Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ჯარებმა დაბომბეს ადგილი, სადაც, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული


სირია
სირია
სირიის სამთავრობო ძალები განაგრძობენ დამასკის იმ უბნის დაბომბვას, სადაც, ოპოზიციური ძალების თქმით, ოთხშაბათს ქიმიური იარაღით თავდასხმა მოხდა.

ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაციის, „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, ხუთშაბათს განახლდა სარაკეტო იერიში დამასკის აღმოსავლეთით.

ქიმიური იარაღით თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი, ოპოზიციონერი აქტივისტების მონაცემებით, 136-დან 1300-მდე მერყეობს.

პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებას.

გაეროს უშიშროების საბჭო ქიმიური იარაღით თავდასხმაზე ცნობის დაუყოვნებლივ და მიუკერძოებელ შესწავლას მიემხრო, მაგრამ არ უთქვამს, ეს ამოცანა უნდა დაევალოს თუ არა გაეროს ექსპერტებს, რომლებიც ამჟამად სირიაში იმყოფებიან.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ხუთშაბათს უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გაეროს უშიშროების საბჭო გადამჭრელ ზომებს არ მიმართავს:

„წითელი ხაზი გადაიკვეთა, გაეროს უშიშროების საბჭომ კი გადაწყვეტილების მიღებაც კი ვერ შეძლო. ეს იმ ქვეყნების პასუხისმგებლობის საკითხია, რომლებიც ამ წითელი ხაზების დადგენაში მონაწილეობენ, ისევე როგორც ყოველი ჩვენგანის“.

ეს თუ დამტკიცდა, მაშინ საფრანგეთის პოზიციით ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს. რას ვგულისხმობ რეაგირებაში? იქ სამხედროების გაგზავნას არა...
ლორან ფაბიუსი
გავრცელებული ცნობებით, რუსეთმა და ჩინეთმა წინააღმდეგობა გაუწიეს გაეროს მხრიდან გამოძიების დაუყოვნებლივ ჩატარების იდეას. წარსულში ჩინეთმა და რუსეთმა არაერთხელ დაბლოკეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, რომლებიც სირიისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა. რუსეთი დიდი ხანია სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა და მას შეიარაღების მაღალტექნოლოგიური სისტემებით ამარაგებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა საფრანგეთის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მაშინ, როცა გაეროს მიერ მხარდაჭერილი სამოქმედო ზომები არ არსებობს, შესაძლოა დრო იყოს ცალკეულმა ქვეყნებმა იფიქრონ სამხედრო რეაგირებაზეო:

„ეს თუ დამტკიცდა, მაშინ საფრანგეთის პოზიციით ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს. რას ვგულისხმობ რეაგირებაში? იქ სამხედროების გაგზავნას არა. საერთაშორისო მასშტაბით დაგმობას, რასაკვირველია. და ასევე რეაგირებას, რომელმაც, შესაძლოა, - უფრო კონკრეტულად საუბარი არ მსურს, - ძალის ფორმა მიიღოს“.

ვიდეოკადრებსა და ფოტოებზე, რომლებიც ოპოზიციის მომხრეებმა გაავრცელეს და რომელთა გადამოწმება დამოუკიდებლად არ ხერხდება, ასახულია უამრავი დაღუპული ადამიანი, ბევრი ბავშვის ჩათვლით. გვამებს ჭრილობის ან სხვა სახის დაზიანების კვალი არ ატყვიათ.

კონკრეტულად რა სახის ტოქსიკური ნივთიერებები იქნა გამოყენებული, ამის შესახებ ინფორმაცია არ არის. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ საქმე, შესაძლოა, ნერვული გაზით - ზარინით - განხორციელებულ იერიშთან გვქონდეს.

სირიის რეჟიმის მოკავშირე რუსეთი ინციდენტის გარშემო კითხვებს სვამს და აცხადებს, რომ ეს, შესაძლოა, მეამბოხეების მიერ მოწყობილი
„პროვოკაცია“ იყო.

გაეროს ჯგუფს, რომელიც ამჟამად სირიაში იმყოფება, მინიჭებული აქვს ქიმიური იარაღით წარსულში მომხდარი თავდასხმების შესახებ ცნობების გამოძიების მანდატი. ჯგუფის ლიდერი აცხადებს, რომ ამ უახლესი ცნობების გამოსაძიებლად მას გაერომ ახალი ინსტრუქციები უნდა მისცეს.
სირიის კონფლიქტში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში .
XS
SM
MD
LG