Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა თავისუფლების სახელით


მეორე დღეა საზოგადოებისა და მედიის ყურადღება მიპყრობილია ორი არასამთავრობო ორგანიზაციის - „თავისუფალი თაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ - ფიზიკური დაპირისპირებისაკენ, რასაც ადგილი ჰქონდა 30 სექტემბერს ღამით, კოსტავას გამზირზე მდებარე „თავისუფალი ზონის“ ოფისში. დაპირისპირების შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო ორივე ორგანიზაციის რამდენიმე აქტივისტმა, მათ შორის „თავისუფალი ზონის“ დამფუძნებელმა კობა ხაბაზმა. მასობრივ ჩხუბს წინ უძღოდა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის ზაზა დავითაიას ცემის ფაქტი, რისთვისაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთი წევრი დააკავა.

დაპირისპირებაში, რომლის აღკვეთას პატრულის რამდენიმე ეკიპაჟის ხანგრძლივი ძალისხმევა დასჭირდა, ათეულობით ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მხარეები მომხდარს განსხვავებული ინტერპრეტაციით იხსენებენ. კობა ხაბაზი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა ორგანიზაციის ოფისისა და თანამშრომლების დარბევის მცდელობას:

„’თავისუფალ ზონაში’ შემოიჭრნენ ხელკეტებით შეიარაღებული მოძალადეები, შემოიჭრნენ გინებით და დაიწყეს ჩხუბი. მიუხედავად იმისა, რმო ჩვენ დაახლოებით 40 წუთით ადრე გავაფრთხილეთ შს სამინისტრო, დავრეკეთ „112“-ზე და ვუთხარით, რომ მოსალოდნელი იყო პროვოკაცია, მზადდებოდა შემოჭრა ოფისში, არავინ ჩვენთან არ მოსულა. მისცეს მათ საშუალება განეხორციელებინათ დარბევა. მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა პოლიცია, რაც დარბევა ვერ განხორციელდა და მომხდურებმა მიიღეს საკადრისი პასუხი“.

საღამოს 8 საათზე ჩვენი ბიჭები (სამი თუ ოთხი) ბრუნდებოდნენ ოფისში. მათ დახვდა ზაზა დავითაია, როგორც მერე მითხრეს, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბიჭებს... და საკადრისი პასუხიც მიიღო...
გელა ვასაძე

დაპირისპირების განსხვავებულ სურთავს ხატავს „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენელი ლადო სადღობელაშვილი, რომლის თქმითაც, ის და მისი თანამოაზრეები „თავისუფალი ზონის“ ოფისში მივიდნენ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემასთან დაკავშირებით შედგენილი პეტიციის გადასაცემად:

„ჩვენთან ერთად იყო ახალგაზრდა ჟურნალისტი ბექა ქავთარაძე, რომელსაც სცემეს, „გაიფინეს“ ისეთი ფორმებით, რომ მისი სახის ნახვისას შეწუხდებოდით. თვითონვე დალეწეს შუშები, გაისვარეს თავები საღებავებით, თითქოს ნაცემები იყვნენ. სინამდვილეში ნაცემები არ ყოფილან. მათ დადგეს სპექტაკლი და მოხდა ისეთივე დაპირისპირება, როგორიც 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს“.

„თავისუფალი თაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების დაპირისპირებას წინ უძღოდა გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავითაიას ცემის ფაქტზე დაკავებულია „თავისუფალი ზონის“ წევრი დავით ჭკადუა, გამოძიება კი მიმდინარეობს ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), თუმცა ზაზა დავითაიას კოლეგა ჯაბა ხუბუა მოითხოვს საქმე აღიძრას ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის მუხლით:

„’თავისუფალი ზონა’ არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ახალგაზრდული ორგანიზაცია. ის არის ზონდერბრიგადა, იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია დაკომპლექტებულია სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური პოლიციის ყოფილი წარმომადგენლებით და ასევე ყოფილი ზონდერებით და ძალადობის მოტივი არის ის, რომ მათთვის მიუღებელია ის საქმიანობა, რასაც აკეთებს ზაზა დავითაია და „ასავალ-დასავალი“ - ეს არის მხილება „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისა“.

ამ ბრალდების პასუხად, „თავისუფალი ზონის“ გამგეობის თავმჯდომარე გელა ვასაძე ამბობს, რომ ზაზა დავითაია თავად იყო კონფლიქტის ინსპირატორი.

„საღამოს 8 საათზე ჩვენი ბიჭები (სამი თუ ოთხი) ბრუნდებოდნენ ოფისში. მათ დახვდა ზაზა დავითაია, როგორც მერე მითხრეს, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბიჭებსა... და საკადრისი პასუხიც მიიღო“, უთხრა გელა ვასაძემ რადიო თავისუფლებას.

ეს აქტივობა არის კონტრზომა „თავისუფალი ზონის“ წინააღმდეგ. თავის მხრივ, „თავისუფალი ზონა“ შეიქმნა 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ მალავს ამას და მოქმედებს ღიად...
დავით მჭედლიძე

გელა ვასაძის თქმით, 30 სექტემბრის კონფლიქტს წინ უძღოდა „თავისუფალი თაობის“ ორკვირიანი მუქარა:

„დაახლოებით ორი კვირის წინ სპეციალურად შეიქმნა „თავისუფალი თაობა“, ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ სინამდვილეში დაჯგუფება, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, ჩვენი მიზანია „თავისუფალი ზონის“ ლიკვიდაციაო. ორი კვირის განმავლობაში გააკეთეს უამრავი პროვოკაციული განცხადება, მოითხოვეს ჩვენი თვითლიკვიდაცია, მოგვცეს ათი დღე. გააკრეს ქალაქში ჩვენი სურათები, წარწერით „მოღალატეები“. რატომ ვართ მოღალატეები, ვერ გავიგეთ, მაგრამ გამოვიყვანე ასეთი ფორმულა: ეტყობა, საბჭოთა კავშირს ვუღალატეთ. და, რაც მთავარია, ამ ათი დღის ვადა ამოიწურა სწორედ 30 სექტემბრის ღამით“.

გელა ვასაძე დარწმუნებულია, რომ „თავისუფალი თაობის“ უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან. მისი თქმით, ამ ეჭვს ამძაფრებს ის გარემოება, რომ, არაერთი გამოძახების მიუხედავად, პოლიცია დაგვიანებით მივიდა „თავისუფალი ზონის“ ოფისში. დაპირისპირებული არასამთავრობო ორგანიზაციების („თავისუფალი თაობისა“ და „თავისუფალი ზონის“) წარმომავლობისა და მიზნების შესახებ რადიო თავისუფლება ელაპარაკა დავით მჭედლიძეს, მთავარ რედაქტორს საიტისა media.ge, რომელიც აქვეყნებს სტატიებს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. დავით მჭედლიძის თქმით, აშკარაა, რომ „თავისუფალი თაობა“ შეიქმნა „თავისუფალი ზონის“ საპირწონედ და გასანეიტრალებლად

„ეს აქტივობა არის კონტრზომა „თავისუფალი ზონის“ წინააღმდეგ. თავის მხრივ, „თავისუფალი ზონა“ შეიქმნა 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ მალავს ამას და მოქმედებს ღიად. როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციის აქტიურობამ შეაწუხა ხელისუფლების ერთი ნაწილი და გადაწყვიტა შეექმნა ერთგვარი ჯგუფი. მნიშვნელოვანია ღირებულებების საკითხიც. „თავისუფალი თაობის“ წევრები შემჩნეული არიან ჰომოფობიაში, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ დისკრიმინაციულ მოქმედებებში“, უთხრა დავით მჭედლიძემ რადიო თავისუფლებას.

დავით მჭედლიძე დარწმუნებულია, რომ 30 სექტემბერს მომხდარი ძალადობის ორივე ფაქტი უკავშირდება პოლიტიკურ ბრძოლას და არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასთან.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG