Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალურ საცხოვრისს მიღმა დარჩენილები


ჯიხური, სადაც სოციალურად დაუცველი ცხოვრობს
ჯიხური, სადაც სოციალურად დაუცველი ცხოვრობს

ქუთაისში, მეექვსე თვეა, სოციალური საცხოვრისი ფუნქციონირებს, თუმცა მძიმე სოციალური პირობების მქონე მარტოხელა მოხუცების ნაწილი ამ დრომდე ეძებს ნორმალურ საცხოვრებელს. ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი ის არის, რომ თავად თქვეს უარი ქუთაისის მერიის მიერ გახსნილ სოციალურ საცხოვრისში გადასვლაზე. მათ შორისაა 68 წლის მარტოხელა ჟუჟუნა ჩუბინიძე. როგორც თავად ამბობს, მეშვიდე წელია, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილი ე. წ. „საგრენაჟო“ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ჯიხურში ცხოვრობს.

სოციალურ საცხოვრისს მიღმა დარჩენილები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:47 0:00
გადმოწერა

ჟუჟუნა ჩუბინიძეს რამდენიმე კვადრატულ მეტრ ჯიხურში ელექტროენერგია და წყალი არა აქვს და გასათბობად იყენებს შეშის ღუმელს, რომელსაც ხშირად ქუჩაში მოგროვილი მუყაოს ყუთებითა და ხის ნარჩენებით ანთებს. ჟუჟუნა ჩუბინიძის თქმით, სოციალურ საცხოვრისში გადასვლაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ ერთ ოთახში უცხო ადამიანთან ერთად მოუწევდა ცხოვრება 5 წლის ვადით:

„ვერ დავკმაყოფილდი, რაც მეკუთვნოდა. იძულებული ვიყავი შევსახლებულიყავი 5 ადამიანთან ერთად ერთ ოთახში, თანაც დროებით, და არ გადავედი. დროებით აქაც ვცხოვრობ. ჩემთვის მიუღებელია ხუთ ადამიანთან ცხოვრება ერთ ოთახში. მე ხომ არ ვიცნობ მათ, ვინ არიან, და ამიტომ განვაცხადე უარი“.

ჟუჟუნა ჩუბინიძე
ჟუჟუნა ჩუბინიძე

ჟუჟუნა ჩუბინიძე ამბობს, რომ ქუთაისის მერიას მან განმეორებით მიმართა სოციალურ საცხოვრისში ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილების თხოვნით და ამჟამად პასუხს ელოდება. სოციალურ საცხოვრისში გადასვლაზე უარი თქვა თამარ ღიბრაძემაც. მისი განცხადებით, უარის მიზეზი ერთ ოთახში რამდენიმე ბენეფიციართან ერთად ცხოვრება და საერთო სველი წერტილებია. თამარ ღიბრაძე ადგილობრივ თვითმმართველობას ბინის ქირით დახმარებას სთხოვს:

„როგორც სხვას მისცეს საცხოვრებელი ფართი და ცხოვრობენ, ისეთ მდგომარეობაში მე არ აღმოვჩნდი. მომცეს მხოლოდ ერთი საწოლი საერთო ოთახში, სადაც ტუალეტი და აბაზანაც საერთოა. მინდა ქირით მაინც ვიცხოვრო. რადგან არ დამაკმაყოფილეს საცხოვრისით, დამეხმარონ ქირით“.

ქუთაისის მერიას ბინის ქირის გადახდის თხოვნით მიმართა ლეილა ვაჩნაძემაც, რომელიც 20 წლის შვილთან ერთად იღებს სოციალურ შემწეობას. ლეილა ვაჩნაძე ამბობს, რომ, დაბალი სარეიტინგო ქულების მიუხედავად, ვერ მიიღო თავშესაფარი სოციალურ საცხოვრისში:

სოციალურად დაუცველის საცხოვრებელი
სოციალურად დაუცველის საცხოვრებელი

„მე ვერ მოვხვდი საცხოვრისში, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი სარეიტინგო ქულა მაქვს - არაფერი გამაჩნია, ყველაფერი სახლის მეპატრონისაა, ჭურჭლის გარდა. მყავს 20 წლის გოგო და ვღებულობთ 120 ლარ სოციალურ დახმარებას. 100 ლარს ვიხდი ბინის ქირისას და თვის ბოლოს 20 ლარი მრჩება. რისთვის ვიმყოფინო? შვილი არსად მუშაობს“.

ლეილა ვაჩნაძის პასუხად, ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში განმარტავენ, რომ სოციალურ საცხოვრისში ოჯახები დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეასახლეს. იმ ბენეფიციართა პასუხად კი, რომლებმაც თავშესაფრის მიღებაზე უარი თავად თქვეს, ან ბინის ქირის გადახდას თვითმმართველობას სთხოვენ, სამსახურის ხელმძღვანელი ჯონი არაბიძე განმარტავს, რომ ქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის თანხა ბინის ქირისთვის, რადგან მერიაში თავშესაფრის მაძიებელი 1 500-მდე ოჯახის განცხადებაა დარეგისტრირებული და მათი უმეტესი ნაწილისთვის ქირის გადახდა დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. ჯონი არაბიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კომისია განიხილავს იმ ბენეფიციართა განცხადებებს, რომლებმაც სოციალური საცხოვრისის საერთო ოთახში ცხოვრებაზე უარი თქვეს და თავშესაფრით დაკმაყოფილებას ხელმეორედ ითხოვენ:

სოციალურად დაუცველის საცხოვრებელი
სოციალურად დაუცველის საცხოვრებელი

„შექმნილი გვაქვს კომისია, ვიცე-მერი გიორგი იობაშვილია კომისიის თავმჯდომარე. ხვალ გვაქვს შეხვედრა და მასთან ამ საკითხებს გავივლით, თუ რატომ ვერ მიიღეს ბენეფიციარებმა სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების უფლება; ვინც მიიღო, რატომ არ ცხოვრობს და ა.შ., რომ ეს მიზეზები შესწავლილი იქნეს და სათანადო რეაგირება მოჰყვეს“.

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის, ჯონი არაბიძის, ინფორმაციით, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში 79 ოჯახი, 400-მდე ბენეფიციარი ცხოვრობს. ისინი გასული წლის სექტემბერში 5 წლის ვადით შესახლდნენ. 2016-2017 წლებში ქუთაისის ბიუჯეტიდან საცხოვრისის მოსაწყობად ორ-ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG