Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოს ნაწილი სტიქიამ დააზარალა


წყალდიდობა ხობში
წყალდიდობა ხობში

ხობი სტიქიამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტად დააზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ხობმა მრავალბინიანი კორპუსების სარდაფები დატბორა. მოსახლეობა წყლის მაღალი დონის გამო საცხოვრებლებიდან ერთი დღის განმავლობაში დაუხმარებლად ვერ გამოდიოდა.

ადგილობრივების თქმით, წყლის არხს სივიწროვის გამო დიდი ნალექის დროს უჭირს წყლის ნაკადის გატარება, წყალი კალაპოტიდან გადმოდის და მიმდებარე ტერიტორიას ტბორავს. კორპუსის მცხოვრებლებს შინაური ფრინველიც დაეხოცათ სტიქიის დროს.

სამეგრელოს ნაწილი სტიქიამ დააზარალა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:34 0:00
გადმოწერა

„აქეთ ხობის წყალი, აქეთ დამბაა გათხრილი და მოდის ეს წყალი და გვახრჩობს. ასე ვართ რამდენი წელია“.

„რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ, რა ვიცი, დიდ თანხებთან არისო დაკავშირებული. არ ვიცი, ვერ გაკეთდა თუ არ გაკეთდა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, აქ რა ზარალი გვაქვს. აქ ქათმები გვყავს, ბოსტანიც გვაქვს და ყანებიც. ვნახავთ, შევალთ მერე, როცა ეს წყალი ჩაწყნარდება და ჩადგება კალაპოტში. მანამდე ვერ შევდივართ, მერე ვნახავთ, რა იქნება“, - განაცხადეს კორპუსის მცხოვრებლებმა.

ძლიერმა წვიმამ დააზიანა ასევე ხობის სოფელ ბიას საცალფეხო ხიდი, რომელიც მას იმ ტერიტორიასთან აკავშირებს, სადაც ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები აქვთ. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სანამ ხიდი არ შეკეთდება, მიწის ნაკვეთებით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ.

„პრობლემები შეგვექმნა. ვერ შევდივართ სამუშაოდ. სხვა გზით რომ წახვიდე, ერთი თხუთმეტი კილომეტრი უნდა გაიარო. იქეთ და აქეთ 30-32 კილომეტრია და ამდენს რომ გაივლი, მერე რა უნდა იმუშაო“, - ამბობს ხობის სოფელ ბიაში მცხოვრები ზაურ ალექსანდრია.

წყალდიდობა ხობში
წყალდიდობა ხობში

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც მიყენებულ ზიანს აღწერს. გამგებლის პირველი მოადგილის, ვარაზ გაბედავას, განმარტებით, სწორედ ამის შემდეგშეეცდება მუნიციპალიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში დაზარალებულებს დაეხმაროს.

„რა თქმა უნდა, მოხდება დაზიანებული ხიდის შესწავლა და ის აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს აღდგენას. რაც შეეხება დამბას, აქ გაცილებით ძვირად ღირებული სამუშაოები არის საჭირო. იქ გადასაწყვეტი არის მთელი რიგი საკითხები და მისი მშენებლობა მარტო მუნიციპალიტეტს არ შეუძლია. აღემატება ჩვენს ძალებს. შესაბამისად, დაისმება საკითხი სხვა ინსტანციებში, რომ მოხდეს ამ საკითხის მოგვარება“, - განაცხადა ვარაზ გაბედავამ.

ხობის გარდა, სტიქიამ ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებიც დააზარალა. სოფლების ნაწილში დატბორილია მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG