Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინის დაბადების დღეს ულტიმატუმი ხელისუფლებას


სტალინის დაბადების დღე გორში
სტალინის დაბადების დღე გორში

გორში საბჭოთა სიმბოლიკა დღეს ისევ გამოიფინა. კომუნისტები და სტალინისტები საბჭოთა დიქტატორის 138-ე დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

გორში მზიანი ამინდი იყო. სტალინისტებმა ესეც კი ბელადის დამსახურებად მიიჩნიეს და როგორც მზეს, ისე სტალინს ტალახს ვერ ესვრითო, - დიდი რიხით განაცხადეს. მიტინგი სტალინის სახლთან ტრადიციული მოთხოვნებით დაიწყო: ძეგლის დაბრუნება ქალაქის ცენტრში და მეგობრობა „დიდ“ რუსეთთან. კომუნისტებმა ხელისუფლებას ულტიმატუმიც წაუყენეს და 9 მაისამდე ძეგლის დადგმისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციების დაწყება დააანონსეს. კომუნისტები გორიდან დღეს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავდნენ და ძეგლის დადგმის თაობაზე გორელებისთვის მიცემულ დაპირებას შეახსენებდნენ.

სტალინის დაბადების დღე გორში
სტალინის დაბადების დღე გორში

ამ დღეს კამათის გარეშე არ ჩაუვლია. კაცი, რუსეთის დროშით და ამერიკული კეპით, ამტკიცებდა, რომ რუსეთის გარდა ყველა მეზობელი და ამერიკის შეერთებული შტატებია ოკუპანტი, სტალინისტები კი ჟურნალისტებს აბრალებდნენ ყველა პრობლემას, რაც კი საქართველოს ბოლო წლებში რუსეთთან ურთიერთობისას შეექმნა.

სტალინის დაბადების დღეს ასიოდე კაცი, ძირითადად ხანში შესულები, შეიკრიბნენ. ისინი ძეგლის დადგმას მოითხოვენ, მაგრამ ყველა გორელი ამ იდეას არ იწონებს. მაგალითად, სამოქალაქო აქტივისტი გვანცა დოლუაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოში, რომელიც ევროპული ინტეგრაციის გზით მიდის, საბჭოთა ტოტალიტარიზმის სიმბოლოებს არ უნდა დგამდნენ და ვერც დადგამენ.

სტალინისტებმა კი საბჭოთა ბელადის ოქროსფერი ბიუსტი ცენტრალურ მოედანზე ცოტა ხნით მაინც დადგეს. ყვავილებით შეამკეს ეს ბიუსტი და რითიც დაიწყეს, იმავეთი დაამთავრეს.

გორის ცენტრიდან სტალინის მონუმენტი 2010 წელს აიღეს. ამის შემდეგ კომუნისტები მის დადგმას ყოველწლიურად ითხოვენ. ქალაქის წინა მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა, კომუნისტებთან ერთად სტალინის მუზეუმთან 4-მეტრიანი კვარცხლბეკის მშენებლობაც დაიწყო და ძეგლის დადგმის პირობაც დადო, მაგრამ ეს პროცესი საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად შეჩერდა. ახლა ბეტონის უსახური კონსტრუქცია ისევ მუზეუმის წინ დგას, სტალინის მონუმენტი კი ჰორიზონტულ მდგომარეობაში ქალაქგარეთ ერთ-ერთ მიტოვებულ საწყობში დევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG