Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის საშიში სირიის მასობრივი განადგურების იარაღი


სირია მასობრივი განადგურების იარაღის მქონე პირველი ქვეყანაა, რომელშიც სამოქალაქო ომი მძვინვარებს. აშშ და ბრიტანეთი მოუწოდებენ დამასკს არ გამოიყენოს ქიმიური იარაღი.

იარაღის ექსპერტები აცხადებენ, რომ სირია ქიმიური იარაღის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არსენალის მფლობელი ქვეყანაა. დამასკმა, საბჭოთა კავშირის დახმარებით, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში აამოქმედა მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამა, რომლის თანახმადაც, შეიქმნა ათასობით ტონა იპრიტისა და ზარინის მარაგები - ნივთიერებებისა, რომელთაგან ერთს კანის დაწყლულების ეფექტი აქვს, მეორე კი ნერვული სისტემის პარალიზებას ახდენს. სირიას, სავარაუდოდ, უნდა ჰქონდეს ასევე „ვი“ გაზად ცნობილი, მოწინააღმდეგის საბრძოლო ძალების გასანადგურებლად შემუშავებული ნივთიერება, რომელიც, ზარინის მსგავსად, ნერვული სისტემის პარალიზებას იწვევს.

ეს ქიმიური ნივთიერებები საწყობებში ინახება, მაგრამ ძალიან იოლად შეიძლება მათი გამოყენება საარტილერიო ჭურვების, საავიაციო ბომბებისა და სკადის ტიპის რაკეტების ქობინებში.

რაც შეეხება ბიოლოგიურ იარაღს, როგორც ლეონარდ სპექტორი, მონტერეის ინსტიტუტის იარაღის გაუვრცელებლობის შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელი, ფიქრობს, ჯერჯერობით არაფრით დასტურდება, რომ სირიის ხელისუფლება ფლობდეს მსგავს მასობრივი განადგურების იარაღს:

„ვიცით, რომ სირიის ხელისუფლება ფლობს ქიმიურ იარაღს, - მათ შორის ზოგიერთი თანამედროვეა, - მაგრამ ბიოლოგიური იარაღის საკითხი ძალიან ბუნდოვანია. აშშ-ის ხელისუფლების უკანასკნელი განცხადების თანახმად, დამასკი აწარმოებს გამოკვლევებს ამ მიმართულებით, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ ვერ ქმნის რეალურ ბიოლოგიურ იარაღს, რომლის გადატანაც შესაძლებელი იქნებოდა ბომბებით ან სხვა საშუალებებით.“

სირიას ასევე არავითარი წარმატებისათვის არ მიუღწევია ბირთვული იარაღის შექმნაში მას შემდეგ, რაც 2007 წელს ისრაელმა დაბომბა საეჭვო რეაქტორი.

მაგრამ უდავოა, რომ სირია ფლობს მასობრივი განადგურების ქიმიურ იარაღს და მეორე საჭირბოროტო საკითხავი ისაა, შეიძლება თუ არა დამასკმა გამოიყენოს იგი ამბოხების ჩასახშობად, - მით უმეტეს, რომ ამგვარ ავბედით პრეცედენტს უკვე ჰქონდა ადგილი სირიის მეზობელ ერაყში, სადაც 1988 წელს სადამ ჰუსეინმა მრავალფუნქციური ქიმიური იარაღი და ნერვულ სისტემაზე მოქმედი გაზი გამოიყენა ქალაქ ჰალაბჯაში და დაახლოებით 5000 ადამიანი დახოცა, რათა ბოლო მოეღო ერაყელი ქურთების ამბოხისათვის.

ასადის რეჟიმმა განაცხადა, რომ მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს მხოლოდ საგარეო აგრესიის შემთხვევაში. მაგრამ, როგორც სტრატეგიული გამოკვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომელი დინა ესფანდიარი ამბობს, დამასკმა იცის, რომ საკუთარი ხალხის გაზით მოწამვლა წითელი ხაზია არა მხოლოდ პრეზიდენტ ბარაკ ობამასათვის, არამედ სირიის მთავრობის მოკავშირეებისთვისაც:

„ თვით სირიის მოკავშირეებმა, რუსეთის ჩათვლით, - მისმა ერთმა მუჭა მეგობრებმა, - მკაფიოდ განაცხადეს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება შეუწყნარებელი იქნება. ამგვარად, თუკი ასადი არაფრად აგდებს აშშ-ისა და ბრიტანეთის მუქარებს, აშკარაა, რომ, რაკი ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება, მისთვის რუსეთის მოწოდებას, სიფრთხილე გამოიჩინოს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება.“

მაგრამ კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხი ისაა, შესაძლებელია თუ არა სირიის ხელთ არსებული ქიმიური მასობრივი განადგურების იარაღი მოხვდეს ალ ყაიდისა და სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებების ხელში. ამის ალბათობა კი დიდია: სირიის რეჟიმის დამხობის შემთხვევაში, მასობრივი განადგურების იარაღი შესაძლოა ხელში ჩაუვარდეს ალ ყაიდას, რომლის მებრძოლები სირიის ოპოზიციის მხარეზე იბრძვიან, ანდა შესაძლოა საშიშ იარაღს დაეპატრონოს ლიბანის შიიტური ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰიზბოლა“, რომლის მებრძოლები მხარს ბაშარ ალ ასადის რეჟიმს უჭერენ. ამიტომაც განაცხადა გასულ თვეში ისრაელმა, რომ იგი სამხედრო ჩარევას მოახდენს სირიაში, თუკი დადასტურდება, რომ „ჰიზბოლასთვის“ მისაწვდომია სირიის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის არსენალი.
XS
SM
MD
LG