Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტმა თურქეთთან ხელმოწერილ ოქმებს „უსარგებლო“ უწოდა


სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ ერევანი აპირებს ძალადაკარგულად გამოაცხადოს ორი დეკლარაცია, რომლებიც მიზნად ისახავს თურქეთთან ვითარების მოწესრიგებას, თუ ანკარა არ აჩვენებს პროგრესს მათი განხორციელების საქმეში.

„თურქეთის ხელისუფლება ძალიან ცდება, თუ ფიქრობს, რომ ამ დოკუმენტებს საუკუნეობით ამყოფებს მძევლობაში და მხოლოდ ბოლო წუთს, მაშინ მოახდენს მათ რატიფიცირებას, როდესაც თავად ჩათვლის საჭიროდ“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა 19 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

საუბარია ორ ოქმზე, რომელსაც თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ციურიხში 2009 წელს. დოკუმენტები ანკარასა და ერევანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და ქვეყნებს შორის ერთობლივი საზღვრის გახსნას ითვალისწინებდა. მაგრამ, ვერც ერთი ქვეყნის პარლამენტმა დღემდე ვერ შეძლო ამ დოკუმენტების რატიფიცირება.

ერევანი ანკარას დანაშაულებს იმაში, რომ ოქმების რატიფიკაცია თურქეთმა დაუკავშირა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას. თურქეთი კი შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნევს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის მიკერძოებულმა გადაწყვეტილებამ ხელი შეუშალა დოკუმენტების სულისკვეთებას და შინაარს.

„როგორც საკუთარი გამოცდილება გვიჩვენებს, ჩვენ 2018 წლის გაზაფხულს ამ უსარგებლო ოქმების გარეშე შევხვდებით“, – განაცხადა 19 სექტემბერს ნიუ-იორკში სომხეთის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, სერჟ სარქისიანმა მოუწოდა ბაქოს, რათა აღიაროს და პატივი სცეს სომეხი ხალხის უფლებას, თავისუფალი ნების გამოხატვით, თავადვე გადაწყვიტოს საკუთარი ბედი“.

სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში 2017 წლის თებერვალში ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, რეგიონს ეწოდა არცახის რესპუბლიკა, თუმცა მთიანი ყარაბაღი და არცახი სინონიმებად გამოიყენება.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გრძელდება კონფლიქტი, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის გამო. 1988 წელს დაწყებულ ომს, რომელსაც 30 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1994 წელს ბოლო მოუღო ზავმა, მაგრამ ის ბევრჯერ იქნა დარღვეული. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის და, უმეტესწილად, ეთნიკური სომხებით არის დასახლებული.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებაში ჩართულია ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარე ქვეყნები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და საფრანგეთი.

თუმცა, ბოლო წელს, დაპირისიპირების ზოლში რამდენიმე სისხლიან შეტაკებას ჰქონდა ადგილი, რასაც ორივე მხრიდან რამდენიმე ათეული ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის დაღუპვა მოჰყვა.

19 სექტემბერს გაეროს ტრიბუნიდან სომხეთის რეზიდენტმა ბაქო ასევე დაადანაშაულა „სამოქალაქო მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლას დღეს, 20 სექტემბერს გეგმავს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG