Accessibility links

18 იანვარს თბილისში, ერთ-ერთ მშენებლობაზე, მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან კიდევ ერთი მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა. ის 26 წლის იყო. როგორც ირკვევა, მას ფეხი დაუცურდა. ის უკვე მეჩვიდმეტე ადამიანია, ვინც 2017 წლის დასაწყისიდან ამ დრომდე სწორედ მშენებლობაზე დაიღუპა. საქართველოს პროფკავშირის ცნობით, გასული ერთი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სულ 40 ადამიანია დაღუპული.

please wait

No media source currently available

0:00 0:05:22 0:00
Direct link

თემქის დასახლებაში ერთ-ერთ მშენებლობაზე მეოთხე სართულიდან ჩამოვარდნილი მუშა 26 წლის იყო. ექიმებმა, მცდელობის მიუხედავად, მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს. 18 იანვარს თბილისში თოვდა. გაერთიანებული პროფკავშირების ცნობით, 26 წლის გ.გ.-ს ფეხი დაუცდა, როცა ნალექისგან თავის დასაცავად ხარაჩოზე ბრეზენტის გადაფარებას ცდილობდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამაც დაადასტურა, რომ დაღუპულს, სავარაუდოდ, ნალექის გამო ფეხი დაუცურდა, რომ მას არ ეკეთა დამცავი ქამარი და არ ეცვა სპეცფეხსაცმელი. ამ დეტალებს, სავარაუდოდ, გამოძიება დაადგენს, მანამდე კი ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც ელზა ჯგერენაიასგან შევიტყვეთ:

დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე, თუმცა სისხლისსამართლებრივად, პასუხისმგებელი არის ქვედა რგოლის წარმომადგენელი, სამუშაოს მწარმოებელი, ე. წ. პრარაბი...
ნიკა კაკაშვილი

„როგორც პირველადი დათვალიერებით გამოიკვეთა, ადგილზე მომუშავე მუშები არ იყვნენ სათანადოდ აღჭურვილები. ამინდი ცუდი იყო. ასეთ დროს კი, სულ ცოტა, სპეცფეხსაცმელი უნდა ეცვას დასაქმებულს. დიდი ალბათობით, მას ეს ფეხსაცმელი არ ეცვა, რის გამოც ფეხი დაუსხლტა და ხარაჩოდან ჩამოვარდა. დარღვეული იყო ხარაჩოს მონტაჟის წესებიც. მიზეზები მოკვლევის დროს კიდევ უფრო დაზუსტდება, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მას არც დამცავი ღვედი ეკეთა“.

გაერთიანებული პროფკავშირების შრომის დაცვის ინსპექციის უფროსმა ნიკა კაკაშვილმა კი განგვიმარტა, რომ, როგორც წესი, მშენებლობაზე - იქ, სადაც ე.წ. კოლექტიური დაცვის საშუალებაა მოწყობილი - დამცავი ქამრის გაკეთება აუცილებელი არ არის, იქ ხარაჩოც სტანდარტებს შეესაბამება და რისკიც ნაკლებია. ინდივიდუალური დაცვის საშუალების გამოყენება კი აუცილებელია სწორედ იმ დროს, როცა კოლექტიური დაცვის საშუალება არ არის მოწყობილი ან სტანდარტებს არ შეესაბამება. სავარაუდოდ, ასე იყო თემქაზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროსაც. ვინ არის პასუხისმგებელი ასეთ დროს?

„დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე, თუმცა სისხლისსამართლებრივად, პასუხისმგებელი არის ქვედა რგოლის წარმომადგენელი, სამუშაოს მწარმოებელი, ე. წ. პრარაბი. კომპანია კანონის წინაშე პასუხს არ აგებს და, ჩვენი აზრით, სწორედ აქ არის პრობლემა“, - ამბობს ნიკა კაკაშვილი.

ერთ-ერთი მშენებლობა თბილისში
ერთ-ერთი მშენებლობა თბილისში

ზუსტად რა მოხდა თემქაზე მიმდინარე მშენებლობაზე, ჰქონდათ თუ არა ადგილზე მომუშავე მუშებს ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ან თავდაცვითი საშუალებები, ამ დეტალების შეტყობას დამსაქმებელი სამშენებლო კომპანიისგან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ორშაბათს ელოდება. როგორც ელზა ჯგერენაია ამბობს, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც. რაც შეეხება რეაგირებას სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით:

ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად. სახალხო დამცველის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ბოლო 5 წელიწადში 270 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 18 ადამიანი 2017 წლის პირველ ნახევარში დაიღუპა...

„ასეთ დროს მერიის ზედამხედველობის სამსახური ჯარიმას აკისრებს კომპანიას. ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ რეკომენდაციით შემოვიფარგლებით, სხვა ბერკეტი კანონმდებლობით არ გვაქვს, თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ თებერვლიდან განახლდება კანონპროექტის განხილვა და ჩვენ კანონით მოგვენიჭება უფრო ეფექტიანი მექანიზმების გამოყენების უფლება“.

შრომის ინსპექციისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის არაეფექტიან მუშაობაზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობს პროფკავშირიც. ნიკა კაკაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ რეკომენდაციის მიცემა შეუძლია, მერიის ზედამხედველობის სამსახურს - ჯარიმის დაწერა. მოსაწესრიგებელია კანონმდებლობაც:

„მთავარია კანონის აღსრულება.როგორი კარგი კანონიც არ უნდა დაიწეროს, თუ ის ქაღალდზე დარჩა, შედეგი არასოდეს გვექნება. უბედური შემთხვევები ხდება ყველგან, მაგრამ ეფექტიანი პრევენციული სისტემის ამოქმედება შეამცირებს იმ სტატისტიკას, რაც დღეს გვაქვს“.

შრომითი უფლებების საკითხი წელს პირველად შევიდა Human rights watch-ის წლიურ ანგარიშშიც. დოკუმენტში აღნიშნულია:

„ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად. სახალხო დამცველის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ბოლო 5 წელიწადში 270 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 18 ადამიანი 2017 წლის პირველ ნახევარში დაიღუპა... სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებით“.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა მედიასთან საუბარში, პირველ თებერვალს „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა უნდა გაიმართოს, შემდეგ პროექტზე კომიტეტი იმსჯელებს, ხოლო საგაზაფხულო სესიის გახსნისას საკანონმდებლო პაკეტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გავა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG