Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიით გამოწვეული საბიუჯეტო ცვლილება დამტკიცებულია


პარლამენტმა, 89 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცა. საბიუჯეტო ცვლილება განპირობებულია 19 ივლისს საქართველოს რამდენიმე რეგიონში - კახეთში, სამცხე- ჯავახეთსა და მცხეთა-თიანეთში - სტიქიით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად თანხების მობილიზაციის საჭიროებით. პარლამენტის 25 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძის მიერ წარდგენილ საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს ოპოზიცია მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა. ოპოზიცია ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის გაორმაგებას ითხოვს. აქვე ვთქვათ, რომ კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ბიუჯეტში მისთვის ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა - საურავებიანად 80 მილიონი ლარი - გადაიხადა. ივანიშვილის ვიდეომიმართვის მიხედვით, მან ეს თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად ჩარიცხა, რადგან ”ხელისუფლებამ მას ყველა სხვა გზა მოუჭრა გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად”.

ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი საბიუჯეტო ცვლილებების მიხედვით, კახეთში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად გამოყოფილი 50 მილიონი ლარი მოკლე ხანში მოხმარდება დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენას, დაზარალებულთა სურსათით მომარაგებას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელთათვის ფულადი კომპენსაციის გაცემას.

სტიქიის შედეგად შექმნილი მდგომარეობის გრძელვადიან პერსპექტივაში გამოსასწორებლად კი განზრახულია კახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ბიუჯეტში არსებული პროგრამის მოცულობა გაიზარდოს 110 მილიონ ლარამდე, საიდანაც 80 მილიონი ლარი მსოფლიო ბანკის კრედიტია. უნდა ითქვას, რომ ეს თანხა ბიუჯეტში ისედაც არსებობდა, თუმცა მთავრობამ ის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხის მოცულობაში იანგარიშა.
ფინანსთა მინისტრმა ტრიბუნაზე გამოსვლისასაც აღნიშნა და ჟურნალისტებთანაც იგივე გაიმეორა, რომ გამოყოფილი თანხები 2012 წის განმავლობაში დაიხარჯება, თუმცა 2013 წლის ბიუჯეტში დაზარალებულთა დასახმარებლად ახალი რესურსის გათვალისწინებაა სავარაუდო.
დიმიტრი გვინდაძე
დიმიტრი გვინდაძე

”ჩვენი რეაგირება იქნება ადეკვატური იმ გამოწვევების, რაც არის სამივე რეგიონში. 2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთლიანად 162 მილიონი ლარი დაიხარჯება როგორც უშუალოდ კრიზისთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, ასევე სამივე რეგიონის გრძელვადიანი განვითარების და რეაბილიტაციის მიზნით. ეს არის ის რესურსი, რომელიც დაიხარჯება 2012 წელს. შესაბამისად, 2013 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა დაიწყება მოგვიანებით და 2013 წლის ბიუჯეტშიც აუცილებლად გავითვალისწინებთ თანხებს”, - განაცხადა დიმიტრი გვინდაძემ.

იმ ფონზე, როდესაც სტიქიით მიყენებული ზარალის საბოლოო ოდენობა ჯერ ბოლომდე დათვლილი არ არის, 50 მილიონი ლარის გამოყოფა არასაკმარისად ეჩვენებათ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქრისტიან- დემოკრატი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ზარალის რეალურად დათვლის შემთხვევაში შესაძლოა საკომპენსაციო თანხის 200-300 მილიონამდე გაზრდა გახდეს საჭირო:

”მთავრობა მოვიდა ძალიან მოუმზადებელი. არ იცის, რომელი კატეგორიის მიხედვით რამდენი დაზარალებულია, იმიტომ რომ არ მორჩენილა ეს დაზარალებულთა კატეგორიების მიხედვით დაყოფა. ვიცით, რომ 20 ათასი დაზარალებულია, მაგრამ რამდენია პირველი, მეორე, მესამე კატეგორია? ყველა ოჯახში არ არის მისული სახელმწიფო კომისიის წარმომადგენელი, რომელიც ამას შეისწავლის. თუ არ იცი კატეგორიების მიხედვით რამდენი დაზარალებულია, როგორ გამოყოფ ამ ფულს?”

მთავრობამ დაზარალებულები სამ კატეგორიად დაყო და ისინი ამ კატეგორიების შესაბამის თანხას მიიღებენ. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მთლიანად განადგურების შემთხვევაში კომპენსაცია 1300-1500 ლარს შეადგენს, 70-80%-იანი ზარალის შემთხვევაში 800-900 ლარი გამოიყოფა. ისინი კი, ვინც მოსავლის ნახევარი დაკარგა, მიიღებენ 300-დან 500 ლარამდე კომპენსაციას. იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება 2 ათას ლარამდე ჯდება და ფერმერთა უმრავლესობას აგროკრედიტი აქვს ბანკიდან აღებული, ირწმუნება საპარლამენტო ოპოზიცია, საჭიროა საკომპენსაციო თანხის გაორმაგება და კრედიტების 1 კი არა, ორი-სამი წლით გადავადება.
80 მილიონი პირველად დაკისრებული ჯარიმა სრულად გადავრიცხე იმ ანგარიშზე, რომელსაც სასამართლო მიუთითებს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას აღარ აქვს სათქმელი, რომ აღარ აქვს შესატყვისი თანხა. ჩვენ გავაკონტროლებთ მკაცრად, რომ ეს ფული მიზნობრივად მოხმარდეს მოსახლეობას...
ბიძინა ივანიშვილი

ამ მოთხოვნით პარლამენტის 25 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის” წარმომადგენლები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი დეპუტატი გურამ ჩახვაძე და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრები გამოდიოდნენ.

”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა გიორგი ცაგარეიშვილმა ბიუჯეტის ცვლილების პროექტის განხილვისას განაცხადა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიუჯეტში მისთვის ადრე ჯარიმის სახით დაკისრებული 80 მილიონი ლარი ჩარიცხა, გაჩნდა რეალური შესაძლებლობა დაზარალებულთა დასახმარებლად. საპარლამენტო უმრავლესობიდან ამ განცხადებას უარყოფითად გამოეხმაურა უმრავლესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური:

”ჩამოყალიბდით, ბატონებო, ან ეს ფული გინდოდეთ ვითომდა კახეთში დაზარალებული გლეხების დასახმარებლად, ან იმისათვის, რომ დაიბრუნოთ ის ქონება, რომელიც ქართული სახელმწიფოს მიერ სამართლიანად არის დაყადაღებული.”

ბიძინა ივანიშვილმა მისთვის 15 ივნისს დაკისრებული ჯარიმა - საურავებიანად 80 მილიონი ლარი - გადაიხადა. ამის შესახებ მან თავად თქვა ვიდეოგანცხადებაში. მისივე სიტყვებით, ხელისუფლებამ მას ყველა გზა მოუჭრა და ერთადერთი კანონიერი საშუალება გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის გადახდაა.
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

”ირიბად, კანონის დაურღვევლად გამოვნახე საშუალება, რომ იმაზე, რაზეც კატეგორიულად უარს ვაცხადებდი, რომ რაც არ მეკუთვნის, არ გადავიხდი, აი ახლა ვაპირებ გადახდას. 80 მილიონი პირველად დაკისრებული ჯარიმა სრულად გადავრიცხე იმ ანგარიშზე, რომელსაც სასამართლო მიუთითებს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას აღარ აქვს სათქმელი, რომ აღარ აქვს შესატყვისი თანხა. ჩვენ გავაკონტროლებთ მკაცრად, რომ ეს ფული მიზნობრივად მოხმარდეს მოსახლეობას.”

ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძის განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნაკლებ სავარაუდოა ჯარიმის სახით გადახდილი თანხა სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდეს:

”ეს არის ჯარიმა, რომელიც შემოვა ბიუჯეტში. შემდეგ, წლის ბოლოს, სავარაუდოდ, იქნება ცვლილება ბიუჯეტში და გაიწერება იმ ასიგნებებში, რომელ ასიგნებებსაც მიიღებს საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი.”

ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა შეწყდეს იძულებითი მმართველობა ”ქართუ ჯგუფისა” და ”პროგრეს ბანკის” აქციებზე და ქონება სამართავად მესაკუთრეს დაუბრუნდეს.

დაბოლოს, კვლავ სტიქიით დაზარალებულებს რომ მივუბრუნდეთ, როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 24 ივლისსს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, კომპენსაციების დარიგება დაზარალებული მოსახლეობისთვის 15 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG