Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სტიქიით დაზარალებულები ისევ კომპენსაციებზე ჩივიან


სტიქიის შედეგები კახეთში. 2012 წლის აგვისტო
სტიქიის შედეგები კახეთში. 2012 წლის აგვისტო
ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში სტიქიით დაზარალებულთა საპროტესტო აქცია გაიმართა. დაზარალებული მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ზარალის დამთვლელი კომისიის მიერ თანხების არათანაბარი გადანაწილება გააპროტესტა. დაზარალებულებს მიაჩნიათ, რომ ზარალი იმის მიხედვით გაიცა, თუ ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია. არიან ისეთები, რომლებიც დაზარალებულთა სიებში საერთოდ ვერ მოხვდნენ.

ინციდენტით დასრულდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში დაზარალებული მოსახლეობის მიერ გამართული საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილე უკმაყოფილო მოსახლეობა რწმუნებულის აპარატის შენობაში შეიჭრა და ზარალის დამთვლელი კომისიის წევრების მუშაობის გადახედვა და მათი მისამართით სანქციების განხორციელება მოითხოვა.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა და წინა ხელისუფლების მხარდამჭერებს გაცილებით მეტი თანხა ერგოთ.

ადგილზე ვითარების გასაცნობად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი მჭედლიშვილი ჩავიდა. მჭედლიშვილმა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და იმის გამო, რომ კომისიის ყველა წევრი მოსახლეობასთან პირისპირ სასაუბროდ არ გამოცხადდა, საქმეში უკეთ გასარკვევად ისინი საკუთარ სამუშაო კაბინეტში დაიბარა.

კართუბანში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსახლეობასთან სასაუბროდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სოფელ კართუბნის დეპუტატი დავით ლომიძე მივიდა. ის სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის წევრიც იყო. დაზარალებულებმა მას ლაპარაკის საშუალება არ მისცეს და, როგორც კომისიის რიგითი წევრი, პოლიტიკურ ზეწოლაში დაადანაშაულეს. დავით ლომიძე ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ არ უსარგებლია „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მოთხოვნებით.

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მიერ გამართული აქცია ლაგოდეხში პოლიციის ჩარევის შემდეგ დაიშალა. სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე კომპენსაციების გაცემა ჯერ არ დასრულებულა. ბანკ „ქართუს“ თელავის ფილიალის მენეჯერის იმედა ჯაშის განცხადებით, კომპენსაცია 25 ათასზე მეტმა ოჯახმა უკვე მიიღო.

კახეთის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ფონდმა "ქართუმ", ჯამში, 100 მილიონ ლარამდე გამოყო.

2012 წლის 19 ივლისის სტიქიის შედეგად, კახეთის რეგიონში ყველაზე მეტად თელავის, გურჯაანის და ლაგოდეხის მოსახლეობა დაზარალდა - ჯამში, 28 ათასამდე ოჯახი.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG