Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტალიავინის კომისიის დასკვნა ქართულად


ჰაიდი ტალიავინი
ჰაიდი ტალიავინი
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის - ეგრეთ წოდებული ჰაიდი ტალიავინის კომისიის - დასკვნა პრაქტიკულად უკვე თარგმნილია და შესაბამისი რედაქტირების შემდეგ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. აგვისტოს ომის გარემოებების დამდგენი საერთაშორისო კომისიის დასკვნა, რომელიც 2009 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნდა, ინგლისურ და ფრანგულ ენებზეა. დასკვნა აქამდე ოფიციალურად ქართულად არ თარგმნილა.
მაშინ, როცა არსებობდა ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტი, არც საქართველოს და არც რუსეთის მთავრობამ არ მიიჩნია საჭიროდ ეთარგმნათ თავიდან ბოლომდე. მეც მჭირდება და ყველას სჭირდება ვიცოდეთ ზუსტად, რა წერია იმ ანგარიშში...
პაატა ზაქარეიშვილი

ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის დასკვნა 1100 გვერდის მოცულობის ნაშრომია. აქამდე ცალკეული მედიასაშუალებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესრულებული ამ ნაშრომის ნაწილობრივი თარგმანები არსებობდა. ამ თვალსაზრისით, დასკვნაზე, სრული სახით, დაინტერესებულ პირთა ფართო წრეს ხელი არ მიუწვდებოდა. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, მაგალითად, ამბობს, რომ მას თავადაც არ აქვს დოკუმენტი ბოლომდე წაკითხული. შესაბამისად, მისივე განმარტებით, ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნის ოფიციალურად სახელმწიფოს მიერ თარგმნის უმთავრესი მიზანი კვლევის ხელმისაწვდომობის გაზრდა და აგვისტოს ომის შესახებ საერთაშორისო მკვლევართა დასკვნის დეტალების გაცნობა იყო - მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების იმ მტკიცებულებების განეიტრალების მიმართულებით, რომლის თანახმადაც, აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო:

“ღმერთმა აცხონოს მისი სული, რასმუსის სული, მართლაც ძალიან კარგი სპეციალისტი იყო, ამერიკელი. მან წიგნი დაწერა ინგლისურად. მელანი არ იყო წიგნზე შემშრალი, მელანი, რომ მაშინვე თარგმნეს ქართულად. და მაშინ, როცა არსებობდა ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტი, არც საქართველოს და არც რუსეთის მთავრობამ არ მიიჩნია საჭიროდ ეთარგმნათ თავიდან ბოლომდე. მეც მჭირდება და ყველას სჭირდება ვიცოდეთ ზუსტად, რა წერია იმ ანგარიშში, რომელზეც სხვადასხვა პოლიტიკოსი აკეთებს არცთუ ისე კორექტულ, ვთქვათ ასე, პროპაგანდისტულ კომენტარებს“.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებათა დამდგენი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნით, ომის გაჩაღებაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც საქართველოს, ისე რუსეთს. თუმცა ამ დასკვნაში მოყვანილი ფაქტები, თავის მხრივ, საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის გამოიყენეს როგორც მოსკოვში, ისე თბილისში. როგორც საქართველოს მთავრობის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ეკა ტყეშელაშვილი ამბობს, დასკვნა, რომელიც იძლეოდა საშუალებას დაპირისპირებულ მხარეებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოეყენებინათ, ღია დოკუმენტი იყო, მასზე სჯა-ბაასი და დისკუსიები ინტენსიურად მიმდინარეობდა და მას საქართველოს ხელისუფლება, განსხვავებით მოქმედი ხელისუფლებისგან, პროპაგანდისტულ იარაღად არ იყენებდა. ეკა ტყეშელაშვილი ფიქრობს, რომ ახალი ხელისუფლების მიერ ტალიავინის კომისიის დასკვნის თარგმნა რევანშისტული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მთავრობას, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, ქვეყნის ინტერესების დაზიანებად დაუჯდეს. ეკა ტყეშელაშვილი ამბობს, რომ მცდელობაა ომის დაწყების ბრალეულობა მსხვერპლზე, ანუ საქართველოზე, იქნეს გადმოტანილი:

“ამ დოკუმენტის გამოყენებასაც ამ თვალსაზრისით ცდილობენ, თუმცა თუ ამ თვალსაზრისით უნდათ, რომ გარკვეული თარგმანის შედეგად შემდეგ ამ ანგარიშის გარკვეულ მონაკვეთებზე გააკეთონ აქცენტი ისე, რომ საქართველოს წინა ხელისუფლება დაადანაშაულონ რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაში, ამ დოკუმენტის საფუძველზე ამას შინაარსობრივად ვერ მოახერხებენ და აბსოლუტურად მზად იქნება ექსპერტთა საზოგადოება, რომლებიც კარგად იცნობენ ამ დოკუმენტსაც და იმ მოვლენებსაც, რომლებიც მაშინ განვითარდა საქართველოში, გაქარწყლებული იყოს ეს მოსაზრება“.

თორნიკე შარაშენიძე
თორნიკე შარაშენიძე
ექსპერტთა ერთი ნაწილი, მათ შორის, თორნიკე შარაშენიძე კი ფიქრობს, რომ დოკუმენტის თარგმნის საწინააღმდეგო არავის არაფერი შეიძლება ჰქონდეს:

“რაც უფრო საჯარო იქნება ყველაფერი, უკეთესია თავისთავად. გააჩნია, ოღონდ, ვინ როგორ წაიკითხავს. ზოგიერთი უკუღმა წაიკითხავს. და მაინცდამაინც ცუდს თუ დაინახავს, ეს მისი პრობლემაა, რა თქმა უნდა, მაგრამ გამგები გაიგებს ყოველთვის“.

ევროკავშირის ომის გარემოებების დამდგენი კომისია ევროკავშირის საბჭოს 2008 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოყალიბდა. კომისიის დასკვნა ომიდან ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნდა. დასკვნის თანახმად, ღია საომარი მოქმედებები ცხინვალის დაბომბვით დაიწყო, თუმცა შეუძლებელია მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს დაეკისროს. აღნიშნულია ისიც, რომ სამხედრო პროვოკაცია რუსეთის მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ომის დაწყებას წინ რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის ხანგრძლივი პერიოდი, ინციდენტები და პროვოკაციები უძღოდა. დასკვნის გამოქვეყნებამდე და შემდეგაც კომისიის წევრებმა არაერთხელ განმარტეს, რომ კომისიის მუშაობის მიზანი ომის დაწყებაში რომელიმე მხარის პირდაპირი დადანაშაულება არ იყო, თუმცა, საბოლოოდ, დისკუსიები ძირითადად ამ მიმართულებით წარიმართა.
XS
SM
MD
LG