Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუპატიურებასა და წამებაში ეჭვმიტანილები გამოვლინდნენ


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
დაკავებულია და იძებნება 10-ზე მეტი პირი, რომლებიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სახით უკავშირდებიან რამდენიმე დღის წინ სამალავში აღმოჩენილ მასალებს. კონკრეტულად საუბარია ადამიანებზე ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე, რომლებიც, 17 ივნისს გახმაურებული ინფორმაციის მიხედვით, სამართალდამცველებმა სამეგრელოში, მიწისქვეშა სამალავში აღმოაჩინეს. დღეს, 19 ივნისს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიდეოჩანაწერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.

იმას, რასაც 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისული უცხოელი დიპლომატები გაეცნენ, ვერასოდეს იხილავს ფართო საზოგადოება და, შესაბამისად, სამალავში აღმოჩენილ ვიდეომასალას მხოლოდ ვარაუდები, დაუზუსტებელი ინფორმაციები და ზოგადი შეფასებები უკავშირდება. უცხოელმა დიპლომატებმა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვეს, მინისტრმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას ვიდეომასალას ”საშინელი” უწოდა და განსაკუთრებით გამოყო ეპიზოდები, რომლებიც 2 ადამიანის წამებასა და გაუპატიურებას ეხება. მისი თქმით, ნაპოვნი არიან დაზარალებულები:

”იქ საუბარია ძალიან მძიმე დანაშაულის აღიარებაზე, საკუთარ თავზე აღებაზე. აღმოჩნდა ისე, რომ ერთ-ერთი პიროვნება საერთოდ არ იყო არც გასამართლებული, არც ციხეში ნამყოფი. ის, უბრალოდ, აწამეს. მისგან ვერ მიიღეს მათთვის სასურველი ჩვენება. მეორე პირი, რომელიც აწამეს, აბსოლუტურად სხვა ბრალდებით იყო დაკავებული და იჯდა ციხეში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისა და ტარების გამო”.
ამავე სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების - მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას - ბრალეულობა. გამოძიების ინფორმაციით, კოხტა კოდუა და დავით ჩაგინავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკვე იძებნება...
შსს-ს განცხადება

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა დღის პირველ ნახევარში უთხრა ჟურნალისტებს, უკვე დაკავებულია 9 პირი. დღის მეორე ნახევარში კი გავრცელდა იმ პირთა ინიციალები, რომლებიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით არიან დაკავებული. ისინი არიან შინაგან საქმეთა თუ თავდაცვის სამინისტროების მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლები და აქვეა ერთი პირი, რომელიც უშუალოდ გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადება გვამცნობს, რომ ”ამავე სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების - მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას - ბრალეულობა. გამოძიების ინფორმაციით, კოხტა კოდუა და დავით ჩაგინავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკვე იძებნება”.

ირაკლი ღარიბაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიწისქვეშა სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალა ვანო მერაბიშვილის დროინდელ უმძიმეს დანაშაულებს ასახავს და რომ უნდა დაისაჯოს ყველა ის მაღალი თანამდებობის პირი, რომლებსაც შეხება აქვთ ამ ფაქტებთან. გავიხსენოთ, რომ, 17 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვიდეომასალა ნაპოვნი იყო სამეგრელოში, მიწისქვეშა სამალავში, კერძოდ, პლასტმასის კასრებში, საბრძოლო იარაღთან, ასაფეთქებელ მასალებთან, დასაჭერ პირთა სიასა და ნარკოტიკებთან ერთად. მინისტრმა ღარიბაშვილმა ოთხშაბათს ასევე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ სამეგრელოს პრობლემა არ არის და რომ საქმე გვაქვს წინა ხელისუფლების ”სისტემურ პრობლემასთან”.

მძიმე დანაშაულზე პასუხისმგებელ პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, გამოძიებასთან თანამშრომლობის აუცილებლობას ხედავს ოპოზიციაც. მაგალითად, ამ თემაზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ:

დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე
”იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ამ დროისთვის ვრცელდება, საქმე ეხება აბსოლუტურად არაადამიანურ და უმძიმეს დანაშაულს. ორი აზრი არ არსებობს, რომ დანაშაულის ყველა ჩამდენი უნდა იყოს დასჯილი მთელი სიმკაცრით. გამოვხატავ სრულ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ გამოძიების პროცესს”.

როგორც უკვე ვთქვით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვეს. თუმცა ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მათთვის სამალავში აღმოჩენილი ვიდეომასალის გაცნობას სათანადო შედეგი მოჰყვება. როგორც, მაგალითად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახლმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა 19 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, უცხოელი დიპლომატები ინფორმაციას მიაწვდიან თავიანთ დედაქალაქებს, რაც აუცილებელია საქართველოში მართლმსაჯულების სამართლიანობასთან დაკავშირებული ეჭვების გასაქრობად.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG