც არ დაწყებულა გასული კვირის ბოლოს შარლოტსვილში, არამედ წლებია მიმდინარეობს, ეხება იმას, თუ როგორ გვახსოვს სამოქალაქო ომი და ამ ომის მემკვიდრეობა“, - ამბობს ჯეი ტოლსონი, რომელსაც ტელეფონით დაუკავშირდა რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის დირექტორი, არბანა ვიდიშიჩი.

შეკითხვას, როგორ ახსოვთ ახლა შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომი, ტოლსონმა უპასუხა, ერთმანეთისაგან განსხვავებულად, გააჩნია ვინ ხარო.

„ზოგი ამბობს, რომ სამხრეთელები, რომლებიც უკმაყოფილო არიან მონუმენტების დემონტაჟით, - არამარტო სამხრეთელები, არამედ, როგორც ზოგჯერ უწოდებენ ხოლმე, თეთრკანიანი ნაციონალისტები, - ცდილობენ მხოლოდ იმას, რომ დაიცვან თავიანთი ტრადიციები და მემკვიდრეობა. ისინი ამბობენ, რომ სამოქალაქო ომი, მართალია, საშინელება იყო, მაგრამ ყველა სამხრეთელი არ იბრძოდა მონობისათვის, ისინი იბრძოდნენ შტატების უფლებებისათვის, კონფედერაციისათვის. მაგრამ ეს შეხედულება, მკვლევართა აზრით, თავის მართლების მცდელობაა, რადგან სამხრეთის შტატების უფლებები, არსებითად, ეხებოდა მონობის შენარჩუნებას - არა,მარტო სამხრეთის შტატებში, არამედ ახალ შტატებში დასავლეთითაც. და მაინც - ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სამოქალაქო ომში სამხრეთის შტატების კონფედერაციის გამოჩენილი მოღვაწეების, კონფედერაციის - გნებავთ - გმირების ხსოვნა იმსახურებს ჰეროიკულ წარმოსახვას“ - ამ ხედვას, განაგრძობს ჯეი ტოლსონი, უპირისპირდებიან აფროამერიკელები და, რასაკვირველია, არამარტო ისინი. ეს ხალხი - ამერიკელების უმრავლესობა - სამოქალაქო ომს იხსენებს, როგორც ბრძოლას გასათავისუფლებლად, მონობის ბორკილების მოსაცილებლად.

და რახან აზრთა ასეთი სხვაობა არსებობს, მოსალოდნელია, რომ მომავალშიც ვიხილავთ დაპირისპირებას, რომლის ფესვებიც 1,5 საუკუნის წინანდელ სამოქალაქო ომშია: კონფლიქტში მონობის, რასიზმის გარშემო.

ჯეი ტოლსონი
ჯეი ტოლსონი

„არა მგონია, რასობრივი დაძაბულობა ბოლოხანს გაზრდილი იყოს, ზოგადად, ამერიკელებში. მაგრამ არის ხალხი, - თეთრკანიანების აღმატებულობის იდეის მომხრეები, ძველი მემარჯვენეები, ნეონაცისტები, - ვისაც სჯერა, რომ აფროამერიკელები და სხვა უმცირესობები ექსპლუატაციას უწევენ რასის თემას, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ! ეს თეთრკანიანი ამერიკელები ირწმუნებიან, რომ მათი პოზიციები სულ უფრო უარესდება - განსაკუთრებით, მათი ეკონომიკური მდგომარეობა - და რომ უპატივცემულოდ ეპყრობიან მათ კულტურას, კულტურას, რომელიც გულისხმობს, მაგალითად, კონფედერაციის სიმბოლოებს. ამდენად, ეს არის კულტურის გარშემო ომი, გარკვეული ეკონომიკური განზომილებით და კლასობრივი ომის განზომილებით“, - ასე ფიქრობს ამერიკელი ჟურნალისტი, ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეი ტოლსონი. მას ჩვენი კოლეგა, ბალკანური სამსახურის დირექტორი არბანა ვიდიშიჩი ესაუბრა შეერთებულ შტატებში რასიზმის გარშემო დაპირისპირების, დისკუსიის გააქტიურების მიზეზებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG