Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Greenberg Quinlan Rosner–ის კვლევის შედეგებს ოპოზიცია არ ენდობა


ამერიკული კომპანიის Greenberg Quinlan Rosner–ის (GQR) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რომელიც მმართველი პარტიის დაკვეთით შესრულდა, საველე სამუშაოები კი ადგილობრივმა კომპანია ACT-მ ჩაატარა, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი თითქმის ორჯერ აღემატება მისი მთავარი ოპოზიციური კონკურენტის, ”ქართული ოცნების”, რეიტინგს. ”გრინბერგ ქუინლან როსნერის” განცხადებით, ერთადერთი კვლევა, რომელიც განსხვავებულ შედეგს აჩვენებს, არის Penn Schoen Berland–ის (PSB) რეიტინგები. რომელიც აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდა.

”გრინბერგ ქუინლან როსნერის” კვლევის შედეგები 25 აგვისტოს ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გააცნო საზოგადოებას. კვლევა აგვისტოს დასაწყისში ჩატარდა და გამოიკითხა 1500 რესპონდენტი. მათგან 46% მმართველ პარტიას, ხოლო 24% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. გამოკითხული რესპონდენტების 20% ამბობს, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, ან არ იცის, ან უარს ამბობს ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე. ოპოზიციის უმრავლესობამ კვლევის შედეგს უკვე გამოუცხადა უნდობლობა. რას ემსახურება და რა ეფექტს ითვალისწინებს წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევები, პოლიტიკოსთა და სოციოლოგთა აზრით?

”გრინბერგ ქუინლან როსნერის” მიერ აგვისტოს დასაწყისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, 1500 გამოკითხული რესპონდენტიდან 46% მმართველ პარტიას, ხოლო 24% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. ”გრინბერგ ქუინლან როსნერმა” იმ რესპონდენტებისთვის, რომლებიც საკუთარ პოზიციას არ ამჟღავნებენ ან გადაწყვეტილი არა აქვთ, ვის მისცემენ ხმას, დამატებით დასმული შეკითხვის საფუძველზე, ასევე გაზომა ხმების შესაძლო გადანაწილების ალბათობა და დაადგინა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა 55%-მდე იზრდება, ხოლო „ქართული ოცნების“ – 33%-მდე; „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ 5% აქვს, ხოლო „ახალ მემარჯვენეებს“ - 3%. ამ მეთოდით ხმათა გადანაწილებისას კვლევის შედეგებში ცდომილება 3.7%-ია.

”გრინბერგ ქუინლან როსნერი” აცხადებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი შედეგები „ძირითადად შეესაბამება“ NDI-ის მიერ ივნისში გამოქვეყნებულ და IRI-ს მიერ ივნისსა და ივლისის დასაწყისში ჩატარებული კვლევის შედეგებს.
ერთადერთი კვლევა, რომელიც განსხვავებულ შედეგს აჩვენებს, არის Penn Schoen Berland–ის რეიტინგები.
ძირითადი არგუმენტი, რის გამოც ეს კეთდება ხელისუფლების მხრიდან, ამომრჩევლებზე ზემოქმედება და მათთვის განწყობის ხელოვნურად შექმნის მცდელობაა ...
ეკა ბესელია

შეგახსენებთ, რომ ”პენ შონ ბერლანდმა” გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომლის მოსამზადებლადაც 3-15 ივლისს, საქართველოს მასშტაბით, 1980 რესპონდენტი გამოიკითხა. ამ გამოკვლევის თანახმად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 41% მიიღო, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნების“ სათვალავზე 42-მა პროცენტმა მოიყარა თავი. ზემოთ დასახელებულ კვლევებს შორის სხვაობა, კვლევის დამკვეთთა განსხვავებულობის გარდა, კვლევის მეთოდოლოგიითაც შეიძლება აიხსნას. ”პენ შონ ბერლანდმა” კვლევისას ფარული ბიულეტენის” მეთოდოლოგია გამოიყენა, რაც გამოკითხულთა ინკოგნიტოდ დარჩენის გარანტიად ითვლება. როგორც 9 აგვისტოს ორგანიზაციის დირექტორმა კრეგ სმიტმა აღნიშნა, საუბარია მეთოდოლოგიაზე, რომელსაც ”პენ შონ ბერლანდი” მხოლოდ ისეთ ქვეყნებში იყენებს, სადაც, სავარაუდოდ, მაღალია ამომრჩეველთა შიშისა თუ ამომრჩეველთა დაშინების დონე.

”გრინბერგ ქუინლან როსნერის” კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს ”ქართული ოცნება”. კოალიციის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია ამბობს, რომ მაღალი რეიტინგების ჩვენებით ხელისუფლება ცდილობს წინასწარ მოახდინოს არჩევნების სასურველი შედეგების საზოგადოებისთვის დემონსტრირება:

”ძირითადი არგუმენტი, რის გამოც ეს კეთდება ხელისუფლების მხრიდან, ამომრჩევლებზე ზემოქმედება და მათთვის განწყობის ხელოვნურად შექმნის მცდელობაა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოტივაცია.”

ეკა ბესელიას სიტყვებით, გამოკითხვები, რომელსაც მისი პოლიტიკური კოალიცია შიდა მოხმარებისთვის ატარებს, აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს წარმოაჩენს. ”გრინბერგ ქუინლან როსნერის” კვლევების შედეგებს არც ”ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობა” იზიარებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, მიიჩნევს, რომ ასეთი პარტიული კვლევების მიზანი არის ის, რომ მოწინააღმდეგის ამომრჩევლის დემოტივაცია გამოიწვიოს. ლევან ვეფხვაძის სიტყვებით, ის ხშირად საკუთარი პოლიტიკური პარტიის გამოკითხვებსაც ვერ ენდობა ხოლმე, რადგან ასეთ გამოკითხვებში მონაწილეთა მოსაზრება სულაც არ განსაზღვრავს რეალურად არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან მისული რეალური ამომრჩევლის განწყობას:
რას ემსახურება და რეალობის გარკვევას ემსახურება. სოციოლოგია არის საზოგადოებრივი, სოციალური მეცნიერება და იმისათვის არსებობს, რომ საზოგადოების მდგომარეობაზე, განწყობებზე, სტრუქტურაზე, კულტურაზე წარმოდგენა გვქონდეს ...
დავით დარჩიაშვილი

”ნებისმიერი კვლევის - მიკერძოებული იქნება ის თუ მიუკერძოებელი - მიზანი არის ის, რომ, ერთი, შენ გაარკვიო რამე, მაგრამ თუ ამას საჯაროს ხდი, არის ის, რომ შეაგუო საზოგადოება გარკვეულ შედეგს. სწორედ ამიტომ არც საზოგადოების დიდი ნაწილი ენდობა პარტიულ კვლევებს, იმიტომ რომ პარტიული კვლევების მთავარი სუბიექტი არის ის, ვისაც ფული აქვს გადახდილი და, ბუნებრივია, ამ პარტიის ფულით დაკვეთილ კვლევებში და მერე უკვე მის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებში მას ცუდი პოზიციები არ ექნება.”

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებისადმი უნდობლობას ”უტაქტობად” მიიჩნევს მმართველი, ნაციონალური გუნდის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი. მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულება იმ სარკის დამტვრევის სურვილს ჰგავს, რომელიც არასასურველ გამოსახულებას აჩვენებს. დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ სოციოლოგიური კვლევების შედეგების ცოდნა და გამოქვეყნება ემსახურება რეალობის გარკვევას, რაც საჭიროა როგორც თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ასევე იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც ”პოლიტიკის განცდის პრობლემა აქვთ”:

”რას ემსახურება და რეალობის გარკვევას ემსახურება. სოციოლოგია არის საზოგადოებრივი, სოციალური მეცნიერება და იმისათვის არსებობს, რომ საზოგადოების მდგომარეობაზე, განწყობებზე, სტრუქტურაზე, კულტურაზე წარმოდგენა გვქონდეს. ამის გარეშე ნორმალური მართვა, ნორმალური პოლიტიკა არის წარმოუდგენელი.”
კონფორმიზმი ჰქვია მაგ მოვლენას, როდესაც ადამიანი აკეთებს მის არჩევანს ისე, როგორც ამას აკეთებს უმრავლესობა ...
რამაზ საყვარელიძე

სოციოლოგი რამაზ საყვარელიძე კი საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგების გამოქვეყნებისას მთავარ ინდიკატორად დამკვეთის ვინაობის ცოდნას მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ ქვეყნებში, სადაც ხალხს ხელისუფლების ეშინია, ხშირად ადამიანები ტყუიან ხელისუფლების სასარგებლოდ. იმ შემთხვევაში კი, როცა ხელისუფლება მაღალი შედეგითაა დაინტერესებული, ამბობს რამაზ საყვარელიძე, მის ინტერესში შედის ”ხალხმა სოციოლოგია მოატყუოს”. ამ ჭრილში რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ როცა ხელისუფლება აქვეყნებს ”გრინბერგ ქუინლან როსნერის” კვლევის შედეგებს, სადაც ”ნაციონალურ მოძრაობას” მაღალი შედეგი აქვს ნაჩვენები, ორი მიზანი იკვეთება. ერთი, ეს არის მცდელობა წინასაარჩევნო რეიტინგები გამოიყენოს, შესაძლოა, უკვე გაყალბებული არჩევნების შედეგების დამადასტურებლად, მეორე ეფექტი კი, რაზეც რამაზ საყვარელიძე საუბრობს, ეს არის იმ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის სურვილი, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია:

”კონფორმიზმი ჰქვია მაგ მოვლენას, როდესაც ადამიანი აკეთებს მის არჩევანს ისე, როგორც ამას აკეთებს უმრავლესობა, და რომ დაინახავს, რომ უმრავლესობა აძლევს ხმას უმრავლესობას, თუ თვითონ მკაფიოდ არ აქვს გადაწყვეტილი ან მერყეობს, გაჰყვება ამ უმრავლესობას და მისი ხმაც წავა ამ უმრავლესობის ყულაბაში.”
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG