Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავი ცელოფნებით თავზე - ჟურნალისტების აქცია-პერფორმანსი პარლამენტში


ჟურნალისტების საპროტესტო აქცია
ჟურნალისტების საპროტესტო აქცია

6 ივნისს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა აქცია-პერფორმანსი პირდაპირ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, გამართეს და თავზე პოლიეთილენის შავი პარკები ჩამოიცვეს. აზერბაიჯანელი კოლეგის მიმართ სოლიდარობა მათ ამ ფორმით უხმოდ გააპროტესტეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ხელისუფლებისგან პასუხი. 6 ივნისს ჟურნალისტების სხვა ჯგუფი მუხთარლის საქმეზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელისაც, შეხვდა და სიმართლის დადგენაში დახმარება მოსთხოვა.

სწორედ იმ დროს, როდესაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, 6 ივნისის სხდომა გახსნილად გამოაცხადა, დამსწრე ჟურნალისტებმა თბილისის ცენტრიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი წამოიწყეს: თავზე პოლიეთილენის შავი პარკები ჩამოიცვეს, ხელში კი მუხთარლის ფოტოები და პლაკატები დაიჭირეს, ფრაზებით: „არ შეგრჩებათ“, „სოკარ-თველო“. დეპუტატებს შორის კამათიც ამ მდუმარე აქციას მოჰყვა.

სოლიდარობა მუხთარლის: ჟურნალისტების აქცია-პერფორმანსი პარლამენტში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:28 0:00

​კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ოპოზიციის მოთხოვნა დღის წესრიგში შეეტანათ მუხთარლის საკითხი, არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ შოუს დადგმის უფლებას არავის მისცემდა, თავზე შავპარკჩამოცმულმა ჟურნალისტებმა კი პოზიციის გამოხატვის შემდეგ დარბაზი დატოვეს. სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი აცხადებს, რომ ისინი მუხთარლის საქმეზე შეხვედრას მოითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარესა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელთან, მაგრამ მათი თხოვნა უპასუხოდ დარჩა. ნინო ზურიაშვილის შეფასებით, გამოძიება მიდის ძალიან ნელა და ამ დრომდე არანაირი ახალი დეტალი ცნობილი არ გამხდარა:

“გატაცებულია ადამიანი თბილისის შუაგულიდან, იმ ქუჩიდან, რომლის ახლოს არის პარლამენტის შენობა და ამ დრომდე გამოძიებას არანაირი შედეგი არ აქვს. ამ ფორმით და აქ კი იმიტომ გავაპროტესტეთ, რომ, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, არც ირაკლი კობახიძე და არც სოფო კილაძე არ გამოგვეხმაურა. ჩვენ კი არ ვაპირებთ აქციების შეწყვეტას მანამ, სანამ არ გაირკვევა, ვინ გაიტაცა ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგა“.

ჟურნალისტების საპროტესტო აქცია
ჟურნალისტების საპროტესტო აქცია

„ჩვენ ვეცადეთ დეპუტატებისთვის კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, თუ როგორ გაიტაცეს აფგან მუხთარლი - თავზე ტომრის ჩამოცმით“, - გვითხრა ჟურნალისტმა ზურაბ ვარდიაშვილმაც. ის თავისი კოლეგების სახელით აცხადებს, რომ ხელისუფლებას ამ საქმის მიჩქმალვის უფლებას არ მისცემენ:

„ახლა სწორედ ამ პროცესის მიჩქმალვის მცდელობა აქვს ხელისუფლებას - სხვადასხვა თემებით გადაფარვით. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და პერფორმანსი იქნება ეს თუ სხვა სახის პროტესტი, ვეცდებით საზოგადოების ყურადღება შევაჩეროთ ამ საკითხზე. პირადად ჩემი მოთხოვნაა, რომ ამ ამბის დამკვეთები, შემსრულებლები და ასევე ხელის დამფარებლებიც დაისაჯონ არა მხოლოდ მორალურად, „რა სირცხვილია“ ფრაზებით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი სასჯელით, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“.

უმცირესობის წევრი ფრაქცია „ევროპული საქარველოდან“ სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ დღეს არც ერთ დეპუტატს არა აქვს მორალური უფლება არ მოითხოვოს ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება.

„გადაფარებულები არიან საკუთარ ხელისუფლებას, რომელმაც ყველა შემთხვევაში ჩაიდინა დანაშაული. დანაშაულია, თუ ისე გაიყვანეს საქართველოდან ჟურნალისტი, რომ ეს ვერავინ შეამჩნია, და კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, თუ აქ დაიჭირეს ჟურნალისტი და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს გადასცეს, რისი მაღალი ალბათობაც არსებობს“, - გვითხრა სერგო რატიანმა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, ჟურნალისტების აქციისა და უმცირესობის მოთხოვნის პასუხად 6 ივნისს განაცხადა, რომ „კომიტეტი ადასტურებს საკითხის სიმძიმეს, თუმცა“, მისივე სიტყვებით, „ეს ამბავი არ უნდა იქცეს შოუდ და მივცეთ დრო გამოძიებას გადაწყვეტილების მისაღებად, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება საპარლამენტო კონტროლის განხორციელება“.

„ყოველი დღე, რომელიც პასუხს არ სცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, კიდევ უფრო მეტად აყენებს ზიანს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას“, - მუხთარლის საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრეზიდენტიც. მისმა პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ამ სამწუხარო ფაქტმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა“.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი დღეს აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელისაც შეხვდა. მათი თხოვნა იყო ამ საქმეზე სიმართლის დადგენა და გამოძიებაზე „ზეგავლენის მოხდენა“. იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გულდასმით აკვირდება ამ პროცესს. ჟურნალისტების განცხადებით, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ და მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით შეეცდებიან პასუხი მოსთხოვონ ხელისუფლებას თბილისიდან მუხთარლის გატაცების გამო.

აქვე გავიხსენოთ, რომ 5 ივნისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ადვოკატმა საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართა და გამოძიების შინაგან საქმეთა სამინისტროდან პროკურატურაში გადატანა მოითხოვა.

6 ივნისს ცნობილი გახდა ბაქოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმად, მოსამართლემ აფგან მუხთარლი 3-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG