Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სტუდენტობა მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს..."


სტუდენტების საპროტესტო აქცია უნივერსიტეტთან, 2013 წელი
სტუდენტების საპროტესტო აქცია უნივერსიტეტთან, 2013 წელი

ავტორი: ანა ლომთაძე

საქართველოში დაახლოებით 117 ათასი სტუდენტია. ისინი პერიოდულად ჩანან საზოგადოებრივ ასპარეზზე სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური კამპანიის დროს. რამდენი მათგანია ჩართული ამ აქტივობაში და, საერთოდ, არის თუ არა მისაღები სტუდენტების სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობა, თუ სტუდენტის საქმე მხოლოდ სწავლა და მეცადინეობაა?

მგონი, ზედაპირული დაკვირვებითაც ჩანს, რომ ახალგაზრდების აქტიურობა მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ ქართველი სტუდენტები მხოლოდ და მხოლოდ რამდენჯერმე შეირხნენ და, ისიც, მცირე მასშტაბებით...
ლაშა ქავთარაძე

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სტუდენტები ირევიან. ზოგს ლექციაზე ეჩქარება, ზოგიც მეგობრებთან ერთად შესვენებაზეა გარეთ გამოსული. კითხვაზე, აქტიურობენ თუ არა დღეს სტუდენტები პოლიტიკური და სამოქალაქო თვალსაზრისით, სტუდენტები ასე პასუხობენ:

“ჩემი აზრით, დღეს სტუდენტები გაცილებით აქტიურები არიან, ვიდრე იყვნენ რამდენიმე წლის წინ”.

“საკმარისად აქტიურები არ არიან. არის რაღაც ორგანიზაციები, მაგრამ მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ აქვთ”.

“სტუდენტები აქტიურები არიან. ზრდასრულები არიან და ყველაფერში ერთვებიან”.

ამრიგად, აზრი ორად იყოფა. ნაწილი ფიქრობს, რომ სტუდენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში, ნაწილი კი თვლის, რომ სტუდენტები საერთოდ არ აქტიურობენ. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის დირექტორი იაგო კაჭკაჭიშვილი აზრთა ამ სხვადასხვაობას ბუნებრივად მიიჩნევს:

“რასაკვირველია, სტუდენტური კორპუსი ჭრელია... რაღაც ნაწილი აქტიურია, სამოქალაქო აქტიურობის ან პოლტიკური აქტიურობის თვალსაზრისით, რაღაც ნაწილი - არა. ამიტომ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, არც მიკვირს, რომ ასეა...სტუდენტები მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ, როგორც პოლიტიკური ამინდის შექმნის თვალსაზრისით ქვეყანაში, ისე სამოქალაქო აქტივობების განხორციელების თვალსაზრისით. რასაკვირველია, არის სტუდენტების გარკვეული ნაწილი, რომელიც წმინდა აკადემიური ტიპის საქმიანობით არის დაკავებული... მაგრამ არსებობს სხვა ნაწილი, რომელსაც პარალელური საქმიანობა აქვს და ეს საქმიანობა სწორედ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივობაში გამოიხატება”.

იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, ორი წლის წინანდელი სტუდენტების გააქტიურება მწვავე პოლიტიკურ პროცესებს დაემთხვა. ახლა, როდესაც მხოლოდ ორი წელია, რაც მთავრობა შეიცვალა, სტუდენტები ჯერ კიდევ მოვლენებს აკვირდებიან. მისი თქმით, ისინი აუცილებლად გააქტიურდებიან, როდესაც ამის საჭიროება შეიქმნება.

თვითონ უნივერსიტეტში ცოცხალი სწავლის პროცესი არ არსებობს. იმას ვგულისხმობ, რომ განათლების პროცესში სტუდენტები და ლექტორები ვერ ახერხებენ სწავლის პროცესის სიცოცხლეში დანახვას...
თორნიკე ჩივაძე

იაგო კაჭკაჭიშვილისგან განსხვავებით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კომუნიკაციების მენეჯერი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ სტუდენტები არც ახლა გამოირჩევიან და არც ორი წლის წინ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აქტიურობით:

“მგონი, ზედაპირული დაკვირვებითაც ჩანს, რომ ახალგაზრდების აქტიურობა მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ ქართველი სტუდენტები მხოლოდ და მხოლოდ რამდენჯერმე შეირხნენ და, ისიც, მცირე მასშტაბებით”.

ლაშა ქავთარაძე განსაკუთრებით იმაზე წუხს, რომ სტუდენტებს ნაკლებად აინტერესებთ სოციალური თუ ეკონომიკური უთანასწორობის საკითხები.

და მაინც, რატომ პასიურობენ სტუდენტები?

დღეს საქართველოში არ არსებობს ფართომასშტაბიანი, ძლიერი სტუდენტური ორგანიზაციები. სტუდენტები ამასაც სხვადასხვა მიზეზით ხსნიან:

“...აქტიურობას სჭირდება მუხტის დაგროვება საზოგადოებაში. ახლა, ეს ორი წელი, გარდამავალი ეტაპია... ჯერჯერობით ვაკვირდებით”.

“აქტივიზმი ჯერ მხოლოდ ახლა იწყება. იმიტომ არ აქტიურობენ, რომ, მაგალითად, მოხალისეობის ინსტიტუტი ჯერ არ არის საქართველოში განვითარებული”.

ლაშა ქავთარაძის თქმით, ახალგაზრდებს, პირველ რიგში, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემა უნდა მოუგვარდეთ იმისთვის, რომ გააქტიურება შეძლონ. მაგრამ მთავარ პრობლემას იგი მაინც განათლების ხარისხში ხედავს - განათლების, როგორც საშუალების, რომელიც “გეხმარება იმაში, რომ გაითავისო შენი და სხვა ადამიანების პრობლემები, გქონდეს ამ პრობლემებზე რეაქცია და შემდეგ მოითხოვო სხვადასხვა ტიპის ცვლილებები”.

სტუდენტთა ერთ-ერთი აქტიური ჯგუფი, რომელიც 2011 წელს შეიქმნა, „ლაბორატორია 1918“ იყო. ამ ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტის სტუდენტი თორნიკე ჩივაძე, ახალგაზრდების აქტიურობის პრობლემას განათლების მეთოდოლოგიაში ხედავს:

“თვითონ უნივერსიტეტში ცოცხალი სწავლის პროცესი არ არსებობს. იმას ვგულისხმობ, რომ განათლების პროცესში სტუდენტები და ლექტორები ვერ ახერხებენ სწავლის პროცესის სიცოცხლეში დანახვას”.

თუ ვერ აღვიქვამთ იმას, რომ ჩვენი რეალობა არის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მექანიზმებისგან შემდგარი, და თუ ვერ აღვიქვამთ რა განაპირობებს იმ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ, მაშინ განათლება დაყვანილი იქნება მექანიკურ, გამოყენებით პროცესამდე...
ალექსანდრა აროშვილი

თორნიკე ჩივაძე სტუდენტების პასიურობას ხსნის, ასევე, წინააღმდეგობრივი სტუდენტური ორგანიზაციების ტრადიციის არარსებობით. ყოველ ახალ თაობას თავიდან უწევს თვითორგანიზება, არ გროვდება გამოცდილება, არ იქმნება ტრადიცია.

“უნივერსიტეტის შიგნით ვერ მოხდება წინააღმდეგობრივი აზროვნების დაბადება... ეს ძირითადად თვითორგანიზებული, გარე განათლებით შეიძლება მოხდეს”.

იგი სტუდენტების თვითმმართველობას თუ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფრო ბიუროკრატიულ ორგანოებად აღიქვამს, ვიდრე სამოქალაქო ან პოლიტიკური აქტივიზმის წამახალისებელ სტრუქტურებად. თორნიკე ჩივაძე ფიქრობს, რომ ამ სტრუქტურების ბუნებიდან გამომდინარეობს ის, რომ ისინი სწორხაზოვან განვითარებას უჭერენ მხარს და რადიკალური ცვლილებებისგან თავს იკავებენ.

გამოკითხული სტუდენტების ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივიზმი საერთოდაც არ არის სტუდენტის საქმე:

“პოლიტიკის მხრივ, ჩემთვის სასურველი იქნებოდა, რომ [სტუდენტები] არ იყვნენ დიდად აქტიურები...ზედმეტი არ არის საჭირო”.

“ახალგაზრდები მაინც არ ვართ ჯერ ჩამოყალიბებულები”.

ალექსანდრა აროშვილი, ასევე „ლაბორატორია 1918“-ის ყოფილი წევრი, ამბობს, რომ მისთვის განათლება და აქტივიზმი ერთმანეთთან არის დაკავშირებული:

“საერთოდ განათლების პროცესი დაკავშირებულია მოქმედებასთან. ცოდნა თუ არ გარდაიქმნა ქმედებად, ამ ცოდნას მერე არაფერი მოსდევს... განათლების პროცესი ჩემთვის არის ცნობიერების გახსნის პროცესი და იმ რეალობის აღქმის პროცესი, რომელშიც შენ ცხოვრობ. თუ ვერ აღვიქვამთ იმას, რომ ჩვენი რეალობა არის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მექანიზმებისგან შემდგარი, და თუ ვერ აღვიქვამთ რა განაპირობებს იმ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ, მაშინ განათლება დაყვანილი იქნება მექანიკურ, გამოყენებით პროცესამდე”.

აქტივიზმი ერთი საქმეა და მეორე - როგორი უნდა იყოს ეს აქტივიზმი? იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ სტუდენტებმა ვიწროპარტიული ინტერესებისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ:

იაგო კაჭკაჭიშვილი
იაგო კაჭკაჭიშვილი

“სტუდენტები ის ძალაა, რომელმაც დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად უნდა იბრძოლოს... მათ რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ უნდა დაუჭირონ მხარი, არამედ იმ იდეებს, პოზიციებს, მიდგომებს, თუნდაც იდეოლოგიებს, ღირებულებებს და სტანდარტებს, რაც დემოკრატიის განვითარებას წაადგება”.

ალექსანდრა აროშვილი კი ამბობს, რომ უკეთესი იქნება, თუ ის ადამიანები რომლებსაც აქტივიზმის გარკვეული გამოცდილება აქვთ, საგანმანათლებლო აქტივობაში ჩაერთვებიან:

“აქტივიზმიც ასე წარმომიდგენია: იქნება ბევრი ლექცია, სტუდენტებთან შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტში, გამოცდილების გაზიარება... ახლა უცბად რომც გამოხვიდე ქუჩაში და რაღაც გააპროტესტო, ეს პროტესტი მასშტაბური ვერ გახდება, იმიტომ რომ აღარ არის ის სიტუაცია, როდესაც ბევრი სტუდენტი წამოგყვება. ახლა, მგონი, უკეთესია, რომ საგანმანათლებლო აქტივიზმით დავკავდეთ”.

თორნიკე ჩივაძისა და ალექსანდრა აროშვილის თქმით, თსუ-ს სტუდენტები აპირებენ ახლო მომავალში ახალი სტუდენტური ორგანიზაცია ჩამოაყალიბონ. ეს ორგანიზაცია უშუალოდ განათლების საკითხებზე იმუშავებს და, ამასთან, რეგულარული კონტაქტი ექნება საქართველოს რეგიონებში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებთან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG