Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სითბური ტალღების მომაკვდინებელი ეფექტი


ალერგია, დიარეა, წნევის ცვალებადობა, გაუწყლოება... ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მოვლენებისა, რომელიც ადამიანებში კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს. ქართულ რეალობაში ამათგან ყველაზე საშიში სითბური ტალღებია, მოვლენა, რომელმაც 2003 წელს ევროპაში 70 ათასი ადამიანი შეიწირა. როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ადამიანის ჯანმრთელობაზე და როგორ შეიძლება მისგან თავის დაცვა?

გადმოწერა

კლიმატი მთელ მსოფლიოში იცვლება და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად. ერთგვაროვანი სურათი არც საქართველოშია. ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში თამარ მთვარელიძე ამბობს, რომ კლიმატის ცვლილება განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებსა და დედოფლისწყაროს რაიონს ეხება. დედოფლისწყაროს ნაყოფიერი მიწები ბოლო წლების განმავლობაში ნაკლებად მოსავლიანი გახდა, ასევე ხუთჯერ უფრო ხშირია ქარები. რაც შეეხება შავი ზღვის სანაპიროს, თამარ მთვარელიძეს ასეთი მაგალითი მოჰყავს - ასაკოვანი ფოთელები იხსენებენ ხოლმე, თუ სად იყო წლების წინ სანაპირო:

თამარ მთვარელიძე
თამარ მთვარელიძე

„ფოთის პორტის სამხრეთ მონაკვეთში ბოძები ჩანს ზღვიდან. იმ ტერიტორიაზე იპოდრომი იყო, ანუ დაახლოებით ორი კილომეტრის სიღრმეზე არის შემოსული ზღვა“.

მისივე თქმით, კლიმატის ცვლილება, ზოგადად, ააქტიურებს იმ პროცესებს, რომელიც ამა თუ იმ რეგიონში ისედაც იყო: გვალვას, ეროზიას, ღვარცოფს და ასე შემდეგ. კლიმატის ცვლილება აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზეც. თამარ მთვარელიძე ჩამოთვლის იმ საფრთხეებს, რომლებიც ამ კუთხით შეიძლება წარმოიშვას. მაგალითად, ცხელ ამინდებში უფრო დიდი ალბათობაა წყლის რეზერვუარების დაბინძურებისა და მოწამვლის, უფრო დიდი ალბათობაა მალარიის გავრცელებისაც. ამასთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საუბრობს დენგის ციებ-ცხელებაზეც, რომელიც ასევე კოღოების მეშვეობით ვრცელდება.

გარემო პირობები იცვლება ფაუნისთვისაც: მრავლდებიან ქვეწარმავლები, მღრნელები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ თავად არიან სახიფათოები, დაავადებების გადატანა და გავრცელებაც შეუძლიათ, ანადგურებენ მოსავალსაც. შეგვიძლია გავიხსენოთ 2011 წელი, როდესაც დედოფლისწყაროს რაიონში ხორბლის ნათესების უმეტესობა ე.წ. უკუდო თაგვებმა გაანადგურეს.

„ურბანული, ქალაქის მოსახლეობა ძალიან მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ, რადგან თავად ქალაქი ქმნის ცხელ წერტილებს - ასფალტი, ინფრასტრუქტურა შთანთქავს სითბოს და მერე თავად გვევლინება გამოსხივების, რადიაციის ობიექტად. იქმნება ისეთი პირობები, როგორიც საერთოდ არ იყო დამახასიათებელი ამ ადგილისთვის. ამიტომ არის, რომ ბოლო წლებში ქვეწარმავლები გავრცელდა“.

დათბობით და ქარის ნაკლებობით იზრდება მიწისპირა ოზონის კონცენტრაცია. ოზონი არის დამაბინძურებელი და სმოგის ერთ-ერთი კომპონენტი. ეს პირდაპირ კავშირშია რესპირატორულ პრობლემებთან, ფილტვებთან, სასუნთქ გზებთან...
თამარ მთვარელიძე

თამარ მთვარელიძე ლაპარაკობს სითბურ ტალღებზე, რაც კლიმატის ცვლილებას ახასიათებს. სითბურ ტალღად იწოდება სამ დღეზე მეტი პერიოდი, როდესაც ტემპერატურა იმ კონკრეტული ტერიტორიისთვის არაბუნებრივად მაღალია. ამგვარი სითბური ტალღების შედეგად, 2003 წელს ევროპაში 70 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ძირითადად მოხუცები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ძველ სახლში მარტო ცხოვრობდა და არც კონდიციონერი ჰქონდა, რადგან ამგვარი ტემპერატურა იმ ადგილებში ბოლო 500 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

კლიმატის ცვლილების პირობებში საფრთხეში არიან ასევე ბავშვები, გულსისხლძარღვთა დაავადებების, ასთმის მქონე პირები, ასევე ის, ვინც ბევრს მუშაობს ან სპორტსმენია.

გარდა ამისა, თამარ მთვარელიძე ჩერდება კიდევ ერთ ფაქტორზე, რომელიც ასევე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე:

„დათბობით და ქარის ნაკლებობით იზრდება მიწისპირა ოზონის კონცენტრაცია. ოზონი არის დამაბინძურებელი და სმოგის ერთ-ერთი კომპონენტი. ეს პირდაპირ კავშირშია რესპირატორულ პრობლემებთან, ფილტვებთან, სასუნთქ გზებთან“...

კლიმატის ცვლილება არ არის მითი - მოერიდე სიცხეს, რომელსაც შეუძლია გაზარდოს ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის რისკები! - ეს არის ექსპერტების ერთ-ერთი მესიჯი საზოგადოებისადმი. რამდენად მომზადებულია საქართველო კლიმატის ცვლილებებთან გასამკლავებლად? არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტიზანული მებაღეობის“ ხელმძღვანელი ნატა ფერაძე ამბობს, რომ, პირიქით, თბილისი ამ კუთხით ძალიან მოწყვლადია:

ნატა ფერაძე
ნატა ფერაძე

"უდიდესი გავლენა აქვს ეკოლოგიას, იმ მძიმე მეტალებს, რასაც ვსუნთქავთ და რასაც იწვევს მანქანების გამონაბოლქვი, ხეების ნაკლებობა. ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მიზეზი ამ დაავადებების არის უკონტროლო მშენებლობები, რომლის დროსაც ხდება მაღალტოქსიკური ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი არის ასბესტოზის გამოყენება მშენებლობებში და იმ ასბესტოზის სახურავების („შიფერს“ რომ ვეძახით) ჯერ კიდევ არსებობა. მისი დემონტაჟი არ მომხდარა“.

მისივე თქმით, თბილისი მთებს შორის არის მოქცეული, ამიტომ ჰაერის ნაკადების მოძრაობა ისედაც შეზღუდულია. ამას კიდევ უფრო ართულებს თანამედროვე ქალაქგეგმარება, რადგან ახლა მთებზეც სახლები შენდება.

„ცოტა ხნის წინ ვარკეთილში საპროტესტო აქცია იყო - მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდა. ვარკეთილი საბჭოთა კავშირის დროს არის დაგეგმარებული. რამდენად ლამაზია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ გეგმარება სწორი და გათვლილი იყო - ზღვიდან მომავალი ჰაერის ნაკადებისთვის საჰაერო დერეფნები იყო დატოვებული და სწორედ ამ დერეფანში აღიმართება უზარმაზარი სახლი, რომელიც შეაკავებს ჰაერის ნაკადების გადინებას და აირაციას“.

გარემოსდამცველები ასევე ბევრს ლაპარაკობენ მანქანების გამონაბოლქვზე, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამძიმებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. თბილისში ამ პრობლემას ყველაზე მეტად ძველი მანქანები ქმნის, თუმცა დღემდე ვერ გადაწყდა, აღდგეს თუ არა სავალდებულო ტექდათვალიერება, რომელიც სწორედ ამგვარ ტრანსპორტს გაცხრილავდა.

ეკა ლალიაშვილი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ამბობს, რომ საგზაო პოლიტიკა უფრო ადამიანზე უნდა იყოს მორგებული, ვიდრე მანქანებზე:

ფოთის პორტის სამხრეთ მონაკვეთში ბოძები ჩანს ზღვიდან. იმ ტერიტორიაზე იპოდრომი იყო, ანუ დაახლოებით ორი კილომეტრის სიღრმეზე არის შემოსული ზღვა...
თამარ მთვარელიძე

„მუდმივად გვესმის, რომ უკვე აღარ დარჩა ადამიანისთვის სივრცე ამ ქალაქში. თუ ჩვენ დავიწყებთ სიჩქარის ლიმიტების შემცირებას, საფეხმავლო სივრცეების შექმნას, პრიორიტეტული გახდება ადამიანი“.

იმასვე იმეორებს გელა კვაშილავა, თავმჯდომარე ფონდისა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“. მისი თქმით, როცა ქალაქში მეტი ქვეითად მოსიარულეა, ქალაქი უფრო უსაფრთხოა:

„ეს არის ქალაქის ცხოვრების შემადგენელი, ქვეყნის ცხოვრების, ჯანმრთელობის, განათლების“...

გარდა ამისა, ექსპერტები ამბობენ, რომ ცხელი ზაფხულისა და სითბური ტალღების თაობაზე მოსახლეობა აუცილებლად წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული, რომ ხალხმა თადარიგის დაჭერა მოასწროს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG