Accessibility links

სუს-მა პარლამენტს 2017 წლის ანგარიში წარუდგინა


მავთულხლართები საოკუპაციო ხაზზე სოფელ ხურვალეთში

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშის განხილვას დეპუტატები მომავალი კვირიდან დაიწყებენ. ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობა წარმოადგენს. როგორ აისახა ეს საფრთხე ფაქტებში და რა გზით ცდილობს სახელმწიფო მის განეიტრალებას?

please wait

No media source currently available

0:00 0:06:20 0:00
Direct link
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიუთითებს ასევე ოკუპირებულ ტერტორიებზე რუსული სამხედრო კონტინგენტის მობილიზებისა და რეგიონების მზარდი მილიტარიზაციის პრობლემაზე.
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალ საფრთხეთა ჩამონათვალშია ასევე საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების შესაძლო გავრცელება
  • ანგარიშის თანახმად, არსებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან მიღებული ფინანსური დახმარების წილმა აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო ბიუჯეტში, დაახლოებით, 48 პროცენტი, ანუ 88 მილიონი ამერიკული დოლარი, შეადგინა, ხოლო ცხინვალის ბიუჯეტში, დაახლოებით, 90 პროცენტი, ანუ 121 მილიონი ამერიკული დოლარი.
    სოხუმი
    სოხუმი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მიმდინარე წლის 22 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მომხდარმა ფაქტმა, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქის დაკავება მოჰყვა“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისად, მზადაა გამოიყენოს თავის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა დადგინდეს სიმართლე და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მთლიანობაში კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტი აღირიცხა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიუთითებს ასევე ოკუპირებულ ტერტორიებზე რუსული სამხედრო კონტინგენტის მობილიზებისა და რეგიონების მზარდი მილიტარიზაციის პრობლემაზე, რაც შეფასებულია ისეთი დონის საფრთხედ, რომელიც აზიანებს არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას. ანგარიშის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალ საფრთხეთა ჩამონათვალშია ასევე საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების შესაძლო გავრცელება და სხვა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის შედეგებს დეტალურად განიხილავენ საკომიტეტო მოსმენებსა და პლენარულ სხდომაზე, მანამდე კი პირველ პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ანგარიშში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აქცენტების სწორად დასმაზე ამახვილებს ყურადღებას და ამ მხრივ განსაკუთრებით გამოყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის რეალობის შესაბამისად ასახვას:

“ოკუპირებული ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ბედ-იღბალი, ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენთვის აბსოლუტური პრიორიტეტია და ჩვენთვის განსაკუთრებული ტკივილის საგანს წარმოადგენს. როგორც მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, ჩვენ ჩვენს იურისდიქციას ვერ ვახორციელებთ იქ, ვერ ვავრცელებთ და, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მასიურ დარღვევებს აქვს ადგილი ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით“.

რაც შეეხება კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანებია ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება; საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის, იმიჯის შელახვა; საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა და ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა, ქვეყანაში დეზინტეგრაციის პროცესების განვითარებისა და ქართული საზოგადოების პოლარიზების მიზნით. თავიანთი მიზნების განსახორციელებლად კი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, ანგარიშის თანახმად, აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდულ ომს“ და ცდილობენ გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ იდენტიფიცირებულები არიან ის პირებიც, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის იდეის პროპაგანდას ეწევიან.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის, განმარტებით, ეს საჯარო ანგარიშის მხოლოდ ერთი ნაწილია, თავად დოკუმენტი კი საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთულია:

ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი

“ეს სახელმწიფო ინსტიტუტი არის საკმაოდ მოძლიერებული და ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება კომიტეტის სხდომას, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში გაიმართება და ჩვენ მოგვიწევს არა მარტო ღია ნაწილზე, არამედ დახურულ ნაწილზეც საუბარი, რამდენადაც შეიძლება ითქვას, რომ სუსის საქმიანობის 80 პროცენტი შეეხება ოპერატიულ-საიდუმლო საქმიანობას“.

ანგარიშიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების საჭიროებას, თავის მხრივ, სამი ძირითადი მიმართულებით ხედავს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე.

“პირველი ეს არის მცოცავი ოკუპაცია, ჩვენი მოქალაქეების გატაცება და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა. ამას უნდა დაუპირისპიროს ეფექტური ზომები უსაფრთხოების სამსახურმა. მეორე ეს გახლავთ, რა თქმა უნდა, ტერორიზმის საკითხი, ვინაიდან გახმაურებული სპეცოპერაცია და ჩატაევის რაზმის შემოსვლა, საზღვრის გადმოკვეთა, მათი ოპერირება საქართველოში, ეს ყველაფერი არის შესასწავლი და საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხები კითხვებზე: რამდენად არის მზად სუსი, რომ ამგვარ გამოწვევებს უპასუხოს. მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის კორუფცია“.

ახალგორი
ახალგორი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშის იმ ნაწილში კი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება, აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ნოყიერ ნიადაგს ქმნის უკანონო ფინანსური ოპერაციების განხორცელებისთვის და ანექსიური პოლიტიკის ჭრილშია განსახილველი ამ რეგიონების მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ცენტრალურ ბიუჯეტზე. ანგარიშის თანახმად, არსებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან მიღებული ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო ბიუჯეტში, დაახლოებით, 48 პროცენტი, ანუ 88 მილიონი ამერიკული დოლარი, შეადგინა, ხოლო ცხინვალის ბიუჯეტში, დაახლოებით, 90 პროცენტი, ანუ 121 მილიონი ამერიკული დოლარი.

ანგარიშშივე აღნიშნულია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახორციელებდა ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს და მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. რამდენად ეფექტიანია სამსახურის საქმიანობა საფრთხეთა პრევენციის მიმართულებით? - ამ შეკითხვით კი საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, ბათუ ქუთელიას, მივმართეთ. მისი აზრით, მთავარი შეკითხვა შეეხება საფრთხეების გასანეიტრალებლად სახელმწიფო პოლიტიკის საკითხს:

ბათუ ქუთელია
ბათუ ქუთელია

„საფრთხეებს აქვს კომპლექსური ხასიათი. შესაბამისად, მას სჭირდება ერთიანი სამთავრობო სტრატეგია და არა რომელიმე ერთი კონკრეტული უწყების მარტო ქმედება, რასაც სჭირდება, ბუნებრივია, კარგად გამართული ინსტიტუციური კოორდინაციის მექანიზმი, რაც, სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში მოშლილია. მეორე კომპონენტი, ამ საფრთხეების კომპლექსურობიდან გამომდინარე, არის რამდენად ეფექტურია დღეს არსებული რესურსები და აპირებს თუ არა სახელმწიფო, მთავრობა, გამოყოს დამატებითი ფინანსური თუ სხვა ტიპის რესურსები“.

ბათუ ქუთელიას შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭიროებათა ჩამონათვალში მომდევნო არის პოლიტიკური ზედამხედველობის - მათ შორის პარლამენტის ზედამხედველობის - მექანიზმების შემუშავება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG