Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის უსაფრთხოება საქართველოში


ტყიბულის მაღარო
ტყიბულის მაღარო
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავრობას მოუწოდებს მეტი ყურადღება მიაქციოს საქართველოში შრომის უსაფრთხოების პირობებს. ამის საფუძველს სახალხო დამცველს დღეს არსებული საგანგაშო სტატისტიკა აძლევს, რომლის თანახმად, საწარმოებში შრომის არასათანადო პირობების გამო დაღუპულ და დაშავებულ ადამიანთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. მიუხედავად შრომის კოდექსში შესული ცვლილებებისა, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა უკეთესობისკენ არც საკანონმდებლო დონეზე შეცვლილა. უჩა ნანუაშვილი მთავრობას, კანონმდებლობის დახვეწის გარდა, ურჩევს შეიქმნას შრომის პირობების მონიტორინგის სამსახური.

„ჩვენი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს, ეს სახელმწიფოს ვალია. შრომის კოდექსშიც უნდა ჩაიწეროს და სადაც ვმუშაობთ, იქაურ პირობებზეც უნდა აისახოს“, - ამ სიტყვების ავტორი ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშა ავთანდილ გოგიშვილია. ის და მისი კოლეგები შრომის უსაფრთხო პირობებს ჯერ კიდევ პირველ მაისს, დასაქმებულთა საერთაშორისო დღეს გამართულ მშვიდობიან აქციაზეც მოითხოვდა. მაშინ რუსთაველზე, შრომის უფლების დაცვის მიზნით, მეხანძრეები, პედაგოგები, ექიმები, რკინიგზელები, მძღოლები და სხვა არაერთი პროფესიის ადამიანი გამოვიდა. იგივე მოთხოვნები ჰქონდათ ცოტა ხნის წინ ჭიათურის მაღაროელებსაც. გვირაბგამყვანი ჯაბა გურული მაშინ რადიო თავისუფლებას უამბობდა რამდენად მძიმეა მაღაროში მუშაობა:

„მაღაროში მომუშავე ტექნიკა მოშლილია - კვირაში შეიძლება ამ ტექნიკამ სამი დღე იმუშაოს გამართულად, მერე წყობიდან გამოდის. თან ჩვენ მავნე გაზებთან გვაქვს საქმე. ამიტომაც სულ ვითხოვთ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და უსაფრთხო გარემოს“.

ამ ამბების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ახალი შრომის კოდექსი მიიღო, თუმცა, როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ის ხელისუფლებას კვლავაც მოუწოდებს გადახედოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას.

შრომის კოდექსში საუბარია, რომ დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას უსაფრთხო გარემო, მაგრამ არ არის განმარტებული, თუ რა შეიძლება იყოს შედეგი არასათანადო სამუშაო პირობების შექმნისა და უსაფრთხოებაზეც არანაირი კონტროლი არ ხორციელდება...
უჩა ნანუაშვილი
„შრომის უფლების განუყოფელი კომპონენტია დასაქმებულის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს შრომის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოთი. სამწუხაროდ, საქართველოში სახელმწიფო დონეზე არ არის შემუშავებული შრომის, ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრული ეროვნული პოლიტიკა და, შესაბამისად, არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი, რამდენად არის დაცული სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემო“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.
სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ, შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მიუხედავად, უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა ჯანმრთელობის პირობების საკითხი ღიადაა დატოვებული. სწორედ ამიტომ სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს, კანონმდებლობის დახვეწის მომდევნო ეტაპზე ყურადღება შრომის უსაფრთხოების რეგულაციებს მიაქციოს, რომლებსაც დღემდე მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი აქვს:

„შრომის კოდექსში საუბარია,რომ დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას უსაფრთხო გარემო, მაგრამ არ არის განმარტებული, თუ რა შეიძლება იყოს შედეგი არასათანადო სამუშაო პირობების შექმნისა და უსაფრთხოებაზეც არანაირი კონტროლი არ ხორციელდება. საქართველო კი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრ 182 ქვეყანას შორის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შრომის ინსპექცია ან სხვაგვარი, მსგავსი ფუნქციების მქონე სამსახური არ არსებობს“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს სამუშაოს შესრულებისას 102 ადამიანი დაშავდა, 42 დაიღუპა. 2011 წელს დაშავებულთა რაოდენობაა 137 იყო, გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 54. თუ საქართველოს შრომის ბაზარზე დასაქმებულთა რაოდენობას გავითვალისწინებთ, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, ამბობს პაატა ბელთაძე.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მთავრობას იმ თვალსაზრისითაც აკრიტიკებს, რომ დღემდე არავის გამოუკვლევია ზუსტად რამდენი ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა საწარმოო ტრავმით, შრომის უსაფრთხოების პირობების არარსებობის გამო. ის მონაცემი კი, რაც პროფკავშირს გააჩნია, სრულყოფილად ვერ ჩაითვლება იმ მარტივი მიზეზით, რომ ორგანიზაციას ყველგან არა აქვს ფილიალი - საზოგადოებამ კი ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, არაფერი იცის, თუ რამდენი და რა ტიპის უბედური შემთხვევა მთავრდება ფატალურად ამა თუ იმ საწარმოში. შრომის კოდექსი, არც ძველი და არც ახალი, შრომის უსაფრთხოებაზე საიმედოს ვერაფერს ამბობს. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, კანონი დამქირავებელს არც იმას ავალდებულებს, რომ დაშავებულს კომპენსაცია გადაუხადოს:

„ბიზნესმენსაც არა აქვს იმის არც სურვილი და არც ამბიცია, რომ ინვესტიცია ჩადოს შრომის უსაფრთხოებაში. ის, ფაქტობრივად, ბევრს არაფერს კარგავს, თუ პროფკავშირები არ დახვდა ადგილზე და სასამართლომდე არ მივიდა საქმე“.

თუ პირი შრომისუნარიანობას 100%-ით კარგავს საწარმოში დაშავების შედეგად, მაშინ მას მთლიანი ხელფასი უნდა გადაუხადონ...
ქეთი კრაწაშვილი
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი ქეთი კრაწაშვილი განმარტავს, რომ საწარმოში ტრავმის მიღება გულისხმობს მუშაკისთვის დამსაქმებლის მიერ მიყენებულ ზიანს, რაც, როგორც წესი, გამოწვეულია შრომის არასათანადო გარემოს არსებობით. 2013 წლის მარტამდე მოქმედი საქართველოს მთავრობის #53 დადგენილების თანახმად, დამსაქმებლის ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას ეკისრებოდა ზიანის ანაზღაურება - სარჩოს დაწესება ან ერთჯერადი კომპენსაციის გადაცემა. მიმდინარე წლის მარტიდან საქართველოში ამ საკითხს ახალი დადგენილება არეგულირებს, რომელშიც არაფერია ნათქვამი კერძო სექტორში დასაქმებული პირებისათვის ზიანის ანაზღაურებაზე, თუმცა აღდგენილია წინა დადგენილებით გაუქმებული პირთა უფლებები - ეს შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შპს-ებში - ვთქვათ, ქვანახშირის საბადოებში - დასაქმებული პირების ზიანის ანაზღაურებას. ქეთი კრაწაშვილი ამბობს, რომ ამ დადგენილების გარდა ამ საკითხს ასევე არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი და შრომის კოდექსი:

„თუ პირი შრომისუნარიანობას 100%-ით კარგავს საწარმოში დაშავების შედეგად, მაშინ მას მთლიანი ხელფასი უნდა გადაუხადონ. თუ 80 პროცენტით კარგავს, შესაბამისი იქნება ანაზღაურებაც - ხელფასის 80%“.

სახალხო დამცველი მთავრობას ასევე ურჩევს შეიქმნას შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუცია, მაგალითად, როგორიცაა შრომის ინსპექცია. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე გვეუბნება, რომ ასეთი ორგანოს ჩამოყალიბება უახლოეს ხანებშია დაგეგმილი. ამ ორგანოს სწორედ კონკრეტულ საწარმოში შრომის პირობების შემოწმება დაევალება. ეს სფერო, მაღრაძის თქმით, ახალ ხელისუფლებას სრულიად მოუწესრიგებელი დახვდა.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავრობას ასევე მიმართავს რეკომენდაციით - საქართველომ დაიწყოს მუშაობა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირების მიზნით, როგორიცაა ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლი (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №81 (შრომის ინსპექციის შესახებ), №129 (სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ), №155 (შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ) კონვენციები. გუგული მაღრაძე პასუხად ამბობს, რომ სანამ ქვეყანა კონვენციების რატიფიცირებისათვის საჭირო პროცედურებს წამოიწყებს, მანამდე ქვეყანაში შრომის კანონმდებლობა იმგვარად უნდა დაიხვეწოს, რომ ის სავსებით უპასუხებდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG