Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის თანაშემწე სურკოვი სოხუმს: ჩვენ შორის არ უნდა იყოს საზღვარი


მავთულხლართები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვარზე
მავთულხლართები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვარზე

31-ე რაუნდისთვის მზადების ფარგლებში, ცხინვალს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები – ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები - სტუმრობდნენ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ შეშფოთება გამოხატა ნატოს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში ამოქმედების პერსპექტივის გამო და თანათავმჯდომარეებს ძალის არგამოყენების დოკუმენტზე აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა. პარალელურად, მოსკოვმა დაპირებებით აავსო სოხუმი და კიდევ ერთხელ გააჟღერა ანექსიის იდეის შემცველი მესიჯი.

ძალის არგამოყენების იურიდიულად დამავალდებულებელი შეთახმების გაფორმებას ცხინვალი, სოხუმის მსგავსად, უკვე წლებია ამაოდ ითხოვს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში და სხვადასხვა დროს სხვადასხვა არგუმენტის მოშველიებას ცდილობს. სწორედ ეს საკითხი წამოსწია წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა ორშაბათს ცხინვალში, მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების მასპინძლობისას. ამჯერად წინა პლანზე დგას ნატოსთან დაკავშირებული ასპექტი:

„ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის განცხადებები, რომლებიც ბოლო დროს ისმის საქართველოს ხელისუფლებისა და ნატოს ხელმძღვანელობისგან. მხედველობაში მაქვს ბოლო ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნის მომზადებისაკენ. ეს შეშფოთების გამომწვევი და, ვიტყოდი, პროვოკაციული ფაქტორია. ამ გარემოებამ ყველას უნდა მოგვიწოდოს იმისაკენ, რომ მუშაობა გავააქტიუროთ როგორც ჟენევის, ისე ყველა სხვა შესაძლო ფორმატით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მთელი რეგიონის მცხოვრებთა უსაფრთხოება“.

ნატო-საქართველოს დაახლოების შიშთან დაკავშირებულმა ასპექტმა ცხინვალისა და სოხუმის რიტორიკაში წინა პლანზე მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც ამის შესახებ მინიშნებებისა და მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთება დაიწყო მოსკოვმა. ერთი ასეთი განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე ჟენევის მოლაპარაკებათა 10 დეკემბერს გამართული 30-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნდა და მასში ნათქვამი იყო, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას“ მოითხოვს ნატოსკენ საქართველოს „თავშეუკავებელი“ სწრაფვის კვალდაკვალ განვითარებული მოვლენები.

ყველასთვის, ვინც ჟენევის რაუნდების მსვლელობას ადევნებდა თვალყურს, ცხადია, რომ ძალის არგამოყენების შეთანხმების საკითხი ერთ-ერთ ყველაზე მთავარ სადავო თემად რჩება საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში. გავიხსენოთ, რომ, მოსკოვის ხელდასხმით, ცხინვალი და სოხუმი ძალის არგამოყენების შეთანხმების გაფორმებას მხოლოდ საქართველოსთან მოითხოვენ და ამ მიზნის წინაპირობად განიხილავენ მონაწილეთა ერთობლივ განცხადებას, რომელზე მუშაობაც ჟენევაში, ბოლო რამდენიმე რაუნდია, მიმდინარეობს.

არ ვმალავ, რომ ძალიან რთულია რაიმე დასკვნის გაკეთება ან შედეგის მიღწევა ჟენვის მოლაპარაკებების დროს. რაუნდების დროს, რომლებიც უკვე ოცდაათჯერ გაიმართა, არ იკლებს დაძაბულობა და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხები გადაუწყვეტელი რჩება...
ჰერბერტ ზალბერი

ერთობლივ განცხადებაზე მუშაობის პროცესში ჩართულია საქართველოც, თუმცათბილისი ამ დოკუმენტს არავითარ შემთხვევაში არ განიხილავს იმ მთავარი და უცვლელი მოთხოვნის ალტერნატივად, რომ რუსეთმა აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება, ისევე როგორც ეს მანამდე არაერთხელ გააკეთა საქართველომ.

ჟენევის მოლაპარაკებათა თავმჯდომარეები ყოველი მომდევნო რაუნდის შემდეგ გამოთქვამენ იმედს, რომ პროცესი თანდათანობით წაიწევს წინ, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. შეთანხმება და წინწაწევა რთულ ამოცანას რომ წარმოადგენს, ეს უკვე ნათელია სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის ახალი სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერისთვის, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებზე ასევე თანათავმჯდომარის პოსტს იკავებს.

„არ ვმალავ, რომ ძალიან რთულია რაიმე დასკვნის გაკეთება ან შედეგის მიღწევა ჟენვის მოლაპარაკებების დროს. რაუნდების დროს, რომლებიც უკვე ოცდაათჯერ გაიმართა, არ იკლებს დაძაბულობა და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხები გადაუწყვეტელი რჩება. თუმცა, ალბათ, არც უნდა ველოდოთ, რომ ეს საკითხები სწრაფად გადაწყდება. ჟენევის მოლაპარაკებები შესაძლებლობას გვაძლევს დავრწმუნდეთ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება სტაბილურია, ასევე საშუალება გვქონდეს შეხედულებები გავცვალოთ გარკვეული ინციდენტების გარკვევის მიზნით - გავიგოთ, რა იდგა მათ უკან და როგორ ავიცილოთ ისინი მომავალში“.

საბოლოო ჯამში, საზღვარი უნდა გაუქმდეს. ჩვენ შორის არ უნდა იყოს საზღვარი და ეს გათვალისწინებულია ჩვენი ახალი ხელშეკრულებით.
ვლადისლავ სურკოვი

ეს არის ფრაგმენტი ექსკლუზიური ინტერვიუდან, რომელიც სოხუმიდან თბილისში ახლად ჩამოსულმა ჰერბერტ ზალბერმა 5 თებერვალს მისცა რადიო თავისუფლებას. მან თქვა, რომ ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ ერთგული რჩება არაღიარების პოლიტიკისა, თუმცა ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში შეთავაზებულია დახმარება. შეთავაზება, რომელიც თებერვლის დასაწყისში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ მიიღო ევროკავშირისგან, მაგალითად, იმ ეკონომიკური პროექტების გაფართოებას ისახავს მიზნად, რომლებიც უკვე მუშაობს გალის რაიონში. წინასწარი ინფორმაციით, წინადადებები მისაღები იყო სოხუმისთვის, რაც, ბევრის აზრით, არცთუ სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა მოსკოვისთვის.

და აი, 16 თებერვალს სოხუმი მოსკოვიდან ჩატანილი დაპირებებით აავსო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა: "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებულ მილიარდობით რუბლსა და კეთილდღეობაზე ლაპარაკის გარდა, მან, ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას, ანექსიის განზრახვის შემცველი ერთი აქცენტიც დასვა:

„საბოლოო ჯამში, საზღვარი უნდა გაუქმდეს. ჩვენ შორის არ უნდა იყოს საზღვარი და ეს გათვალისწინებულია ჩვენი ახალი ხელშეკრულებით“.

თბილისისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მრავალგზის დაგმობილი "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულებისთვის, სოხუმისგან განსხვავებით, მოსკოვთან ხელი ჯერ არ მოუწერია ცხინვალს. მოსკოვისა და ცხინვალის წინასწარი ინფორმაციით, ხელმოწერა თითქოს თებერვალში იგეგმებოდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG