Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ტერაქტი, გერმანიის გაერთიანება და ნავთობსადენი - ერთი კაცის ბედი


86 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა საქართველოს ყოფილი, რიგით მეორე, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეიქმნა ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია. ოჯახის წევრების განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს 13 ივლისს დაკრძალავენ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებას ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები და ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ.

ედუარდ შევარდნაძის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა, 2003 წლის ვარდების რევოლუციის გამო, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომით დამთავრდა.

1985 წელს საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი მიხაილ გორბაჩოვი საქართველოს კომპარტიის თავკაცს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ნიშნავს - ასე იწყება ედუარდ შევარდნაძის, მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსის, კარიერა. ედუარდ შევარდნაძე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპის გათავისუფლებისა და გერმანიის გაერთიანების საქმეში. 2009 წლის 1 ოქტომბერს ის, რადიო თავისუფლებასთან საუბარში, გაიხსენებს, რომ გერმანიის გაერთიანების გადაწყვეტილება ოტავაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე მიიღეს, სულ სხვა, ღია ცის საკითხის განხილვის პარალელურად:

„ბეიკერი გადმოჯდა, ჩემ გვერდით დაჯდა და მეუბნება: ედუარდ, როგორ ფიქრობ, ხომ არ მოვიდა დრო გერმანიის გაერთიანებაზე ვიფიქროთ? მე ვუთხარი, ეს კითხვა, პირველ რიგში, გენშერს უნდა მისცე-მეთქი... გენშერი თანახმა არისო“.

ამავე ინტერვიუში ედუარ შევარდნაძე გულდაწყვეტილი იტყვის, რომ მასაც ჰქონდა ნობელის პრემიის მიღების პერსპექტივა, მაგრამ ამაზე არ იზრუნეს:

ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ გორბაჩოვი
ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ გორბაჩოვი

„გულისტკივილი მართლაც იყო, იმიტომ რომ გორბაჩოვს რომ მოენდომებინა, ორი სიტყვა რომ ეთქვა, შევარდნაძეც მიიღებდა ნობელის პრემიას, მაგრამ გორბაჩოვს... ახლა იმ დროს, როცა მე უკვე ფორმაში ვარ, მსოფლიომ გამიცნო, მსოფლიო მენდობა და ბევრი რამ უკვე აღარ სიამოვნებს, თორემ, მე მგონი, ინდოეთში იყო, ორმა მიიღო ნობელის პრემია და საბჭოთა კავშირშიც შეიძლებოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ არ მოინდომეს“.

რადიო თავისუფლების არქივში ინახება ასევე ინტერვიუ, სადაც ყოფილი პრეზიდენტი სამჯერ მოწყობილი ტერორისტული აქტის თაობაზე ჰყვება და ტეროტისტებს შესრულებულ სამუშაოს უწუნებს, საკუთარ თავზე კი თვითირონიით ამბობს:

ედუარდ შევარდნაძე ტერაქტის შემდეგ მეუღლესთან ერთად
ედუარდ შევარდნაძე ტერაქტის შემდეგ მეუღლესთან ერთად

„რაღაც სასწაულით გადავრჩი, მართლა სასწაულით... ახლაც არის ტელევიზიაში კადრი შემორჩენილი: ჩემი მეუღლე მოვიდა, კიდევ ვიღაცები მოვიდნენ, გადაიღეს და მე ვარ მაისურით და ახლა მრცხვენია, რომ ვუყურებ... კაცო, რა არის - პრეზიდენტი მაისურში? და დასისხლიანებული, გაუბედურებული... ჰოდა, მაშინ ვთქვი, რომ ამ უბედურებმა სროლაც კი არ იციან-მეთქი. მე არ ვიცოდი და თურმე გამიმეორებია დე გოლის სიტყვები“.

თუ მშრალი ბიოგრაფიული მონაცემებით განვაგრძობთ ტექსტს, 1992 წელს, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა სამშობლოში და სამოქალაქო ომში ჩაფლული ქვეყნის ლიდერი გახდა. იგი ჯერ გარდამავალ ორგანოს - სახელმწიფო საბჭოს - ედგა სათავეში, შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ, მოგვიანებით კი, 1995-2000 წლებში, ორჯერ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც ედუარდ შევარდნაძის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, საინფორმაციო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი და პრესმდივანი იყო 1993–1995 წლებში, იხსენებს, რომ მას ჰქონდა ნიჭი ყოფილიყო გამორჩეული:

ედუარდ შევარდნაძე სტუმრად რადიო "თავისუფლების" პრაღის შტაბბინაში. 2002 წ.
ედუარდ შევარდნაძე სტუმრად რადიო "თავისუფლების" პრაღის შტაბბინაში. 2002 წ.

„ერთხელ ერთ-ერთ სამიტზე ვიყავით კოპენჰაგენში და ჟურნალისტებთან ერთად ვდგავართ და შორიდან მოდიოდა შევარდნაძე, სადაც მთელი ევროპის ლიდერები ტრიალებდნენ და მათში გამოარჩევდი შევარდნაძეს და ერთ-ერთმა საკმაოდ გამოცდილმა ჟურნალისტმა გადმომჩურჩულა, ნახე, პრეზიდენტობა ზედ ატყვიაო. მას თავისი დიდი მნიშვნელობა იმთავითვე, სულ რომ ჩუმად ყოფილიყო, ეტყობოდა და ეს მნიშვნელობა გამოიხატებოდა იმაში, მერე უკვე საუბარში რაც გაიხსნებოდა და მოქმედებებშიც, რომ ის პრობლემაზე ყოველთვის ფიქრობდა უფრო დიდი მასშტაბით, ვიდრე ვართ შეჩვეული“.

ედუარდ შევარდნაძის, როგორც პოლიტიკოსის, შეფასებისას საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯს გამოყოფს, თუმცა აღნიშნავს წარუმატებლობასაც:

„მისი პერიოდის მთავარი მახასიათებელი იყო ორი ცუდი და კარგი რამ. ერთი ის, რომ ეს იყო დაკარგული შესაძლებლობა მაშინ, როცა ბალტიის ქვეყნები შედიოდნენ დასავლეთში და იყვნენ ორიენტირებული რეფორმებზე და ჩამოაყალიბეს ევროპული სახელმწიფო, ჩვენ ეს შანსი დავკარგეთ სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში. მეორე მხრივ, მის პერიოდში ჩაისახა ის კავშირები დასავლეთთან, რომელიც მერე იყო ძალიან კარგად გამოყენებული - იგივე ნავთობსადენი, იგივე ბაზების გაყვანა, ეს არის ის ფუნდამენტი, რომლის გარეშეც უფრო გართულდებოდა დასავლეთთან გარკვეული მიმართულებების განვითარება“.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ედუარდ შევარდნაძის ღვაწლის შეფასებისას, უმთავრესად, გერმანიის გაერთიანების საქმეში შეტანილ წვლილს გამოყოფს. ამასთან, მისი თქმით, შევარდნაძე იყო პირველი, ვინც ნატოს პერსპექტივაზე დაიწყო საუბარი. მთავარ შეცდომად კი ედუარდ შევარდნაძეს ქვეყანაში კორუფციის მაღალ დონეს უთვლიან, თუმცა ამჯერად ექსპერტებმა არჩიეს გარდაცვლილი ყოფილი პრეზიდენტის წარმატებულ ნაბიჯებზე გაეკეთებინათ აქცენტი.

მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის სხვა წევრებმაც.

„ედუარდ შევარდნაძემ, მკაცრი პოლიტიკური რეჟიმის პირობებშიც კი, მართვის არაორდინარული სტილით გამორჩეული და თვითმყოფადი პოლიტიკოსის რეპუტაცია მოიპოვა. სწორედ ამის გამო მას უმნიშვნელოვანესი როლი ხვდა წილად პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიც "გარდაქმნის" სახელითაა ცნობილი“.

ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში:

ედუარდ შევარდნაძე, ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი
ედუარდ შევარდნაძე, ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი

„ედუარდ შევარდნაძე იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოღვაწე საბჭოთა იმპერიის დაშლის სტადიაზე და პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის, რომლის ისტორიაში მისი ადგილის უფრო ზუსტ შეფასებაზე ისტორიკოსებს კიდევ დიდხანს მოუწევთ მუშაობა. 2003 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მის სისხლის სამართლებრივ დევნაზე კატეგორიული უარი ვთქვით, პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემითა და ქვეყნის ცივილიზებული იმიჯისთვის. უფრო მეტიც, ჩემი განკარგულებით, მას შეუნარჩუნდა სახელმწიფო რეზიდენცია და პრეზიდენტის სხვა პრივილეგიები. ვფიქრობ, ეს სწორი იყო”, - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის გვედრზე.

ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური მოღვაწეობის გახსენება რადიო თავისუფლებამ თბილისელებსაც სთხოვა:

როგორ აფასებენ თბილისელები ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობას?
please wait

No media source currently available

0:00 0:02:36 0:00

„მისი მოღვაწეობის პერიოდი საერთოდ რთული პერიოდი იყო ყველანაირად. ძალიან ცუდი მოგონება მაქვს ჩვენი აფხაზეთის დაკარგვასთან დაკავშირებით და დადებითი, ალბათ, ის, რომ როცა რუსეთის გადაწყვეტილება გავიგეთ თავის დროზე, ანუ სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადება, ის ქართველ ხალხთან ერთად იყო“.

„მისი სახელი, პირველ რიგში, ასოცირდება იმ ბნელ დროსთან, 90-იან წლებთან. ნათქვამია, გარდაცვლილზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერიო. მაგრამ კარგთან არაფერთან ასოცირდება“.

„შეფასება ძნელია, ჯერ იმ საბჭოთა ეპოქის გააზრება არ მომხდარა“.

„მიმაჩნია, რომ, როგორც პოლიტიკოსი, იყო ძალიან ჭკვიანი ადამიანი, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოსთვის არა“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG